სომხეთის სიურპრიზი პუტინს

24-11-2022 20:17:46 ანალიზი

სომხურ საზოგადოებაში ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორით – რუსეთით და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციით (ОДКБ), რომელმაც იდეაში, მათ შორის სომხეთის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს, იმედგაცრუება სულ უფრო იზრდება და ОДКБ–ს ერევანში გამართული სამიტის შედეგები (უფრო სწორად, უშედეგობა, ყოველ შემთხვევაში, სომხეთისთვის) მსგავსი განწყობის კიდევ მეტად გაღვივების მორიგი საფუძველი უნდა იყოს: მასპინძელი ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა არ მოაწერა ხელი სამიტის დეკლარაციას და სომხეთის დახმარების შესახებ დოკუმენტს, სავარაუდოდ, მიუღებელი ფორმულირებების გამო. და თუ სამიტის მონაწილეების (განსაკუთრებით, პუტინის და ლუკაშენკოს) რეაქციით ვიმსჯელებთ (ვერ დამალეს გაოგნება), მასპინძლის ჟესტი საკმაოდ მოულოდნელიც კი აღმოჩნდა ლიდერებისთვის.

ზოგადად, პროცესები 23 ნოემბერს ერევანში საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა: ასობით მოქალაქე კვლავ შეიკრიბა თავისუფლების მოედანზე მთავრობისადმი მოთხოვნით, დატოვოს ქვეყანამ ОДКБ (მსგავსი მოწოდება სულ უფრო ხშირად ჟღერს სომხეთ–აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონაში სექტემბერში მომხდარი მასშტაბური შეიარაღებული ინციდენტის შემდეგ, რასაც ერევანი სამხედრო აგრესიად აფასებს და რეაგირებას უშედეგოდ ითხოვს ОДКБ–სგან); დემონსტრანტებმა არასასურველი უწოდეს სომხეთში რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების ვიზიტს (რაც საკმაოდ უჩვეულო მოვლენაა, თუ კრემლის ლიდერის ერევანში ვიზიტის წინა შემთხვევებს გავითვალისწინებთ), „პუტინი მკვლელია!“– ჟღერდა ამგვარი შეფასებებიც; ხოლო ფაშინიანმა ОДКБ ფაქტობრივად, უუნარობის გამო გააკრიტიკა საჯაროდ, თქვა რა, რომ სომხეთის ОДКБ –ს წევრობამ ვერ შეაჩერა აზერბაიჯანი აგრესიული ქმედებებისგან, რომ ორგანიზაცია ვერ ჩამოყალიბდა რეაქციაზე და ასევე ახსენა ОДКБ –ს წევრებს – ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის არსებული მუდმივი დაძაბულობა, რომელიც ასევე ვერ გადაწყვიტა ორგანიზაციამ.

მან ОДКБ –სგან მოითხოვა სომხეთის წინააღმდეგ აზერბაიჯანის მოქმედებების პოლიტიკური შეფასება; იძულება აზერბაიჯანის, რომ ჯარები გაიყვანოს მის მიერ დაკავებული სომხური ტერიტორიებიდან, საპირისპირო მოქმედება კი „შეიძლება, ნიშნავდეს ОДКБ-ს უარს სამოკავშირეო ვალდებულებების შესრულებაზე“.

ინფორმაციისთვის: სომხეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ სექტემბერში სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული შეტაკებებისას აზერბაიჯანის სამხედროებმა სომხეთის სუვერენული ტერიტორიის ნაწილი დაიკავეს. ბაქო ამას უარყოფს და მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყნებს შორის საზღვრები არ არის დემარკირებული. საბოლოოდ, ფაშინიანმა ზემოთ ხსენებული ორი დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი თქვა.

ამასთან დაკავშირებით ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ სომხეთის მხარემ წარმოადგინა შესწორება დოკუმენტისა, რომელსაც ხელი უნდა მოეწეროს, მაგრამ „ჩვენ გადავწყვიტეთ, არ მივიღოთ ეს ორი პუნქტი, არ ჩავუღრმავდეთ მათ“. ხოლო ვლადიმირ პუტინი ვიზიტისას ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლა მშვიდობის, კომპრომისებისა და მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევის საჭიროების თაობაზე.

აღსანიშნავია, რომ სწორედ იმ დღეს, როდესაც ОДКБ-ს – საეჭვო პერსპექტივის მქონე ორგანიზაციის ლიდერები ერევანში შეიკრიბდნენ, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა.

„დემოკრატიულ სომხეთს შეუძლებელია, მოკავშირეები ჰყავდეს ტერორიზმის სპონსორ ქვეყნებს შორის, განსაკუთრებით, ახლა, როდესაც სამყაროში რეალურად მიმდინარეობს ბრძოლა დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის. ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით – საქართველო და სომხეთი გარშემორტყმულია სხვადასხვა სიხისტის, მაგრამ მაინც ავტორიტარული რეჟიმებით, ჩვენ თავს ვერ მივცემთ „ფუფუნების“ უფლებას, გვყავდეს იმგვარი მოკავშირე, რომელსაც თავზე ჰკიდია ბრალდება სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების“,– ამგვარად განმარტა ერევანში გამართული აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა რუბენ მეგაბრიანმა პროტესტის სულისკვეთება.

მისივე თქმით, ამჟამად საზოგადოებაში ანტირუსული განწყობები მასობრივ ხასიათს ატარებს. მას მაგალითად მოჰყავს ბოლო დღეებში გამართულ აქციებზე თავმოყრილი ადამიანების რაოდენობა და ხაზს უსვამს, რომ განსაკუთრებული საორგანიზაციო სამუშაოები არ გაწეულა – მხოლოდ შეკრების დრო და ადგილი დაანონსდა, მოქალაქეებმა კი ინდივიდუალურად მიიღეს გადაწყვეტილება.

„მოცემულობა ამგვარია, რომ რუსეთი და მისი მოკავშირეები ОДКБ-დან ფაქტობრივად, არ აღიარებენ სომხეთის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, საზღვრებს, ტერიტორიულ მთლიანობას, უფლებას, გადაწყვიტოს, ვისთან და რა მიზნით გააღრმაოს ურთიერთობა – ისინი თავად იტოვებენ უფლებას, სომხეთის ნაცვლად გადაწყვიტონ ეს საკითხები. ამას კი მარტივ დასკვნამდე მივყავართ: ასეთი „მეგობრების“ პირობებში მტრები რაღად გვჭირდება!“,– ხსნის ანტირუსული განწყობების გაღვივების მიზეზს მეგაბრიანი.

ამასთან, ის ქვეყნის ხელისუფლებას პრორუსულს არ უწოდებს. ამბობს, რომ „ჭიქა ნახევრადაა სავსე, ხოლო ჩვენი მიზანია, ის ბოლომდე აივსოს სწორი მიმართულებით“:

„დარჩა მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რადგან ОДКБ–ში დარჩენით ვხურავთ კარს ჩვენი შესაძლებლობებისთვის – სხვა პარტნიორებთან (რომლებთანაც ინტერესები და ფასეულობები გვაკავშირებს) ერთად გადავწყვიტოთ საკითხები“.

სომეხი პოლიტოლოგი სტეფან გრიგორიანიც ფიქრობს, რომ ОДКБ–დან გასვლა სომხეთს მისცემს შანსს, სამხედრო და დიპლომატიური დახმარება მიღოს აშშ-დან, საფრანგეთიდან და კანადიდან. თუმცა, ამბობს იმასაც, რომ მთავარი პრობლემა ქვეყნის უსაფრთხოების, თავდაცვისა და ენერგეტიკის ექსკლუზიურად რუსეთთან დაკავშირება და პოლიტიკური ძალებია, „რომელთა უმეტესობასაც ქვეყნის მომავალი რუსეთს მიღმა ვერ წარმოუდგენია“: „აღარ ვსაუბრობ სახელმწიფო სისტემაში და ქვეყნის პოლიტიკურ ველზე გავლენის აგენტებზე“. მიუხედავად ამისა, პოლიტოლოგი მაინც ფიქრობს, რომ სომხეთის მთავარი პარტნიორები უნდა გახდნენ აშშ, საფრანგეთი, კანადა, ევროკავშირი და იაპონია და არსებული თანამშრომლობა სტრატეგიულ დონეზე გადავიდეს:

„ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან სომხეთთან ინტენსიური თანამშრომლობის გენერატორები შეიძლება, იყვნენ, მაგალითად, გერმანია, ლიეტუვა, საბერძნეთი და ჰოლანდია. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ მნიშვნელოვანი პარტნიორი შეიძლება, ინდოეთი გახდეს. ბევრ საკითხში ჩვენი პოზიციები ახლოსაა ირანის პოზიციებთან (მაგალითად, ეს ეხება სომხეთ-ირანის საერთო საზღვრის ხელშეუხებლობას). რა თქმა უნდა, НАТО–სთან უფრო ინტენსიური თანამშრომლობა გვჭირდება, თუმცა აქ შესაძლოა, თურქეთმა დაბლოკოს პროცესი. სხვადასხვა წლებში ტარდებოდა ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის კვლევები და უნდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირისა და აშშ-ის მიმართ ინტერესი ხშირად 40-50%-ს აჭარბებდა. თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, ჩვენი მთავარი პრობლემა არის პოლიტიკური ელიტის ხარისხი და, რა თქმა უნდა, რუსეთზე ძლიერი დამოკიდებულება, თითქმის ყველა სფეროში“.

რა შანსი აქვს სომხეთს, გათავისუფლდეს არასაიმედო დამოკიდებულებისგან

მკვლევარი დავით ბრაგვაძე: ეს პროცესები უფრო სექტემბრიდან დაიწყო – რამდენი აქცია ჩატარდა ОДКБ–ს დატოვების მოთხოვნით. ამასთან, თუ მანამდე ვლადიმირ პუტინის ერევანში ჩასვლა ზეიმი იყო (დაახლოებით, იმ ტიპის მოვლენა, როგორიც თბილისში აშშ–ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ჩამოსვლა), ახლა ის აღარაა სასურველი სტუმარი, აღარ აღიქმება იმგვარად, რომ იმპერატორი თავისი იმპერიის პერიფერიას ეწვია. მაგალითად, ყარაბაღის ომის შემდეგ, როდესაც ვესაუბრებოდი ადგილობრივ ექსპერტებს და რიგით მოქალაქეებს, ჟღერდა მოსაზრებაც, „გაგვწირეს, ალიევს გაურიგდნენო“, თუმცა უფრო გაბატონებული იყო, „ОДКБ არ ფარავს ყარაბაღს, რა ექნა, ომი მაინც რუსეთმა გააჩერაო“, მაგრამ სექტემბრის მოვლენების შემთხვევაში, როდესაც უშუალოდ სომხეთის ტერიტორიაზე მოხდა საბრძოლო მოქმედებების გადმოსვლა და როგორც ქვეყნის ხელისუფლება, ისე საზოგადოება ამას სუვერენულ ტერიტორიაზე თავდასხმად აფასებს, ფორმალური არგუმენტი, „ОДКБ–ს ფორმატი ამას არ ითვალისწინებსო“, აღარ მუშაობს. შესაბამისად, ამან ანტირუსული განწყობები უფრო გაზარდა და მკაფიო გახადა, ვიდრე თუნდაც ყარაბაღის უფრო მასშტაბურმა ომმა. ამ კუთხით ეს პროტესტი ძალიან საინტერესო იყო სომხეთისთვის – ამ ჯერზე პუტინი ძალიან სასურველი სტუმრიდან ძალიან არასასურველად გადაიქცა, რომლის იმედიც არ აქვთ, რომელსაც აღარ „ემორჩილებიან“, რადგან მისი აღარ სჯერათ და შეიძლება ვთქვათ, რომ მის მიმართ სომხურ საზოგადოებაში განწყობა უკვე ანტაგონისტურია, პრინციპში – ხელისუფლებაშიც, რადგან, ფაშინიანის მოქმედება [ხელი არ მოაწერა დოკუმენტებს – რედ], აშკარად არ იყო მომზადებული და შეთანხმებული და პატარა სიურპრიზი გამოუვიდა, მათ შორის, პუტინისთვისაც. ამდენად, დამოკიდებულება ამ შემთხვევაში მკაფიოდ ჩანდა. სამწუხარო ამ ყველაფერში ისაა, რომ სომხეთი რომც გავიდეს ОДКБ–დან, ეს არსებითად არ ცვლის მის მდგომარეობას უსაფრთხოების გარანტიების კუთხით.

იხილეთ ასევე: ფაშინიანის დილემა

– ამ შემთხვევაში სომხეთისთვის გამოსავალი არ იქნება აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება და სამხედრო აგრესიის საფრთხის მოხსნა?

– ეს ცალსახად არის გამოსავალი, მაგრამ აქ პრობლემა ისაა, რომ არ ვიცით, რა პრინციპებს ეფუძნება ეს პოტენციური სამშვიდობო შეთანხმება, რომელზეც მიდის საუბარი. აზერბაიჯანს თავისი პრინციპები გაჟღერებული აქვს და არ ვიცით, აქედან რაზე თანხმდება სომხეთი. ბევრჯერ მითქვამს, რომ სომხეთისთვის ეს შეთანხმება გამოსავალია. მათ შორის, დერეფნის საკითხი [რომელიც აზერბაიჯანს ნახჭევანთან აკავშირებს. გაივლის სომხურ რეგიონზე– რედ.] არსებული სტატუს კვოს გათვალისწინებით, არ გადაწყდება იმგვარად, რომ მასზე კონტროლი სრულად სომხურ მხარეს ჰქონდეს. უნდა მოიფიქრონ იმგვარი პირობა, რომელიც ნაკლებად დამამცირებელი იქნება სომხეთის სუვერენიტეტისთვის და ასეთი შეიძლება, იყოს საერთაშორისო მანდატი. მაქვს განცდა, რომ აზერბაიჯანი ამის წინააღმდეგი არ იქნება.

– ალიევი გამოცდილი, პრაგმატული პოლიტიკოსია და ხედავს რეგიონისადმი გაზრდილ ინტერესს. საქართველოში ვიზიტის დროსაც გაამახვილა ყურადღება, მეზობლებს შორის მშვიდობის აუცილებლობაზე, რომ სხვა შემთხვევაში რეგიონი, როგორც სატრანზიტო დერეფანი,საიმედოობას კარგავს და ახსენა საქართველო–აზერბაიჯან–სომხეთის სამმხრივი ფორმატი. ეს იძლევა იმედს, რომ ერთმანეთისადმი ანტაგონისტურად განწყობილ ამ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა გახდება შესაძლებელი?

– ზოგადად, მსგავსი ფორმატის შექმნას ცალსახად მივესალმები. თუ ერთმანეთთან სხვების გარეშე საუბარი შეგვეძლება, ნორმალური და კარგი პროცესი იქნება. მაგრამ ეს რამდენად იქნება რამის გარანტია, რთული სათქმელია. წამოვა თუ არა ამ ინიციატივაზე სომხეთი, ჯერ უცნობია, ღიად არ უთქვამთ. მე მაინც მგონია, რომ შეხების წერტილების პოვნის კონტექსტში მნიშვნელოვანია ჩართულობა საერთაშორისო თანამეგობრობის, მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციების და დიდი დასავლური ქვეყნების: ევროკავშირის, საფრანგეთის, აშშ–ს – აქტორების, რომლებსაც მეტ–ნაკლები გავლენა აქვთ აზერბაიჯანზე (მათ აზერბაიჯანი სჭირდებათ, როგორც ენერგიის ალტერნატიული წყარო, ხოლო აზერბაიჯანს ისინი სჭირდება საკუთარი ეკონომიკური კეთილდღეობის გარანტიებისთვის). თუ ასეთი მოთამაშეები უფრო მეტნი და უფრო აქტიურები იქნებიან, ამ კუთხით შესაძლებლობები მეტად გაიზრდება. მეორეს მხრივ, ვითარება ძალიან რთულია: თუ გავითვალისწინებთ განცხადებებს, რომელიც ისმოდა, პრაღის სამიტიდან [მხარეებს შორის შეხვედრა შედგა – რედ.] ორი თვის თავზე, ალიევს და ფაშინიანს შეთანხმების დოკუმენტზე უკვე ხელი უნდა ჰქონოდათ მოწერილი, მაგრამ ჯერ პირობებიც არ ვიცით. როგორც უნდა მოესწროს, არ ვიცი, მაგრამ დაველოდოთ. ყველაზე კარგი აქ ისაა, რომ პროცესი ცოცხალია: სომხეთი, წინა წლებისგან განსხვავებით, სტატიკურ მდგომარეობაში არაა – პროცესი დინამიურია, ძალიან რთული და სომხეთისთვის სულ სხვა რეალობაში მიმდინარეობს, მაგრამ დღეს სომხური სახელმწიფო, სომხური დიპლომატია გაცილებით უფრო ცოცხალია, ვიდრე იყო 2020 წლამდე [ყარაბაღის ომის მეორე ეპიზოდამდე – რედ.] და გაცილებით უფრო საინტერესო და დინამიურ პროცესებში მონაწილეობს, ვიდრე მანამდე. ანუ ეს აღარ არის ჩაკეტილი, ჩიხში მყოფი სახელმწიფო, რომელსაც ყარაბაღს მიღმა არაფერი აინტერესებს. სამწუხარო ისაა, რომ მას ცუდმა პროცესებმა უბიძგა, ახალ შესაძლებლობებზე და ახალი გამოსავლების ძიებაზე ეფიქრა. თავად შედეგი მნიშვნელოვანი და პოზიტიური ამბავია ჩვენთვისაც, სომხეთისთვისაც და ზოგადად, რეგიონში სტაბილურობისთვის. მგონია, რომ ადრე თუ გვიან შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იქნება, მაგრამ შაბლონური მიდგომები არ გამოდგება.

იხილეთ ასევე: მოსკოვიდან პრაღამდე: სამხრეთ კავკასიის ორწლიანი გზა

– და კარგი ისაა, რომ მიუხედავად უკრაინის ომისა, რეგიონის მიმართ ყურადღება არსებობს და ცხადია, რომ ჩვენზე გამავალი დერეფნის კონტექსტში...

– ესეც უკრაინის დამსახურებაა. უფრო სწორად, გულწრფელები რომ ვიყოთ – პუტინის: უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო გაჩნდა საჭიროება [დასავლეთისთვის – რედ.] და ერთ–ერთი ყველაზე ახლო ალტერნატივაა აზერბაიჯანული რესურსებია (ნავთობი, გაზი). იქვეა შუა აზიის ქვეყნები – ცხადია, რუსეთთან ღია კონფრონტაციაში არ შედიან, თუმცა საინტერესო ჟესტები კეთდება შუა აზიელი დიქტატორებისგან, განსაკუთრებით, ყაზახეთის ლიდერისგან. მათაც აქვთ ენერგორესურსებზე წვდომა და ამ დერეფანში შესაძლოა, ყაზახური ნავთობი, თურქმენული გაზი იყოს, რაც ცხადია ეკონომიკური კეთილდღეობის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. ამდენად, პოზიტიური, დიდი პროცესია და მგონია, რომ ამაზე კაპიტალიზება მორალური თვალსაზრისითაც სწორია, განსხვავებით იმ მოჩვენებითი ორნიშნა ეკონომიკური ზრდისგან, რუსების მასობრივი მიგრაციით რომ არის გამოწვეული. ეს დიდი პროცესი ყველას გვჭირდება: ჩვენც (როგორც სატრანზიტო ქვეყანას), რესურსების მფლობელებს, მათაც, რომელთაც ეს რესურსები უნდა მოიხმარონ. და ეს, მათ შორის, სომხეთისთვისაც არის შანსი, რადგან ალიევი პრაგმატული პოლიტიკოსია და ამგვარ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებს იმის გამო, რომ პირობითად, ჯერმუკის, სიუნუკის [სომხეთის რეგიონები – რედ.] და ა.შ. ოკუპაცია მოახდინოს, რისიც სომხებს ძალიან ეშინიათ. მსგავს რამეს, მით უფრო ახლა, ალიევს არავინ შეარჩენს და ეს თავადაც ესმის.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები