
დავით ხიდაშელი ანაკლიის პორტით დაინტერესდა - "ფორმულა"
25/11/2022 19:18:00 პოლიტიკა, ეკონომიკა
ტელეკომპანია "ფორმულა" აცხადებს, რომ მოიპოვა ჩანაწერი, რომლიდანაც იკვეთება, რომ ბიზნესმენი დავით ხიდაშელი ანაკლიის პორტით დაინტერესდა.
"საუბარია არა შენთვის, არამედ როგორ განვაახლებ მე ანაკლიასაც კი. ამიტომაც თუ ანაკლიას "დავითრევ", მორჩა", - ეუბნება სავარაუდოდ ხიდაშელი თანამოსაუბრეს რუსულ ენაზე.
ფორმულას ცნობით, სავარაუდოდ, ხიდაშელი ასევე ამბობს, "იანვარში ვამზადებ დიდ... მე დავიქირავე გერმანელები, მე კი არ დავიქირავე, მე კი არა სიტუაციამ დაიქირავა გერმანელები - მოდი, ასე ვთქვათ, სიტუაციამ დაიქირავა დიდი გერმანელები და ისინი ამზადებენ პრეზენტაციას მთავრობისთვის, რათა მათ დეკემბერში აჩვენონ, ჩვენი მხრიდან როგორ მოგვარდეს იქ ყველაფერი".
ინფორმაციისთვის: ის, რომ ექსპერტები დაქირავებული არიან, 2 თვის წინ საჯაროდ განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმაც.
სავადაუდოდ, ხიდაშელი თანამოსაუბრეს უყვება, რომ საქართველოს მთავრობის წარმომანდგელებთან შეხვედრის ორგანიზება შეუძლია.
"შენზე დამოკიდებული არაა. გესმის, ხო? მზად ვარ ყველაფერი დავაორგანიზო, თუ ჩვენ ამ ადამიანებს ერთმანეთს არ გავაცნობთ და მათ თვითონ არ ექნებათ ურთიერთობა, მხოლოდ ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ", - ისმის საუბრის ფრაგმენტში. ეს გარემოება განსხვავდება ხიდაშელის მიერ დილით გავრცელებული განცხადებისგან, რომელშიც ბიზნესმენი წერს, რომ უსუსურმა მთავრობამ ის ვერ დაიცვა, ამიტომ განზე გადგომა და ქონების ნაწილის გაყიდვა გადაწყვიტა.
მანამდე, არასამთავრობო ორგანიზაციამ “საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო” გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც დავით ხიდაშელთან დადებული გარიგების შედეგად საქართველომ 2 მილიონი ლარის შემოსავალი დაკარგა.