26-12-2022 11:15:34 პოლიტიკა
ოფიციალური მოსკოვი თბილისით კმაყოფილებას კვლავ გამოხატავს და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის "გაუქმების შესაძლებლობაზე" კიდევ ერთხელ საუბრობს. შესაბამისი განცხადებები ТАСС-თან ინტერვიუში ამჯერად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ გალუზინმა გააკეთა.
«ამ მიმართულებით დადებითი გადაწყვეტილებების მიღებას არ გამოვრიცხავთ, როგორც კი შეიქმნება შესაბამისი წინაპირობები», – განაცხადა გალუზინმა, თუმცა წინაპირობების არსი არ დაუკონკრეტებია.
ამასთან, დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "მდგრადი კავშირების არსებობა ინტერესებშია ორი ხალხისა, რომელსაც აერთიანებს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობისა და კეთილმეზობლობის ტრადიცია, საერთო ისტორია, კულტურა, სულიერი ღირებულებები და მილიონობით ადამიანის ბედი».
«ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს და წარმატებით ახდენს თვითრეალიზებას ასობით ათასი ქართველი. ბოლო დროს საქართველოშიც იზრდება რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა», – განაცხადა რუსმა დიპლომატმა.
მისივე თქმით, "2012 წელს მოსკოვმა უყოყმანოდ დაუჭირა მხარი თბილისის ინიციატივას ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ და ახლაც, მიუხედავად არცთუ მარტივი საგარეო პოლიტიკური კონიუნქტურისა და დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთქმედება ვითარდება".
როგორც რუსმა დიპლომატმა აღნიშნა, 11 თვეში ორ ქვეყანას შორის საქონელბრუნვა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1,5-ჯერ გაიზარდა და $2,2 მლრდ-ს გადააჭარბა, ასევე იზრდება მაჩვენებლები ტურიზმისა და ფულადი გადარიცხვების სფეროებში.