ზახაროვა რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომზე ჰააგის პროკურორის გადაწყვეტილებას ეხმიანება
22/12/2022 11:48:44 პოლიტიკა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–სპიკერის მარია ზახაროვას მტკიცებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურის მიერ საქართველოში 2008 წელს არსებულ ვითარებაზე ჩატარებულმა გამოძიებამ "კიდევ ერთხელ აჩვენა მართლმსაჯულების მიმართ თვალთმაქცობა და ორმაგი სტანდარტებით მიდგომა".
„14-წლიანი მუშაობის შემდეგ გამომძიებლებმა, რომლებიც არ ერკვეოდნენ რეგიონის სპეციფიკაში, მაგრამ მორჩილად ასრულებდნენ დასავლელი მეურვეების პოლიტიკურ დაკვეთას, თავდაყირა დააყენეს ვითარება და ცინიკურად გამოიყვანეს კონფლიქტში დაზარალებული მხარე დამნაშავედ. შედეგად გაიცა დაკავების სამი ორდერი სამხრეთ ოსეთის სამ მოქალაქეზე, რომელთაც ასევე აქვთ რუსეთის მოქალაქეობაც. მათ ეთნიკური ქართველების მითიურ შევიწროებაში დასდეს ბრალი“, – ირწმუნება ზახაროვა.
იგი ტრადიციულად მიმართავს დეზინფორმაციას, თითქოს ჰააგის საერთაშორისო სასამართლო "არ დაინტერესებულა საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ მშვიდობიანი ცხინვალის ბარბაროსული დაბომბვითა და რუს მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმით“.
რუსეთის საგარეო უწყებაში ასევე ხაზი გაუსვეს, რომ მოსკოვი არ თანამშრომლობს ჰააგის სასამართლოსთან, რაც სიცრუეა, რადგან რუსულ მხარეს ჰქონდა აგვისტოს ომთან დაკავშირებით ჰააგის პროკურორთან არაერთი კომუნიკაცია.
იხილეთ ასევე:
2008 წლის ომი: ჰააგის გადაწყვეტილების საკვანძო პოლიტიკურ–სამართლებრივი ასპექტები
მამუკა ყურაშვილი: "გენერალ ბორისოვის გარდაცვალება არ დასტურდება, მაღალი ალბათობით, ის მიმალვაშია"


