25-11-2022 13:47:25 პოლიტიკა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პატიმრობაში მყოფი ექს–პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალების საკითხთან დაკავშირებით ერთგვარ ულტიმარტუმს უყენებს.
მისი აზრით, ეჭვს აჩენს, „რას შეიძლება შეეცვალა პრეზიდენტის რიტორიკა“.
„ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის შეწყალების საკითხი სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ფარგლებში უნდა ჯდებოდეს - უნდა ჰქონდეს დანიშნულება სამართლებრივი სახელმწიფოს და კანონის უზენაესობის შესაბამისად. თუკი ასეთი ტიპის გადაწყვეტილების მიღება მოხდება, ერთი მხრივ, მოხდება კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა. მეორე მხრივ, ეს ნიშნავს ჩვენი ხალხის შეურაცხყოფას და აბუჩად აგდებას, რასაც არ გამოვრიცხავ, რომ შესაბამისი პროტესტი მოჰყვება. ამას შეიძლება საზოგადოებრივი მღელვარება მოჰყვეს. თუ ვინმე მზად არის, ერთი მხრივ, კანონის უზენაესობა გათელოს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს პრეზიდენტის ინსტიტუტი - როგორც კონსტიტუციური ინსტიტუტის არსი, ქართველ ხალხს შეურაცხყოფა მიაყენოს და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები აბუჩად აიგდოს, მაშინ ამას ძლიერი საზოგადოებრივი პროტესტი ექნება. არ მგონია, ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესში შედიოდეს და ვინმემ გაბედოს და ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს“, - უპასუხა ჟურნალისტების კითხვას ოხანაშვილმა.
გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხთან დაკავშირებით ყურადღებით არის: „ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის დაზიანების დონეზე დასკვნა უნდა იყოს წარდგენილი სასამართლოში და დიდი იმედი მაქვს, ამ შეთხვევაში სასამართლო იქნება მოწოდების სიმაღლეზე“.
იხილეთ ასევე: შესაძლებელია ადამიანის გარდაცვალება ნებისმიერ მომენტში – ჯიშკარიანი