ჯიშკარიანი: "ვასკვნით, რომ დიდი ალბათობით, ინტოქსიკაციასთან გვაქვს საქმე და შესაძლებელია ადამიანის გარდაცვალება ნებისმიერ მომენტში"

25-11-2022 11:19:13 საზოგადოება

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის ინფორმაციით, საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზი მაღალი ალბათობით, ინტოქსიკაციაა.

მისი თქმით, 188–გვერდიანი სამედიცინო დასკვნა 3 000 გვერდი დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე მომზადდა. ამასთან, აშშ–დან მიღებულია თმის ღერის ექსპერტიზის პასუხები.

„გვქონა მსჯელობა და დიდი ალბათობით, ვიხრებით იმ მოსაზრებისკენ და ეს საექსპერტო დასკვნაში უკვე წერია, რომ ინტოქსიკაციასთან გვაქვს საქმე და შესაძლებელია ადამიანის გარდაცვალება ნებისმიერ მომენტში. [...]

ამერიკიდან მიღებულია თმის ექსპერტიზის დასკვნა და ყველა ამ დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე ვასკვნით, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზი, დიდი ალბათობით არის ინტოქსიკაცია და იგი უსაფრთხოების, მისი სიცოცხლის გადარჩენის მიზნით, დაუყონებლივ საჭიროებს გათავისუფლებას. [...]

თმის ღერში აღმოჩენილია ბისმუთი, ბარიუმი და ვერცხლის წყალი. ვერცხლის წყლის კონცენტრაცია ლიმიტირებულ ზღვარს გასცდენილია 42%–ით; ბისმუთის კონცენტრაცია – 100%–ით, ბარიუმის – დაახლოებით, 20%–ით. კიდევ სხვა რა აგენტები და ქიმიური შენაერთებია, ამას ახლა საქართველოში ვერავინ დაადგენს. მე ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდე ადმინისტრაციას. ახლა თამაშის დრო არ არის“,– განაცხადა ჯიშკარიანმა.

ის სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს სააკაშვილის შეწყალებისკენ:

„ახლა დრო არც სასამართლოების და არც სხვაგვარი მსჯელობებისთვის არ არის. გონს მოუხმოს ყველამ. მივმართავ, პირველ რიგში, საქართველოს პრეზიდენტს, აიღოს პასუხისმგებლობა და შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები