
ცხინვალი ვლადიკავკაზელი მოცეკვავეების თბილისში ვიზიტს აპროტესტებს
06/12/2022 14:29:23 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ხელისუფლება ჩრდილოეთოსურ სახელმწიფო ანსამბლ “ალანის” თბილისში ვიზიტს გმობს.
ანსამბლის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ოსური ცეკვის მასტერკლასში, რომელიც ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩატარდა.
თბილისში ვიზიტის შემდეგ ანსამბლის წარმომადგენლები ცხინვალში ჩავიდნენ და კონცერტი გამართეს, რომელსაც, მათ შორის, დე ფაქტო პარლამენტის წევრები, კულტურის დე ფაქტო მინისტრი და ცხინვალში რუსეთის ე.წ. ელჩიც ესწრებოდნენ.
თუმცა მოგვიანებით სოცქსელში უკმაყოფილების ტალღა აგორდა იმასთან დაკავშირებით, რომ ვლადიკავკაზელ მოცეკვავეებს ცხინვალში ჩასვლამდე მონაწილეობა ჰქონდათ მიღებული თბილისში გამართულ ღონისძიებაში, რომელიც ამასთანავე სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის მიერ იყო ორგანიზებული.
საქმე იქამდე მივიდა, რომ თემა დე ფაქტო პარლამენტის ეროვნული პოლიტიკის, კულტურის, რელიგიისა და მედიის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. როგორც მისმა თავმჯდომარემ ამირან დიაკონოვმა განაცხადა, “საუბარია კონტაქტებზე საქართველოში მოქმედ ორგანიზაციასთან, რომელიც სამხრეთ ოსეთში ტერორისტულადაა გამოცხადებული, ამიტომაც აუცილებელია, მომხდარს სამართლებრივი შეფასება მიეცეს”.
“თავის დროზე ამ ორგანიზაციის [სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის – რედ.] წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა, რომელიც სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობას, ტერორიზმსა და სხვა დანაშაულებს უკავშირდებოდა. ეს საქმე სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურატურაშია და ვფიქრობ, აუცილებელია, უწყების წარმომადგენლები მოვიწვიოთ. ვთვლი, რომ ამ ე.წ. “დროებითი ადმინისტრაციის” მიერ გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობა ჩვენი პროკურატურისა და უშიშროების ორგანოების ყურადღების ცენტრში უნდა იყოს”, – განახადა დიაკონოვმა.
დე ფაქტო კულტურის მინისტრმა რადა ძაგოევამ აღნიშნა, რომ ვლადიკავკაზელი მოცეკვავეების თბილისში ვიზიტი “ერთჯერადი აქცია არ ყოფილა, ჩრდილოეთოსური კოლექტივები ხშირი სტუმრები არიან საქართველოში და ქართული კოლექტივებიც ჩადიან ჩრდილოეთ ოსეთში”.
“პრობლემა გაცილებით ღრმაა, ვიდრე წარმოგვიდგენია. კავშირი ოსეთის ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის დარღვეულია, საინტეგრაციო პროცესები ჩამოყალიბებული არ გვაქვს. ჩვენი სტრუქტურები უნდა დაკავდნენ ამ ყველაფრით ჩვენს ჩრდილოელ კოლეგებთან ერთად. ამჟამად შეგვიძლია, პროტესტი გამოვხატოთ, მაგრამ სამომავლოდ არაფერი გაკეთდება”, – აღნიშნა მან.
რაც შეეხება ცხინვალში გამართულ კონცერტს, ძაგოევას განმარტებით, იგი დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი და ღონისძიების გაუქმება რამდენიმე არტისტის თბილისში ვიზიტის გამო მიზანშეწონილად არ ჩაითვალა, რადგან “იმ აქციის ორგანიზატორებს გათვლა სწორედ ამაზე ჰქონდათ”.
სიტყვით გამოვიდა დე ფაქტო დეპუტატი ალან ტადტაევიც, რომლის თქმით, “საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხრიდან უზარმაზარი თანხები გამოიყოფა, რათა რბილი ძალის მეშვეობით დაიბრუნოს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი”.
“ვფიქრობ, დასავლეთის აი ამ მხარდაჭერის გარეშე ვლადიკავკაზელი არტისტების თბილისში ვიზიტი არ შედგებოდა. დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანებმა მიიღეს გარკვეული სახსრები იმ მასტერკლასის ჩასატარებლად. გვმართებს, გაცილებით უფრო მკაცრად მოვეკიდოთ მსგავს გამოვლინებებს, რადგან ვიცით, რომ ზოგიერთებისთვის ფული ყველაფერს წყვეტს”, – განაცხადა დე ფაქტო დეპუტატმა.
დასასრულს ამირან დიაკონოვი გამოვიდა ინიციატივით, “ხსენებულ თემაზე ჩატარდეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან ერთობლივი სხდომა, რომელზეც პროკურატურისა და სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლებიც იქნებიან მიწვეული”.
- სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაცია ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით 2007 წელს ჩამოყალიბდა.
- დაარსების დღიდან მას თვითგამოცხადებული “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის” ყოფილი დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი და პრემიერი დიმიტრი სანაკოევი ხელმძღვანელობდა, რომელმაც გადადგომის შესახებ მიმდინარე წლის ოქტომბერში განაცხადა.
- სანაკოევის ადგილი თამაზ ბესტაევმა დაიკავა, რომელიც მანამდე დროებით ადმინისტრაციაში ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის სამსახურს ხელმძღვანელობდა.