
ცხინვალში თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ 2017 წლის საქმე დახურეს
20/12/2022 13:48:37 კონფლიქტები
ახალგორელ სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილს მის წინააღმდეგ 2017 წლის 16 აგვისტოს აღძრული სისხლის სამართლის საქმის დახურვის შესახებ აცნობეს. გადაწყვეტილება დანაშაულის ნიშნების არარსებობის საფუძველზე იქნა მიღებული.
2017 წელს მეარაყიშვილი ჯერ მმართველი პარტია "ერთიანი ოსეთის" წევრი სპარტაკ დრიაევის მიმართ ცილისწამებაში დაადანაშაულეს. სამოქალაქო აქტივისტი ყოველგვარი სანქციების გარეშე დააკავეს, მის სახლში კი ჩხრეკა ჩატარდა.
2020 წლის 17 იანვარს დე ფაქტო უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ მეარაყიშვილს ეს ბრალდება საბოლოოდ მოუხსნა. სასამართლო უწყებამ დე ფაქტო გენერალურ პროკურატურას საქმიდან ცილისწამებასთან დაკავშირებული ეპიზოდების ამოღება და სხვა ეპიზოდების განსახილველად საქმის სასამართლოში დაბრუნება დაავალა.
რჩებოდა ორი ეპიზოდი: ოსური პასპორტის უკანონოდ შეძენა (რუსეთის სს კოდექსის 324-ე მუხლი) და ყალბი დოკუმენტის განზრახ გამოყენება (რუსეთის სს კოდექსის 327-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
დღეს მეარაყიშვილმა დე ფაქტო პროკურატურისგან ოფიციალური უწყისი მიიღო საქმის დახურვის თაობაზე. ამიერიდან მისი სახლის ჩხრეკა და თავად აქტივისტის დაკავება უკანონოდაა ცნობილი.
"ამასთანავე, გამაჩნია რეაბილიტაციის – ამ წლების განმავლობაში მიღებული მორალური და მატერიალური ზარალის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება", – აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი.