
„რუსეთს თავდაცვის პოზიციის გადახედვა მოუწევს“: სიღრმეში დარტყმის შედეგები
08/12/2022 11:17:16 ევროპა
თუკი ამ კვირაში რუსეთის სამხედრო ბაზებზე დარტყმები უკრაინულმა უპილოტო თვითმფრინავებმა განახორციელეს, მაშინ ეს იმაზე მეტყველებს, რომ უკრაინას შეუძლია მტერზე თავდასხმა შორ მანძილზე და რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები გაცილებით სუსტია, ვიდრე აქამდე ეგონათ, ამბობენ დასავლელი სამხედრო ექსპერტები.
CNN-ის ეთერში თემის კომენტირებისას ყოფილმა ამერიკელმა გენერალმა, ევროპაში აშშ-ის ძალების ყოფილმა მეთაურმა ბენ ჰოჯსმა, თქვა, რომ უკრაინას, მისი სამეცნიერო და ტექნიკური პოტენციალის გათვალისწინებით, შეუძლია შექმნას დრონები, რომელთაც შეუძლიათ მსგავსი თავდასხმების განხორციელება.
ჰოჯესის თქმით, თავად ის ფაქტი, რომ ასეთი შორი მოქმედების იარაღი უკრაინის არმიის არსენალში გამოჩნდა, მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინელებს დასავლური საშუალო დისტანციის იარაღის გარეშეც კი შეუძლიათ ყირიმში განთავსებულ რუსულ ბაზებზე თავდასხმა და უახლოეს მომავალში ნახევარკუნძულის გათავისუფლება:
„თუ ახლა მათ შეუძლიათ, დაარტყან ყირიმის ირგვლივ სხვადასხვა ბაზებს, მაგალითად, სევასტოპოლის ავია და საზღვაო ბაზას, მაშინ ეს ჩემი აზრით, ნიშნავს იმას, რომ რუსეთის ძალებს არ შეუძლიათ ყირიმის შენარუნება. საბოლოო ჯამში, ცხადია, რომ უკრაინელები აპირებენ ყირიმის გათავისუფლებას ზაფხულის ბოლომდე“.
კიდევ ერთმა სამხედრო ექსპერტმა, აშშ-ის არმიის გადამდგარმა მაიორმა მაიკ ლაიონმა ასევე CNN-თან ყურადღება უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე კურსკში, ბაზაზე განხორციელებულ თავდასხმაზე გაამახვილა ყურადღება, რაც სარატოვოს და რიაზანის ბაზებზე მომხდარი ინციდენტების მეორე დღეს მოხდა.
მისი თქმით, თუ ამის უკან მართლაც უკრაინა დგას (კიევი ოფიციალურად არ ადასტურებს), მიუთითებს კიევის გზავნილზე, რომ მას აქვს საშუალებები მსგავსი თავდასხმისთვის.
მისი თქმით, შეტევები იყო ძალიან ზუსტი და „ძალიან რთულია 700 კმ მანძილზე მდებარე სამიზნისთვის დარტყმა“.
ლიონის შეფასებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალები გაცილებით სუსტი აღმოჩნდა, ვიდრე მანამდე სჯეროდათ აშშ-ის სამხედროებს ცივი ომის დროს:
„რუსული საჰაერო თავდაცვის პლატფორმებზე გავლა "ცივი ომის" დროს უბრალოდ გაუგონარი იყო. ჩვენთვის, ნატოსთვის ეს უბრალოდ შეუძლებელი იყო. ამასთან, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ის ფაქტი, რომ უკრაინას შეუძლია, აიღოს ეს დრონები, 1970-იანი წლების ტექნოლოგია, მოიშოროს კამერები, სხვა რამ და დაამატოს სხვა შესაძლებლობები, უკრაინას ძალიან დიდ უპირატესობას ანიჭებს“.
მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ რუსმა სამხედროებმა ახლა უნდა დაიცვან თავიანთი სამხედრო დანადგარები, კერძოდ, ფრონტიდან შორ მანძილზე – რუსეთის სიღრმეში მდებარე აეროდრომები.
როგორც კიდევ ერთი სამხედრო ექსპერტი, ავსტრალიის არმიის გადამდგარი გენერალ-მაიორი მიკ რაიანი ამბობს, „ამ დარტყმის შედეგად რუსეთს შესაძლოა, მოუწიოს, გადახედოს თავდაცვის პოზიციას“, ანუ აეროდრომები და ბომბდამშენები უკრაინის საზღვრებიდან ბევრად შორს გადაიტანოს:
”უკრაინასთან ბევრად უფრო ახლოს არის მრავალი აეროდრომი, სამეთაურო ცენტრი და ლოჯისტიკა, რომლებიც ახლა საფრთხის ქვეშ არიან”.
მისი ხედვით, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ უკრაინას კვლავ აქვს ინიციატივა ამ ომში და აპირებს, შენარჩუნებოს ყველა დონეზე, სადაც ეს ომი მიმდინარეობს.
იხილეთ ასევე: ოპერატიულიდან სტრატეგიულ სიღრმემდე: თვისობრივად ახალი ფაზა რუსეთ–უკრაინის ომში