ასპინძაში, ელექტრობოძზე სარემონტო სამუშაოებისას კაცს დენმა დაარტყა

02-12-2022 20:41:38 საზოგადოება

ასპიძაში სარემონტო სამუშაოებისას კაცს დენმა დაარტყა, - იუწყება "სამხრეთის კარიბჭე".

შემთხვევა ასპინძის ცენტრში მოხდა, როდესაც კომპანია "სერვის ნეტის" თანამშრომელი სამუშაოებს აწარმოებდა.

„ენერგო–პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ დაბის ცენტრში მაღალი ძაბვის ელექტროსადენებს "სერვის ნეტის" თანამშრომელი ბოძის გამოცვლის დროს შეეხო.

"ცვლიდნენ ბოძს, ძალიან ახლოს იყო ჩვენი მაღალი ძაბვის ხაზთან, ამან გამოიწვია ჩვენი ფიდერის გათიშვა. რაც შეეხება სხვა ინფორმაციას არ გვაქვს, დაუკავშირდით „სილექნეტს“. ჩვენ ველოდებით ექსპერტიზას“, - აცხადებენ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გამოცემასთან საუბრისას.

ასპინძის კლინიკის მორიგე ექიმის თქმით, 45 წლამდე კაცი კლინიკაში სხვადასხვა სახის დამწვრობით, მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. ამჟამად პაციენტი თბილისში, ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მომხდარი ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები