ოსური "უშიშროება" დე ფაქტო საზღვარს "ცალმხრივად აწყობს"

30-11-2022 13:21:53 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამმართველოში განაცხადეს, რომ დანარჩენ საქართველოსთან დე ფაქტო საზღვრის "ცალმხრივად მოწყობას" ახორციელებენ.

"ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები სახელმწიფო საზღვრის იმ მონაკვეთების შემოსასაზღვრად, რომლებზეც ყველაზე ხშირად ფიქსირდება დამრღვევთა დაკავებისა და არასანქცირებული კვეთების შემთხვევები. აღნიშნულ ღონისძიებებს სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ორგანოები მკაცრად კომპეტენციის ფარგლებში, რესპუბლიკის კანონმდებლობის მკაცრი დაცვით ახორციელებენ და ისინი სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზეა მიმართული. მოვუწოდებთ რესპუბლიკის მაცხოვრებლებსა და სტუმრებს, გაგებით მოეკიდონ რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის ინტერესებში მიმდინარე ღონისძიებებსა და შესაბამის შეზღუდვებს", – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ხელისუფლება პერიოდულად ავრცელებს განცხადებებს მცოცავი ოკუპაციის ფარგლებში ე.წ. ბორდერიზაციისა და მოქალაქეთა უკანონო დაკავების ახალი შემთხვევების თაობაზე. საქართველო და მისი საერთაშორისო პარტნიორები ცხინვალის რეგიონს, ისევე, როგორც აფხაზეთს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევენ. მათი ე.წ.დამოუკიდებლობა 2008 წლის შემდეგ რუსეთის გარდა, მხოლოდ ნიკარაგუას, ვენესუელას, სირიასა და ნაურუს აქვთ აღიარებული.

მოსკოვში, ცხინვალსა და სოხუმში დიდი ხანია, საუბრობენ "სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის აუცილებლობაზე", თუმცა თბილისში პასუხობენ, რომ "რუსეთთან საზღვრის დელიმიტაცია ერთიანი საქართველოს საზღვრების ფარგლებში განხორციელდება".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები