Accentnews.ge
აფხაზეთის "ომბუდსმენმა" ევროპარლამენტს, ევროპულ საბჭოსა და ევროკომისიას მიმართა

აფხაზეთის "ომბუდსმენმა" ევროპარლამენტს, ევროპულ საბჭოსა და ევროკომისიას მიმართა

23/12/2022 12:22:15 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ომბუდსმენმა ასიდა შაკრილმა ევროპარლამენტის თავმჯდომარეს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტსა და წევრებს, ევროკომისიის პრეზიდენტს წერილები დაუგზავნა, რომლებშიც აპროტესტებს ევროკავშირის გადაწყვეტილებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ასევე უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტაციის არაღიარების თაობაზე.

"აფხაზური მხარის აზრს ხანგრძლივი 30 წლის განმავლობაში გულგრილად ეკიდებოდნენ და არ ითვალისწინებდნენ, რაც კონფლიქტზე ცალმხრივ ხედვას, დაუბალანსებელ დამოკიდებულებასა და კონსტრუქციული და სამართლიანი გადაწყვეტილების ძიების ბლოკირებას იწვევდა. ვიმედოვნებ, ევროკავშირი გაარღვევს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ბუნებისა და ისტორიის შესახებ დეზინფორმაციის მანკიერ წრეს, რომელმაც აფხაზი ხალხის მრავალწლიანი უსამართლო დასჯა გამოიწვია. სხვა შემთხვევაში უსამართლობა მუდმივად გაგრძელდება იმის მსგავსი გადაწყვეტილებების სახით, როგორიც დეკემბერში იქნა მიღებული და ეს უცილობლად აისახება ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ ვითარებაზე. ვერ ვხედავთ აფხაზეთის მცხოვრებთა უფლებების აღდგენის სხვა შესაძლებლობას, გარდა აფხაზეთის მიმართ საქართველოს 1992 წლის აგრესიის ობიექტური ანალიზისა და მიუკერძოებელი შეფასებისა. დარწმუნებულები ვართ, რომ ევოკავშირის საბჭო ფლობს შესაძლებლობებსა და მექანიზმებს ამ ამოცანის რეალიზებისთვის", – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დე ფაქტო ომბუდსმენის საიტზე გამოქვეყნდა.

მანამდე რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ "საკონსულო-სავიზო სფეროში ევროკავშირის ქმედებები ცინიკურ პოლიტიკურ მიზნებს ექვემდებარება". "ჯერ კიდევ უკრაინაში ომის დაწყებამდე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ურავლესობა არ იღებდა ყირიმისა და სევასტოპოლის მცხოვრებთა რუსულ პასპორტებს, ამიერიდან კი ეს დისკრიმინაციული პრაქტიკა ევროკავშირისა და შენგენის ზონის ასოცირებული სახელმწიფოების კანონმდებლობების ნაწილად იქცა. ამ არაშორსმჭვრეტელური ქმედებების რეალური შედეგი იქნება საერთაშორისო საქმეებში ევროკავშირის ავტორიტეტის შემდგომი დაკარგვა. ჩვენის მხრივ გავაგრძელებთ ყველა შესაძლებლობის გამოყენებას ჩვენი მოქალაქეების ინტერესებისა და უფლებების დასაცავად", – განაცხადა ზახაროვამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S