Accentnews.ge
"ანაკლიის კონსორციუმი" განცხადებას ავრცელებს

"ანაკლიის კონსორციუმი" განცხადებას ავრცელებს

13/12/2022 08:12:38 ეკონომიკა

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" (ADC), რომელსაც ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აეშენებინა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს და 12 დეკემბერს გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს. ინვესტორი აცხადებს, რომ პრემიერს საარბიტრაჟო დავის დროს გაჟღერებულ ბრალდებებზე პასუხის გაცემა მოუწევს.

კომპანიაში ფიქრობენ, რომ პრემიერის გეგმა, ანაკლიაში სახელმწიფოს 51-პროცენტიანი მონაწილეობით პორტის აშენების შესახებ განუხორციელებელი დარჩება.

"ეს არის კორუფციული და მოტყუებული პრივატიზაციისა და კონცესიის პროცესი, რომელიც სცადეს საქართველოში და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებში 1990-იან წლებში. მაშინ ეს ვერ მოხერხდა კორუფციის რისკის გამო და იგივე იქნება ახლაც. უფრო მეტიც, არც ერთი სერიოზული ინვესტორი და არც ერთი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი არ მიიღებს მონაწილეობას და არ გასცემს სესხს მსგავს მსხვილ პროექტში, თუ მას უმრავლესობით აკონტროლებს სახელმწიფო, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს სახელმწიფოს, როგორც პარტნიორის არაერთ ბიზნეს საქმეში დემონსტრირებულ არასანდოობას", - წერია განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ მთავრობამ საარბიტრაჟო დავისა და არსებული სასამართლოს პირობებში ვერ შეძლო ისეთი ინვესტორის მოძიება, რომელიც თანახმა იქნებოდა პორტი აეშენებინა ანაკლიაში.

"მოსაზრება, რომ პრემიერ-მინისტრს სურს, მთავრობამ „სასწრაფოდ“ გააგრძელოს ანაკლიის პროექტი, აშკარად მცდარია. ანაკლიის პროექტის შეწყვეტის შემდეგ თითქმის სამი წელია მთავრობას არაფერი გაუკეთებია...

საქართველოს მთავრობა ფლობს, აკონტროლებს და უგულებელყოფს ამ ადგილს უკვე თითქმის სამი წელია - მას შემდეგ, რაც მან შეწყვიტა საინვესტიციო ხელშეკრულება ADC-სთან. მთავრობას თითი არ გაუნძრევია და ერთი თეთრიც კი არ დაუხარჯავს იმ გარემოსდაცვითი პრობლემის შესამსუბუქებლად, რაც მათ პროექტის შეჩერებით გამოიწვიეს ანაკლიაში. არც სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დასრულებასა და განვითარებაზე უზრუნიათ ანაკლიასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, მით უმეტეს თუ პორტის მშენებლობის განახლებას აპირებენ", - აღნიშნავენ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმში".

მათივე აზრით, ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება, რომელზეც პრემიერმა ასევე ისაუბრა 12 დეკემბერს, ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია ანაკლიაში საჭირო ინვესტიციების მოსაძიებლად.

"პრემიერს ბეწვის ხიდზე სიარული უწევს, რომ თავი ისე ეჭიროს, თითქოს მხარს უჭერს ანაკლიის პორტის განვითარებას, და მეორე მხრივ, არ გაუნაპირდეს თავისი პარტიის ლიდერსა და სხვა ოლიგარქიულ ინტერესებს ფოთის პორტის განვითარებაში....

ჩვენი სურვილია, ვიხილოთ ანაკლიის პორტის განვითარება - უბრალოდ და მარტივად. მთავრობის ამ უახლეს სქემას წარმატების შანსი არ აქვს და ვფიქრობთ, მთავრობამ ეს იცის. ეს არის კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც მთავრობა ჩერდება და სურს სხვას დააბრალოს თავისი წარუმატებლობა", - წერია განცხადებაში.

იხილეთ ასევე:

ბალტიის ქვეყნების უსაფრთხოების ფონდის პრეზიდენტი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით პრემიერის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს

ამერიკელი ანალიტიკოსი: "ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერის ინიციატივა მისასალმებელია"

ხატიაშვილი – ღარიბაშვილის ინიციატივაზე: "სახელმწიფომ ანაკლიის სტრატეგიული პროექტი სხვას არ გადასცა, ეროვნული უსაფრთხოების კუთხით ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა"

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S