
სანდუ: "ვერ ვენდობით რეჟიმს, რომელიც სიბნელესა და სიცივეში გვტოვებს!"
23/11/2022 18:51:32 ევროპა
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი გამოიძახა მას შემდეგ, რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მასირებულმა სარაკეტო დარტყმამ ელექტროენერგიის კუთით პრობლემები შექმნა მოლდოვის მთელს ტერიტორიაზე: ენერგომომარაგების გარეშე დარჩა ქვეყნის დასახლებული პუნქტების მნიშვნელოვანი ნაწილი. მიზეზია ავარიული გათიშვა ენერგომომარაგების სისტემაში. მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში გაჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, არ მუშაობდა შუქნიშნები. უშუქოდ დარჩა ასევე დნესტრისპირეთი.
მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ფეისბუკზე გააკრიტიკა რუსეთის ხელისუფლება:
„ჩვენ ვერ ვენდობით რეჟიმს, რომელიც სიბნელესა და სიცივეში გვტოვებს! რეჟიმს, რომელიც გამიზნულად კლავს ადამიანებს უბრალოდ იმის გამო, რომ მას სურს, სხვა ხალხები სიღატაკესა და უღირს პირობებში ამყოფოს! რაც უფრო რთული უნდა იყოს ეს ახლა, ჩვენმა ერთადერთმა გზამ, მოლდოვის რესპუბლიკის გზამ, თავისუფალი მსოფლიოს მიმართულებით უნდა წაგვიყვანოს“.
მან პირობა დადო, რომ ყველა ტექნიკური პრობლემა გადაიჭრება და სახლებს კვლავ დაუბრუნდება შუქი.
მოლდოვაში ელექტროენერგია გაითიშა 15 ნოემბერსაც, როცა რუსეთმა მორიგი მასირებული იერიში განახორციელა უკრაინის ენერგეტიკული ობიექტების წინააღმდეგ, საიდანაც იღებს მოლდოვა ელექტროენერგიას.
კიშინიოვში უკანასკნელი კვირის განმავლობაში იმართება ოპოზიციის მასობრივი საპროტესტო აქციები, რომლის უკანაც პროევროპული ხელისუფლება კრემლს ხედავს.