
იტალიაში ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. წარმომადგენელმა ევროკავშირის გადაწყვეტილება გააპროტესტა
19/12/2022 08:53:34 კონფლიქტები
რომში, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობის წინ მცირერიცხოვანი აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმა გააპროტესტს ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული რუსეთის ფედერაციის პასპორტების არაღიარების თაობაზე
რომში, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობის წინ მცირერიცხოვანი აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმა გააპროტესტს ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული რუსეთის ფედერაციის პასპორტების არაღიარების თაობაზე. ათკაციანი ღონისძიების ორგანიზატორი ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საგარეო უწყების ე.წ. წარმომადგენელი იტალიაში მაურო მურჯა გახლდათ.
გასულ კვირას ევროკავშირის საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო გადაადგილებასთან დაკავშირებული იმ რუსული დოკუმენტების არმიღების შესახებ, რომლებიც "უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებსა და საქართველოს სეპარატისტულ ტერიტორიებზეა" გაცემული. მის განცხადებაში დაზუსტებულია, რომ საუბარია არა მარტო, მაგალითად, სოხუმსა და ცხინვალში გაცემულ დოკუმენტებზე, არამედ იმ საბუთებზეც, რომლებიც გაცემულია "იქ მცხოვრებ პირებზე".
აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს "რასიზმისა და დისკრიმინაციის სამარცხვინო ფორმას, რადგან რუსული პასპორტების უარყოფა ხორციელდება არა პოლიტიკურ, არამედ ეთნიკურ საფუძველზე".
"შეიძლება, უჭერდე ან არ უჭერდე მხარს რუსეთს, მაგრამ მხოლოდ იმის გამო, რომ ცხოვრობ გარკვეულ ტერიტორიაზე, ისჯები და უარს გეუბნებიან გადაადგილების თავისუფლებაზე", – განუცხადა რუსულ "РИА Новости"-ს მაურო მურჯამ.
ცნობისთვის: ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას რიგი ე.წ. წარმომადგენლები გააჩნია იტალიის რეგიონებში. გასული წლის თებერვალში საქართველოს საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ "საოკუპაციო რეჟიმები თვითმარქვიებს ნიშნავენ სხვადასხვა ქვეყნებში და ეს ე.წ. წარმომადგენლები რუსეთის სპეცსამსახურების [საქართველოსა და ევროპის სახელმწიფოებისთვის - რედ.] დესტრუქციულ ამოცანებს ემსახურებიან".
ევროკავშირის ხსენებული გადაწყვეტილებით უკმაყოფილება გამოხატეს ცხინვალსა და სოხუმშიც.
ცხინვალში განაცხადეს, რომ ეს ნაბიჯი "დაუფარავად დისკრიმინაციული ხასიათისაა მთელს მსოფლიოში იმ მილიონობით ადამიანის მიმართ, რომელმაც რუსეთის მოქალაქეობის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი, მათ შორის - სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მცხოვრებთა მიმართ, რომელთა 90%-ზე მეტს რუსეთის მოქალაქეობა გააჩნია".
თავის მხრივ, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის გადაწყვეტილება რუსეთის საამებლად რეგიონში მოქმედი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მორიგი შეტევისთვის გამოიყენა და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი "აისახება პროექტებზე, რომლებსაც ბრიუსელი აფინანსებს".