"სააკაშვილს ვთავაზობთ, ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი, რომელსაც სახელმწიფო მისცემს შესაძლებლობას, ჩაერთოს მის მკურნალობაში"

29-11-2022 17:14:23 პოლიტიკა ,სამართალი

იუსტიციის სამინისტრო ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უცხოეთიდან ნებისმიერი ექიმის ჩამოყვანას და მკურნალობის პროცესში ჩართვას სთავაზობს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"გამომდინარე იმ მაღალი პასუხისმგებლობიდან, რომლითაც სახელმწიფო თითოეული ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეკიდება, ახლაც გამოვთქვამთ მზადყოფნას და მსჯავრდადებულ სააკაშვილის ვთავაზობთ, ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი, რომელსაც სახელმწიფო მისცემს შესაძლებლობას, რომ ჩაერთოს მის მკურნალობაში", - განაცხადა ბრეგაძემ.

რაც შეეხება ექს–პრეზიდენტის უცხოეთში გადაყვანას, ბერგაძე აღნიშნავს, რომ სამინისტროს ამის "სამართლებრივი ბერკეტი" არ აქვს.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ სააკაშვილმა უარი თქვა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს გადაემოწმებინა მისი შესაძლო მოწამვლის შესახებ ადვოკატების გავრცელებული ინფორმაცია:

"მსჯავრდებულ სააკაშვილს მიეწოდება მხოლოდ ის საკვები, რომელსაც აწვდიან მისი ნდობით აღჭურვილი პირები, რომლებზეც განაცხადა მან თანხმობა. შესაბამისად, როცა ვინმე ბედავს და საუბრობს ან საკვებზე ან მედიკამენტებზე, კეთილი ინებოს და შესაბამისი დასკვნები გააკეთოს".

მინისტრმა ასევე ისაუბრა მიზეზზე, რის გამოც მიხეილ სააკაშვილი არ გაიყვანეს "ვივა მედის" კლინიკიდან სასამართლო პროცესზე.

"მსგავსი პრაქტიკა, რომ მსჯავრდებული გადიოდეს სამკურნალო დაწესებულებიდან სასამართლოში, არ არის. როდესაც ადამიანი იმყოფება საავადმყოფოში, ის იმყოფება იმიტომ, რომ უნდა იმკურნალოს და შესაბამისად, სასამართლოში გასვლა არ არის რეკომენდებული. სასამართლოში გასვლა მხოლოდ მაშინ არის რეკომენდებული, როდესაც პირი იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში", - განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები, ოჯახის წევრები და ექსპერტები ამბობენ, რომ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები