
ოპერატიულიდან სტრატეგიულ სიღრმემდე: თვისობრივად ახალი ფაზა რუსეთ–უკრაინის ომში
06/12/2022 15:11:17 ანალიზი
უკრაინის მოსაზღვრე რუსული რეგიონების დაბომბვისა და რიგ სამხედრო ბაზებზე მომხდარი ინციდენტების შესახებ, პერიოდულად მოდის ცნობები, მაგრამ ის, რაც 5 დეკემბრის დილით რუსეთის სიღრმეში, სტრატეგიულ სამხედრო აეროდრომზე მოხდა, შესაძლოა, რუსეთ–უკრაინის ომის თვისობრივად ახალი ფაზაზე მიგვითითებდეს. ამ შემთხვევაში ყურადღება მახვილდება სარატოვში, „ენგელსი 2–ის“ ავიაბაზაზე განხორციელებულ თავდასხმაზე, სადაც რუსეთის სტრატეგიული ბომბდამშენებია ბაზირებული და რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებს 700–მდე კ.მ. აშორებს.
მართალია, კიევს ოფიციალურად არ დაუდასტურებია მისი როლი რუსეთის სიღრმეში მომხდარ ინციდენტზე, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ სწორედ ეს ბომბდამშენები უშვებენ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად ათობით ფრთოსან რაკეტას, ლოგიკურია, ლეგიტიმურ სტრატეგიულ სამიზნეთა სიაში იყვნენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ვერსიის მიხედვით, მათ უკრაინული დრონები ავიაბაზის თავზე გაანადგურეს და ჩამოვარდნილმა ფრაგმენტებმა „უმნიშვნელოდ დაზიანდა“ ორი ბომბდამშენის კორპუსი, თუმცა სხვა წყაროები მათი განადგურების შესახებ იუწყებიან. მაინც როგორ მიაღწიეს სტრატეგიულ ავიაბაზამდე დრონებმა, რის გამოც შფოთავენ რუსი სამხედრო ბლოგერებიც, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აღარაფერს ამბობს. სამხედრო ექსპერტები კი ამ ოპერაციის მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას.
„დარტყმები, როგორც ჩანს, უკრაინის ძალებმა განახორციელეს და ამით აჩვენეს, რომ შეუძლიათ შეტევა რუსეთის ზურგში და სავარაუდოდ, უკრაინის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის დარტყმების კამპანიის ჩაშლაც“,– ფიქრობენ "ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" (ISW) მკვლევრები
ამ ფაქტორზე კონცენტრირდა აშშ-ის ყოფილი საზღვაო ქვეითი, ლონდონის სამეფო კოლეჯის სამხედრო ექსპერტი რობ ლიც:
„თუ რუსეთის რადარმა და საჰაერო თავდაცვამ ვერ დაამარცხა საბჭოთა წარმოების Tu-141 „სტრიჟ“, რომელმაც ასობით მილის მანძილზე იფრინა თავისი მთავარი ბაზიდან სტრატეგიული ბომბდამშენებისთვის ომის პირობებში, ეს კარგს არაფერს აჩვენებს მათი შესაძლებლობების კუთხით, შეაჩერონ ფრთოსანი რაკეტებით მასიური შეტევა“.
ცხადია, ამ შემთხვევაში დაბეჯითებით ვერ ვისაუბრებთ, მისწვდა თუ არა „უკრაინული ხელი“ ოპერატიულ სიღრმეს, თუმცა როგორც „აქცენტთან“ სამხედრო მიმომხილველი გიგა ინაშვილი განმარტავს, უკრაინის შეიარაღებაში არსებობს საშუალებები, რომელთა გამოყენებითაც იყო შესაძლებელი მსგავსი ღონისძიების განხორციელება. ის ყურადღებას საბჭოთა წარმოების Tu-141 „სტრიჟ“–ზე ამახვილებს, რომლის გამოყენების ფაქტიც ომის მიმდინარეობის პერიოდში მანამდეც დაფიქსირდა. მაგალითად, მარტში იყო ხანმოკლე სკანდალი, რომ დრონმა უნგრეთს გადაუფრინა და ხორვატიის დედაქალაქში ჩამოვარდა. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
„საუბარია რეაქტიულ სადაზვერვო დრონებზე, რომლებიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში შეიქმნა და უკრაინის შეიარაღებაში გარკვეული რაოდენობა იყო შემორჩენილი. ვრცელდებოდა ცნობები, რომ ისინი კამიკაძე დრონებად გადაკეთდა (მსგავსი რამ პრაქტიკაში ყოფილა). ტექნიკურად, ეს სადაზვერვო დრონები საფრენოსნო მაჩვენებლებით და კონსტრუქციითაც, ძალიან ჰგვანან მაგალითად, ფრთოსან რაკეტას“,– ამბობს ინაშვილი და დასძენს, რომ Tu-141 რუსეთის სტრატეგიულ ავიაბაზამდე მანძილის დაფარვას რეალურად შეძლებდა და რამდენიმე ასეულ კილომეტრზე ფეთქებადი ნივთიერების გადატანის შესაძლებლობაც აქვს.
და თუ ამოვალთ იმ მოცემულობიდან, რომ მომხდარის უკან უკრაინის შეიარაღებული ძალები დგანან, ინაშვილის ხედვით, ამ დარტყმას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან საუბარია რუსეთისთვის მის ტერიტორიაზე არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან სამხედრო აეროდრომზე:
„აქ არის ბაზირებული ტუ–160 და ტუ–95–ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენები, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში სხვადასხვა ტიპის ფრთოსან რაკეტებს უშვებენ უკრაინის მიმართულებით, მათ შორის, X–101 და X– 555–ს. ეს ძალიან დიდი ინფრასტრუქტურაა: აქვს რამდენიმე აეროდრომი, აქ განთავსებულია საბრძოლო მასალების შემნახველი საწყობები, მათ შორის, აქ ინახება ბირთვული იარაღიც: X–102 და X – 55, X – 101–ს და X– 555–ს ბირთვული მოდიფიკაციებია. ზოგადად, ჰაერსაწინააღმდეგო ქოლგა ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი უნდა იყოს ამ აეროდრომის გარშემო; აქ განლაგებული უნდა იყოს (და არის კიდეც) ყველა დონის საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი და ყველანაირი სახეობის რადიოლოკაციური სადგურები, როგორც დაბალ, ისე საშუალო და მაღალ სიმაღლეებზე მოქმედი. თუმცა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში – 650–700 კ.მ.მდე მანძილი ისე იფრინეს ამ დრონებმა (თუკი მართაც ისინი გამოიყენეს), რომ შეიძლება, შეამჩნიეს, მაგრამ სახეზეა, რომ ვერ ჩამოაგდეს – მათ მიაღწიეს აეროდრომამდე, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია“.
ინაშვილი უკრაინის ეროვნული სამხედრო სამრეწველო კომპლექსის Ukroboronprom–ის ცნობასაც იხსენებს, რომ მოკლე დროში, ქვეყნის შეიარაღებული ძალები დაიწყებს 1000 კ.მ.–ზე მოქმედი (ამ მანძილზე უკვე სტრატეგიული სიღრმე იწყება) უკრაინული „კამიკაძე“ დრონების გამოყენებას:
„ეს დაახლოებით ირანული „შაჰედ 136“–ის კატეგორიის დრონი უნდა იყოს 75 კ.გ.–იანი საბრძოლო ნაწილით, რაც საკმაოდ მაღალი სიმძლავრის საბრძოლო მუხტად შეიძლება, ჩაითვალოს: როდესაც 75 კ.გ. საბრძოლო ნაწილის 1000 კ.მ. მანძილზე გადატანა შეგიძლია, ეს გაძლევს შესაძლებლობას, მთელ რიგ მაღალი ღირებულების მქონე ობიექტებს დაარტყა – არა მხოლოდ სტრატეგიული ბომბდამშენების ბაზირების ადგილებს, არამედ მაგალითად, დედაქალაქს, კრემლს, რუსეთის სიღრმეში განთავსებულ საბრძოლო მასალების უდიდეს საწყობს, საიდანაც მუდმივ რეჟიმში ხდება საბრძოლო მასალების მიწოდება უკრაინაში მოქმედი დაჯგუფებისთვის და ა.შ. ზოგადად, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის შორ მანძილზე მოქმედი საცეცხლე საშუალებები დიდი პრობლემა იყო. ამ შემთხვევაში იდეალური იქნებოდა სხვადასხვა ტიპის ფრთოსანი რაკეტები, თუმცა ისე მოხდა, რომ ომის დაწყებამდე უკრაინამ საკუთარი წარმოების ფრთოსანი რაკეტების დამზადება ვერ მოასწრო (პროექტები იყო), მაგრამ ამ რაკეტების შედარებით იაფფასიან შემცვლელად შეიძლება ამ 1000 კ.მ–ზე მოქმედი „კამიკაძე“ დრონების გამოყენება“.
სტრატეგიულ სიღრმეზე წვდომა, ინაშვილის განმარტებით, ნიშნავს საბრძოლო მოქმედებების რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გადაწევას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ფაქტორია და ომის სამართალს არანაირად არ ეწინააღმდეგება, მით უმეტეს, რომ ამ ტერიტორიიდან („ენგელსი 2“) ერთდროულად 10–15 ერთეული სტრატეგიული ბომბდამშენი ფრინდება და რამდენიმე ათეულ ფრთოსან რაკეტას უშვებენ უკრაინის ენერგოობიექტების მიმართულებით, რომლის უმძიმეს შედეგებსაც მსოფლიო ადევნებს თვალს:
„ამდენად, „ენგელსი 2–ის“ აეროდრომი და იქ ბაზირებული თვითმფრინავები ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, (სტრატეგიულიც კი), სამიზნეა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის. თუ ეს დარტყმა მართლაც უკრაინის მხრიდან განხორციელდა და დინამიკაში გაგრძელდა, შეიძლება გადაჭრით თქმა, რომ ომი ახალ ეტაპზე გადავიდა – უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეეძლება, რუსეთის სტრატეგიულ ობიექტებს მის სიღრმეში მიაყენოს დარტყმები და რეალურად, რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმების საფრთხე ნაწილობრივ მოიხსნება: სტრატეგიულმა ბომბდამშენმა საბრძოლო ამოცანა რომ შეასრულოს, თავისი ინფრასტრუქტურა და აეროდრომი სჭირდება. და თუ გაზრდილი საფრთხის პირობებში ის გადაისროლეს კიდევ რამდენიმე ათასი კილომეტრით სიღრმეში, ეს ამოცანის შესრულებას გაურთულებთ.
კიდევ არის რამდენიმე აეროდრომი, მათ შორის, ანექსირებულ ყირიმშიც, მოხდა რამდენჯერმე დარტყმა, მაგრამ ამ 1000 კ.მ–ზე მოქმედი დრონების გამოჩენა ნიშნავს, რომ ყირიმში მოქმედი სამიზნეებიც მუდმივი დარტყმის ქვეშ იქნებიან და ეს არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია. შავი ზღვის აკვატორიაში არსებული სხვადასხვა ტიპის ფრეგატები, სარაკეტო კატარღები, რომლებიც პერიოდულად უშვებენ ფრთოსან რაკეტებს, ასევე მოჰყვებიან დარტყმის ქვეშ, მიუხედავად სირთულისა“.
ამრიგად, ინაშვილის დასკვნით, რეალურად, ეს ის სამიზნეებია, რომელთა განადგურებაც #1 ამოცანაა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, რადგან რუსული არმია სახმელეთო კომპონენტში ვეღარ არის იმ კონდიციაში, რომ მას უკრაინის შეიარაღებული ძალები ვერ გაუმკლავდეს, მიუხედავად იმისა, რომ ბახმუტთან საკმაოდ სერიოზული ბრძოლებია.