
ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა
08/12/2022 14:38:03 სამართალი, საზოგადოება
ნინო ლომჯარიამ, რომელმაც ომბუდსმენად მუშაობა დღეს დაასრულა, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა.
როგორც მან განაცხადა, მოსაზრებაში მიმოხილულია მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას.
"მე, როგორც სახალხო დამცველმა გუშინ ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ ჩვენს სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე", – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
იგი იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლო გაითვალისწინებს ომბუდსმენის აპარატის მოსაზრებას. მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში სახალხო დამცველის წარმომადგენლები მზად არიან მივიდნენ სასამართლო პროცესზე და მიაწოდონ მოსამართლეს უფრო მეტი ინფორმაცია. ლომჯარიას განცხადებით, თავად მოსამართლესაც შეუძლია მივიდეს კლინიკაში და თავად ნახოს და შეაფასოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა.
ცნობისთვის: ნინო ლომჯარიამ დღეს სახალხო დამცველის თანამდებობაზე 5– წლიანი მუშაობა დაასრულა.