კალაძე: "საახალწლო სლოგანში არ იყო ჩადებული არავითარი პოლიტიკური გზავნილი"

30-11-2022 11:58:40 პოლიტიკა

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, "თბილისელებისთვის მთავარი სიკეთე, რაც მათ 2022-მა წელმა მოუტანა და რასაც მომავალ წელსაც ისურვებდნენ, მშვიდობა იყო და სლოგანს „მშვიდობის ქალაქი“ პოლიტიკური საფუძველი არ აქვს". თუმცა მან იქვე აღნიშნა, რომ "თუკი საქართველოში ძალაუფლებას კონკრეტული ჯგუფი დაიბრუნებდა თბილისი არა მშვიდობის, არამედ ომის ქალაქი იქნებოდა".

„წელს ჩვენი საახალწლო სლოგანი იქნება „მშვიდობის ქალაქი“. მშვიდობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქალაქისთვის და იმ გამოწვევების ფონზე, რაც ხდება რეგიონში, რა ვითარებაცაა მსოფლიოში, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანი, პირველი, რასაც ინატრებს, ჩაიფიქრებს ეს არის მშვიდობა. მინდა საკმაოდ შემაშფოთებელ ტენდენციას გამოვეხმაურო. საკმარისია, ხელისუფლებამ, დედაქალაქის მთავრობამ ან გნებავთ, თუნდაც საზოგადოების მხრიდან საყოველთაო ფასეულობებზე დაფუძნებული იდეა, ინიციატივა გაჩნდეს, რომ მაშინვე მყისიერად იწყება ბულინგი, შეურაცხყოფის მიყენება, ცილისწამება, არ ვიცი რა დავარქვა ამ მდგომარეობას, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ეს არ არის ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა. გუშინ კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა და პოლიტიკოსებმა სცადეს ჩვენი საახალწლო სლოგანი - „მშვიდობის ქალაქი“ წარმოეჩინათ, როგორც ნიშნისმოგება ჩვენი უკრაინელების მიმართ, რაც არის უმძიმესი სპეკულაცია და პროვოკაცია, რომელსაც ჩვენი ქვეყნის და ქალაქის მიმართ სიყვარულით გამსჭვალული ადამიანი არასდროს იკადრებს და არასდროს გააკეთებს, თუმცა მე კარგად მესმის, რომ ამ ადამიანებს სამშობლოს მიმართ არც სიყვარული გააჩნიათ, არც პატივისცემა და არც ღირსება.

დიახ, მშვიდობა იყო არის და იქნება მთავარი ღირებულება, რაზეც ცივილიზებული სამყარო შეთანხმდა. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა და ის, რომ ჩვენი და ზოგადად მსოფლიოს ყველა ქალაქი უნდა იყოს მშვიდობის ქალაქი, ეს მავანთათვის თურმე კითხვებს აჩენს, თურმე ჩვენ როგორ გავბედეთ და როგორ ვახსენეთ მშვიდობა, რომლისკენაც ყველა ქვეყანა, მათ შორის, ჩვენი მეგობარი უკრაინა მიისწრაფვის. გმირი უკრაინელი ხალხი სწორედ თავისუფლებისა და მშვიდობისთვის იბრძვის. მე დღეს მართლაც მრცხვენია ამ თემაზე საუბარი და ახსნა-განმარტებების გაკეთება რომ მიწვეს. ძალიან სამწუხაროა. რა ვქნათ მეგობრებო, არ ჩავიფიქროთ მშვიდობა? არ გაუშვათ ეს ყველასათვის სანუკვარი სურვილი თბილისიდან მსოფლიოს ყველა ქალაქის, ყველა ქვეყნის მიმართულებით?

გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში საქართველოში პოლიტიკური პროცესები სხვაგვარად რომ წარმართულიყო და კონკრეტულ ჯგუფს ძალაუფლება დაებრუნებინა, თბილისი ნამდვილად იქნებოდა, არა მშვიდობის, არამედ ომის ქალაქი. ამ ადამიანებმა ვერ შეიკავეს თავი და კიდევ ერთხელ გამოავლინეს საკუთარი რეალური სურვილი. სინამდვილეში მათ არა მშვიდობის შესახებ სრულიად უწყინარი სლოგანი და წარწერა, არამედ უპირველეს ყოვლისა თავად მშვიდობა აღიზიანებთ. სლოგანზე თავდასხმა ამ ყველაფერზე გამოვლენა იყო და მეტი არაფერი“ ,- განაცხადა კალაძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები