
პრემიერი: "როცა სხვა ქვეყნების საელჩოები კიევს ტოვებდნენ, ჩვენი საელჩო ბოლო წუთამდე ასრულებდა მოვალეობას"
26/12/2022 08:02:50 პოლიტიკა
საქართველოს საელჩო და პირადად ელჩი უკრაინაში ბოლო წუთამდე ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობას, მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნების საელჩოები ტოვებდნენ კიევს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მთელი მსოფლიოსთვის წლის მთავარი მოვლენა, მთავარი პრობლემა და გამოწვევა არის ომი უკრაინაში, რუსეთის გაუმართლებელი სამხედრო აგრესია.
„მთელი მსოფლიოსთვის წლის მთავარი მოვლენა, მთავარი პრობლემა და გამოწვევა არის ომი უკრაინაში, რუსეთის გაუმართლებელი სამხედრო აგრესია, რომელმაც თავდაყირა დააყენა მთელი მსოფლიო წესრიგი. მინდა, დავეთანხმო მინისტრს, ჩვენი საელჩო და პირადად ელჩი უკრაინაში ბოლო წუთამდე ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობას, მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნების საელჩოები ტოვებდნენ კიევს. მადლობა ჩვენს საელჩოს, ჩვენს ელჩს უკრაინაში, თითოეულ თანამშრომელს. ჩვენთვის, ყველასთვის დიდი გამოწვევაა დღეს მიმდინარე მოვლენები. ჩვენი გაცხადებული სურვილია, ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, ვინაიდან ის საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ თავად უკრაინას, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას, ჩვენს რეგიონს. ბუნებრივია, ამ ომს და მის შედეგებს გავლენა ექნება არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაზე, არამედ მთელ მსოფლიოზე. ამიტომ, აუცილებელია ამ კონფლიქტის, ომის დროულად დასრულება. ეს არის ჩვენი სურვილი. მინდა, კიდევ ერთხელ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, უკრაინელ ხალხს ვუსურვო მშვიდობა, ომის სწრაფად დასრულება. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მათი სუვერენიტეტის მიმართ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.