
გაგლოევი "დარწმუნებულია", რომ რუსეთი უკრაინაში "სპეცოპერაციას ლოგიკურ დასასრულამდე - გამარჯვებამდე მიიყვანს"
29/12/2022 09:08:51 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერი ალან გაგლოევი "დარწმუნებულია, რომ რუსეთი უკრაინაში სპეცოპერაციას ლოგიკურ დასასრულამდე - გამარჯვებამდე" მიიყვანს. ამის შესახებ მან "Россия 24"-თან ინტერვიუში განაცხადა.
"სამხრეთ ოსეთმა დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკები პირველმა აღიარა. 2014 წლიდან ჩვენი ბიჭები რუსეთის სხვადასხვა რეგიონების წარმომადგენელ ძმებთან ერთად იცავენ დონბასის რესპუბლიკებში მშვიდობას. სპეცოპერაციის დაწყებიდან ჩვენი რესპუბლიკიდან სპეცოპერაციის მონაწილეთა რაოდენობა მხოლოდ იზრდება. სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული მე-4 რუსული ბაზის სამხედროები და ჩვენი მოხალისეები უკრაინაში ვალდებულების გრძნობით იბრძვიან, რადგან ყველას გვესმის, რომ დღეს სურთ, დაშალონ და მოსპონ რუსული სამყარო, ის საერთო ისტორია, რომელიც გაგვაჩნია, ის საერთო მომავალი, რომლის შენება გვსურს ყველას და თუ დღეს ამ ყველაფერს ვერ დავიცავთ, არავითარი მომავალი არ გვექნება. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს მჭიდრო, ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობები გვაერთიანებს. რუსეთი ყოველთვის მხარს გვიჭერდა, 2008 წელს კი, შეიძლება, ითქვას, გადაშენებისგან გვიხსნა და მას შემდეგ მუდმივად ვგრძნობთ მის მხარდაჭერასა და თანადგომას" - აღნიშნა გაგლოევმა.
ცნობისთვის: დე ფაქტო პრეზიდენტი მოსკოვს სტუმრობს. იგი უკვე შეხვდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს რაშიდ ნურგალიევს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეს დიმიტრი კოზაკს. ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა ოსი ძალოვანებისთვის და დე ფაქტო აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების თანამშრომლებისთვის ხელფასებისა და საპენსიო უზრუნველყოფის ზრდის საკითხები განიხილეს.
ცნობისთვის: ამ დროისთვის უკრაინაში ცხინვალის რეგიონიდან გაგზავნილი სულ მცირე, 20 მოქალაქეა დაღუპული.