
უკრაინის არმიამ რუსეთის ძალები ბახმუტის მახლობლად დიდი ხნის წინ დაკავებული პოზიციებიდან განდევნა – ISW
20/12/2022 06:50:02 ევროპა
უკრაინელებმა რუსეთის ძალები ბახმუტის მახლობლად დიდი ხნის წინ დაკავებული პოზიციებიდან განდევნეს,– ნათვამია ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანგარიშში.
ISW აღნიშნავს, რომ ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ბახმუტის შემოგარენში, ქალაქიდან ჩრდილო-აღმოსავლეთითა და სამხრეთით.
ინფორმაციისთვის: ბახმუტი დონეცკის ოლქში მდებარე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქია, რომლის დაკავებას რუსეთის საოკუპაციო ძალები რამდენიმე თვეა, ცდილობენ.
იხილეთ ასევე:
- „საკუთარი მებრძოლების გვამებს აბიჯებენ“: რატომ ცდილობენ რუსები გაშმაგებით ბახმუტის ხელში ჩაგდებას
- „სამხედრო ტყვეებს იფარებენ და ჩვენს პოზიციებთან ხვრეტენ“: ბრძოლა ბახმუტისთვის
მკვლევარები უკრაინულ მხარეზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ რუსეთის ძალები ხერსონის ოლქში მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროდან დანაყოფების გადაჯგუფებას ახორციელებენ, თუმცა ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, გაჰყავთ თუ არა ძალები.
ამასთან, ამერიკელი სამხედრო ექსპერტების მონაცემებით, რუსეთის ძალები და საოკუპაციო რეჟიმი სამედიცინო პერსონალისა და მასალების მწვავე დეფიციტს განიცდიან.
გარდა ამისა, ბრიტანული დაზვერვა იუწყება, რომ რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ დონეცკის ოლქში ბახმუტის გარშემო გამართულ ბრძოლებში „სასტიკ ტაქტიკას“ მიმართავს: თავისი რესურსების დაზოგვის მიზნით, "ვაგნერი" იყენებს ცუდად მომზადებულ მსჯავრდებულთა დიდ რაოდენობას:
„სავარაუდოდ, ცალკეულ მებრძოლებს აძლევენ სმარტფონებს ან პლანშეტებს, რომლებიც აჩვენებენ წინსვლის ღერძს და თავდასხმის სამიზნეს. ოცეულის დონეზე და ზემოთ, მეთაურები სავარაუდოდ, რჩებიან საფარში და გასცემენ ბრძანებებს რაციით ვიდეო სიგნალების და მცირე დრონების იღებენ საშუალებით მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით".
ცალკეულ ჯგუფებს და ქვედანაყოფებს ევალებათ, გაჰყვნენ წინასწარ განსაზღვრულ მარშრუტს, ხშირად ცეცხლსასროლი იარაღით, მაგრამ იშვიათად – ჯავშანტექნიკით.
"ვაგნერის" დაქირავებულებს, რომლებმაც უნებართვოდ გადაუხვიეს გზას, სავარაუდოდ, სიკვდილით დასჯა ემუქრებათ:
„ეს სასტიკი ტაქტიკა შექმნილია მწირი რესურსების შესანარჩუნებლად გამოცდილი მეთაურებისა და ჯავშანტექნიკის სახით უფრო ადვილად ხელმისაწვდომი პატიმრების რეკრუტების ხარჯზე, რომლებსაც ორგანიზაცია აფასებს, როგორც გასახარჯ რესურსს“.
ბახმუტის ირგვლივ მიმდინარე მოვლეებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საზოგადოებისადმი თავის ყოველდღიურ მიმართვაში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოკუპანტები მაისიდან ცდილობენ ბახმუტის გატეხვას, მაგრამ დრო გადის და ბახმუტი ტეხს არა მხოლოდ რუსულ არმიას, არამედ რუს დაქირავებულ მებრძოლებსაც:
„ბახმუტი ფრონტის მთელ ხაზზე, აქტიური საბრძოლო მოქმედებების 1 300 კილომეტრის ყველაზე ცხელ წერტილად რჩება. ჯერ კიდევ მაისიდან ოკუპანტები ცდილობენ ჩვენი ბახმუტის გატეხვას, მაგრამ დრო გადის და ბახმუტი ტეხს არა მხოლოდ რუსულ არმიას, არამედ რუს დაქირავებულ მებრძოლებსაც, რომლებიც ოკუპანტების დაკარგული არმიების ჩასანაცვლებლად მოდიან. მხოლოდ დაფიქრდით ამაზე – რუსეთმა უკვე დაკარგა უკრაინაში 99 000 ჯარისკაცი. ამ დღეებში იქნება ოკუპანტების 100 000-იანი დანაკარგი. რისთვის? ამაზე პასუხი მოსკოვში არავის აქვს და არც ექნებათ. ისინი აწარმოებენ ომს და ადამიანების სიცოცხლეს ხარჯავენ – სხვა ადამიანების, არა თავიანთი ახლობლების, არა საკუთარ სიცოცხლეს, არამედ სხვების და მხოლოდ იმიტომ, რომ კრემლში რაღაც ხროვას არ შეუძლია შეცდომების აღიარება და საშინლად ეშინია რეალობის“.