
რუსული ბანკები ვალუტის რეკორდულ გადინებას შეეჩეხნენ
24/11/2022 01:11:04 ეკონომიკა
დასავლური სანქციების გაფართოების საფრთხისა და მასობრივი ემიგრაციის ტალღის ფონზე რუსეთის საბანკო სისტემა კლიენტების ანგარიშებიდან ვალუტის უძლიერეს გადინებას განიცდის. ცენტრალური ბანკის მონაცემებით, ოქტომბრის შედეგებით, ფიზიკურმა პირებმა და კორპორატიულმა კლიენტებმა ბანკებიდან ჯამში 14,7 მლრდ დოლარი გაზიდეს, რაც რეკორდული მაჩვენებელია რეგულატორის ხელმისაწვდომი სტატისტიკის მთელი ისტორიის განმავლობაში.
თვის განმავლობაში იურიდიულ პირთა ანგარიშებიდან 11,1 მლრდ დოლარი გაედინა. სექტემბრის სამხედრო მობილიზაციით გამოწვეული პანიკის ფონზე ფიზიკურმა პირებმა კიდევ 3,7 მლრდ გაზიდეს და მოსახლეობის სავალურო დეპოზიტები ერთბაშად 7 მლრდ დოლარით შემცირდა.
წლის დასაწყისიდან ვალუტის ის მოცულობა, რომელსაც ფიზიკური პირები რუსულ ბანკებში ინახავდნენ, თითქმის 40%-ით, 35,6 მლრდ დოლარით შემცირდა, - იუწყება ცენტრალური ბანკი. უკრაინასთან ომამდე ეს მაჩვენებელი 92,8 მლრდ დოლარს შეადგენდა, ახლა კი 60 მლრდ-ზე ნაკლებ ნიშნულამდეა შემცირებული, რაც მინიმალური მაჩვენებელია, დაწყებული 2010 წლიდან. მთავარი მიზეზი სავალუტო დეპოზიტების უცხოურ ბანკებში გადასვლაა, - აღნიშნავენ რუსი სპეციალისტები.
რუსეთიდან გაქცეულ მოქალაქეებს თან დანაზოგიც გააქვთ: იანვარ-სექტემბრის პერიოდში ამ მიზეზით ქვეყნიდან 34,1 მლრდ დოლარი გაედინა, რის შედეგადაც ოქტომბრის დასაწყისისთვის, ისტორიაში პირველად, რუსეთის მოქალაქეებს უცხოურ ბანკებში მეტი ფული (63,1 მლრდ დოლარი) გააჩნდათ, ვიდრე სამშობლოში.
როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფაქტობრივად, ხდება რელოკაციის ფორმის დევალუტიზაცია და მას ბიზნესიც უერთდება: მიუხედავად იმისა, რომ რუსული ეკონომიკა ვალუტის სიჭარბეს გენერირებს, სავაჭრო ბალანსის პროფიციტმა კი იანვარ-ოქტომბრის პერიოდში რეკორდულ 215 ლრდ დოლარს მიაღწია, წლის დასაწყისიდან ბანკებში კორპორაციების სავალუტო ანგარიშები 28 მლრდ დოლარით შემცირდა. ამ თანხის 40% კორპორატიულმა კლიენტებმა ოქტომბერში გაიტანეს, რაც ნაწილობრივ ახალი სანქციების შიშს უკავშირდება.
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია "შავ სიაში" ეროვნული კლირინგ-ცენტრის - მოსკოვის ბირჟის საკვანძო სტრუქტურის შეყვანის შესაძლებლობას განიხილავდა. ასეთ შემთხვევაში რუსეთში უცხოურ ვალუტაში ვაჭრობა შეწყდებოდა. და მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა ეს სანქცია სამომალოდ გადადო, ოქტომბერში ვალუტის გადინებამ ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ რუსულ ბაზარზე სავალუტო ლიკვიდურობის დეფიციტი წარმოიშვა.
"მართალია, ბაზრის ეს "შოკი" მოკლევადიანი აღმოჩნდა, თუმცა გამორიცხული არაა, სამომავლოდ ვალუტის დეფიციტი განმეორდეს, რადგან სანქციების რისკი არსად გამქრალა და ამასთანავე, ევროს ფორმით სავალუტო მოგების შემოდინება მდგრადად იკლებს: "Газпром"-ი ევროპას გაზის ომამდელი მოცულობების 1/10-ს აწვდის, 5 დეკემბრიდან კი ევროკავშირი რუსულ ნავთობზე ემბარგოს აწესებს, რასაც ნავთობპროდუქტების აკრძალვაც (5 თებერვლიდან) მოჰყვება" - განმარტავს ცენტრალური ბანკი.
.