Accentnews.ge
ანქვაბი: "თბილისში შემაშფოთებელს ჯერ ვერაფერს ვხედავთ"

ანქვაბი: "თბილისში შემაშფოთებელს ჯერ ვერაფერს ვხედავთ"

12/12/2022 07:08:15 კონფლიქტები

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება თბილისის მიმართ "სიფხიზლეს არ კარგავს, განსაკუთრებით - იმ მონაცემების ფონზე, რომ ემისრები, მათ შორის - პოლონეთიდან, რუსეთის წინააღმდეგ "მეორე ფრონტის" გახსნას ცდილობდნენ" - განუცხადა "РИА Новости"-ს აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა.

"სიფხიზლეს არასოდეს ვკარგავთ, არც ერთ სიტუაციაში, მით უფრო - დღეს, როცა ბევრია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ემისრები ევროპის ქვეყნებიდან ჩამოდიოდნენ და ცდილობდნენ მეორე ფრონტის გახსნის ინსპირაციას. მადლობა ღმერთს, ჯერ-ჯერობით ეს არ ხდება", – განაცხადა აფხაზმა პოლიტიკოსმა იმ კითხვის საპასუხოდ, "შეინიშნება თუ არა რაიმე წინაპირობები თბილისთან ურთიერთობების ესკალაციისთვის".

ანქვაბის თქით, რეგიონში ვითარება "ყოველთვის დაძაბულია", თუმცა მას სწამს, რომ "არის გონიერი ადამიანების საკმარისი რაოდენობა, რომელიც ესკალაციას არ დაუშვებს".

"ჩვენ თვალს ვადევნებთ პროცესებს, რომლებიც იქ [თბილისში - რედ.] სხვადასხვა გარემოებების გამო ხდება და რაიმე აქციები, რომლებიც შეგვაშფოთებდა, იქ არ არის", – დასძინა მან.

ამასთან, ანქვაბმა "მნიშვნელოვან ფაქტორად" შეაფასა საქართველოში რუსი ტურისტების ჩასვლა.

"გვაიმედებს და შთაგონებულები ვართ იმით, რომ საქართვლოში გასულ წელს და წელსაც რუსეთიდან უამრავი ტურისტი ჩადის. ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია. არ ვსაუბრობ მათზე, ვინც გადაწყვიტა, იქ უკრაინის სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ დამალულიყო, ვსაუბრობ ტურისტებზე, რომლებიც საქართველოში დასასვენებლად ჩადიან", – აღნიშნა აფხაზმა პოლიტიკოსმა.

ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსი მოუწოდებდა საქართველოს, უკრაინის ომის ფონზე შექმნილი ვითარებით ესარგებლა და გადაეჭრა თავისი ტერიტორიული პრობლემები.

თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლება კვლავინდებურად აცხადებს, რომ ტერიტორიული კონფლიქტების მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაჭრის კურსის ერთგული რჩება.

ამასთან, საქართველოს მმართველი გუნდის რიგი წარმომადგენლები და "ოცნებისგან" ვითომდა გამოყოფილი რიგი პოლიტიკოსები, რომლებმაც მოძრაობა "ხალხის ძალა" ჩამოაყალიბეს და ანტიდასავლური ნარატივების სისტემატიური ფრქვევით არიან დაკავებულები, ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს დასავლეთი საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს.

თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ისევე, როგორც დასავლელი პოლიტიკოსები და დიპლომატები, ამას კატეგორკულად უარყოფს.

კითხვაზე, "შესაძლებელია თუ არა, აფხაზეთი თვალსაწიერ მომავალში რუსეთის ფედერაციის ნაწილად იქცეს?", ანქვაბმა შემდეგი განაცხადა:

"ამ საკითხზე საუბრები ყოველთვის იყო. 2008 წელს მოხდა ჩვენი რესპუბლიკის აღიარება და ჩვენთვის ეს ძვირფასია. რუსეთის ფედერაციისთვის ეს არგაწვევადი გადაწყვეტლებაა. აფხაზეთი პატარა ქვეყანაა, რომლის ხალხმაც დამოუკიდებლობას მიაღწია და სურს, იყოს დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო. ჩვენ ეს გამოგვდის. ჩვენ გვსურს, გავხდეთ უკეთესები, რუსეთი კი ამაში გვეხმარება და დაგვეხმარება".

ანქვაბი სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის გეგმებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ტრანზიტი საინტერესო თემაა".

საქართველოც და მისი საერთაშორისო პარტნიორები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს ქვეყნის განუყოფელ ნაწილებად მიიჩნევენ, რომლებიც სადღეისოდ რუსეთის მიერაა ოკუპირებული. სოხუმისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობა მოსკოვის გარდა, მხოლოდ ნიკარაგუას, ვენესუელას, სირიის მმართველ კრემლის სატელიტ რეჟიმებს, ასევე კუნძულოვან მინისახელმწიფო ნაურუს აქვს აღიარებული.

"ჩვენი ოცნებაა 2024 წლის ბოლო: თუ სამომავლოდ ყველაფერი სასიკეთოდ განვითარდება, ასეც იქნება. ჯერ-ჯერობით პირდაპირი კავშირი არ გვაქვს, ვნახოთ, რა მოხდება მომავალში. რა თქმა უნდა, ტრანზიტი - ეს უდავოდ საინტერესო თემაა. თუ იგი ხელსაყრელი იქნება ყველა ქვეყნისთვის, რომელიც ამ ტრანზიტით ისარგებლებს, მაშინ უნდა დავსხდეთ და დავიწყოთ მოლაპარაკებები", – აღნიშნა აფხაზმა პოლიტიკოსმა.

სოხუმის ხელისუფლება რუსეთის დახმარებით აეროპორტის აღდგენას 2024 წლის დასასრულისთვის გეგმავს. თუმცა რუსული მხარის წინადადებები ფაქტობრივად, აეროპორტის დასაკუთრებას გულისხმობს, რამაც სოხუმში წინააღმდეგობები გამოიწვია.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) სოხუმის აეროპორტს საერთაშორისოდ არ აღიარებს, რადგან სცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ცა აფხაზეთის თავზე ვერ გაიხსნება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ნებართვის გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს საერთაშორისო ნორმების დარღვევა იქნება. ICAO-მ სოხუმის აეროპორტის კოდის ანულირება მოახდინა და 2006 წლიდან თავისი ოფიციალური დოკუმენტაციიდან მის შესახებ ინფორმაცია ამოიღო.

ანქვაბმა ჟურნალისტს ისიც უამბო, რომ აფხაზური კანონმდებლობა "არ აწყობს ენერგეტიკით დაინტერესებულ რუს ინვესტორებს".

"იმისათვის, რომ რუსი ინვესტორი შემოვიდეს, მისთვის გასაგები უნდა იყოს შესაბამისი კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს ენერგეტიკის სფეროში სამართლებრივ ურთიერთობებს. ჯერ-ჯერობით ეს კანონმდებლობა არ აწყობთ რუს ინვესტორებს და ჩვენ ვმუშაობთ მის დახვეწაზე", – აღნიშნა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S