
თურქეთი ბაქო–თბილისი–ყარსის პროექტში რუსეთის ჩართვაზე ალაპარაკდა
22/10/2019 19:13:07 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა
თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მეჰმეთ თურხანის განცხადებით, რუსეთის მონაწილეობა ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტში მომგებიანი იქნება. ამის შესახებ მან საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
„რუსეთის გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, თუ ისინი მიიღებენ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ტვირთების გადაზიდვის გადაწყვეტილებას, ეს იქნება მომგებიანი როგორც რუსეთისთვის, ისე რეგიონის ქვეყნებისთვის. მათ შეუძლიათ, ტვირთები მიაწოდონ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს. ვფიქრობ, ეს ხაზი მნიშვნელოვანი და მომგებიანია არა მხოლოდ რუსეთისთვის, ასევე ჩინეთისთვის, პაკისტანისთვის, ავღანეთისთვის, ტაჯიკეთისთვის, ყირგიზეთისთვის. ეს მათთვის შესაძლებლობაა ტვირთები დასავლეთში გაიტანონ“, – აღნიშნა თურხანმა.
მისი თქმით, ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალზე ტვირთბრუნვა ეტაპობრივად გაიზრდება.
„ეს პროექტი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას. ტვირთბრუნვა ამ მაგისტრალზე აუცილებლად გაიზრდება და ამისთვის შესაბამისი სამუშაოებიც ხორციელდება. მოკლე ვადაში ჩვენ ვფიქრობთ, რომ ტვირთების მოცულობა მიაღწევს წელიწადში სამ მილიონ ტონას, საბოლოოდ კი, 17 მილიონ ტონამდე ავა“, – განაცხადა თურხანმა.
საკითხმა ჯერ კიდევ გაზაფხულის ბოლოს გაიჟღერა. მაშინ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაემ განაცხადა, რომ საქართველოს ნებართვის გარეშე ბაქო–თბილისი–ყარსის პროექტში ცვლილებების განხორციელება როგორც პოლიტიკურად, ისე საერთაშორისო სამართლის მიხედვით და ფიზიკურადაც შეუძლებელია.
ამასთან, იმჟამინდელი პრემიერი ირწმუნებოდა, რომ პროექტში ცვლილებების განხორციელება არ იგეგმება.
იხილეთ ასევე: მეზობლები ცდილობენ, საქართველოს გზა დერეფნად უქციონ?
რუსეთს ბაქო–თბილისი–ყარსის პროექტში ჩართვა სურს: რას პასუხობს თბილისი