ОДКБ სომხეთს კვლავ არ დაეხმარება

23-11-2022 21:54:24 კავკასია

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) ლიდერები დღეს ერევანში გამართულ უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე ორ დოკუმენტზე ვერ შეთანხმდნენ. ერთი დეკლარაციას ეხება, მეორე – სომხეთისთვის დახმარების გაწევას სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ვითარების კონტექსტში.

ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა სტანისლავ ზასმა დასკვნით ბრიფინგზე თქვა, რომ ზოგადად, დოკუმენტი მომზადებულია, თუმცა „კორექტირებას“ საჭიროებს.

მანამდე, თავად სხდომაზე, ვიდრე საუბარი ლიდერებს შორის დახურულ კარს მიღმა წარიმართებოდა, სომხეთის პრემიერ–მინისტრმა ორგანიზაცია გააკრიტიკა უუნარობის გამო. კერძოდ, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ „სამწუხაროა, რომ სომხეთის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრობამ ვერ შეაჩერა აზერბაიჯანი აგრესიული ქმედებებისგან. უფრო მეტიც, ჩვენ დღემდე ფაქტობრივად ვერ მივიღეთ გადაწყვეტილება ორგანიზაციის რეაქციაზე აზერბაიჯანის სომხეთის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე“.

მისივე თქმით, მსგავსი დამოკიდებულება აზიანებს ორგანიზაციას.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, ОДКБ–ს წევრი სომხეთი სულ მცირე, სამჯერ გახდა აზერბაიჯანის აგრესიის მსხვერპლი.

„იგივე შემიძლია, ვთქვა ჩვენს მოკავშირეებს (ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს) შორის არსებულ ესკალაციაზე“.

ამასთან, მან გაიხსენა ყაზახეთში მიმდინარე პროტესტისას ორგანიზაციის გადაწყვეტილება ყაზახეთის თხოვნის კვალდაკვალ:

„ამ შემთხვევაში ჩვენ საკითხი ღამით გადავწყვიტეთ, რამაც საშუალება მისცა ყაზახეთს, შიდა ქაოსი აერიდებინა. იმედი მაქვს, ჩვენ შევძლებთ ჩვენი მოკავშირეების მიდგომების ჰარმონიზაციას და მივაღწევთ კარგად კოორდინირებულ კოლექტიურ ურთიერთქმედებას აქტუალურ საკითხებზე“, - დასძინა ფაშინიანმა.

თავის მხრივ, პუტინმა თქვა, რომ ორგანიზაციის პრობლემებზე საუბარი კამერების გარეშე წარიმართება.

სომხეთ–აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლში ქვეყნებს შორის მომხდარი მასშტაბური შეტაკების შემდეგ, სომხეთში სულ უფრო ხშირად ჟღერს ОДКБ–ს დატოვების შესახებ მოწოდებები. ამ მოთხოვნით საპროტესტო აქცია ერევანში დღესაც გაიმართა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები