"საქართველოდან მომდინარე ტერორიზმის საფრთხე": აფხაზეთში დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს

09-12-2022 18:59:06 კონფლიქტები

ინტერნეტ-გამოცემა «Абхазский портал» ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლის დაკავების შესახებ იუწყება.

ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო სამხედრო პროკურორიც ადასტურებს. რუსლან თარბას თქმით, ამ ეტაპზე დაკავებულს არარეგისტრირებული იარაღის უკანონო შენახვას ედავებიან, თუმცა "საგამოძიებო უწყებები სხვა ვერსიებზეც მუშაობენ.

გამოცემა «Абхазский портал» ხსენებულ დაკავებას დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ორი დღის წინანდელ განცხადებას უკავშირებს "საქართველოს მხრიდან მომავალი შესაძლო ტერორისტული საფრთხის" შესახებ. დე ფაქტო უწყებამ მაშინ აფხაზეთის მოსახლეობას "სიმშვიდისა და სიფხიზლის შენარჩუნებისკენ" მოუწოდა და სთხოვა, "არ აჰყვეს შესაძლო პროვოკაციებს".

გასულ კვირას "ქართული ოცნების" სადეპუტატო კორპუსიდან "გამოყოფილი" ე.წ. "ხალხის ძალის" წევრმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა საპარლამენტო ოპოზიცია "საქართველოში დესტაბილიზაციის გამოსაწვევად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით მძიმე პროვოკაციის მზადებაში" დაადანაშაულა.

გუშინ ცნობილი გახდა გამნაღმველების მიერ სოხუმის რიგი სკოლების შემოწმების თაობაზე.

მანამდე აფხაზურ ტელეგრამ-არხებში უცნობი ქალის აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომლის თანახმად, "აფხაზეთის უშიშროების ორგანოებს მიღებული აქვთ ინფორმაცია ქართული მხარის მიერ მსხვილი ტერაქტის მზადების შესახებ".

ოფიციალური თბილისი დე ფაქტო უშიშროების განცხადებას ამ დრომდე არ გამოჰხმაურებია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები