
რუსეთის სტრატეგიულ აეროდრომს მესამედ შეუტიეს
29/12/2022 10:57:58 მსოფლიო
რუსეთის ენგელსის სამხედრო აეროდრომზე, სადაც რუსეთის სტრატეგიული ავიაცია იყო ბაზირებული, მესამედ განხორციელდა თავდასხმა,– ამის შესახებ The Moscow Times ტელეგრამ–არხებზე დაყრდნობითი უწყება.
მათი ცნობით, მოქალაქეებს აფეთქებების ხმები ესმოდათ, გამოცხადდა საჰაერო განგაში და ამუშავდა საჰაერო თავდაცვის სისტემა.
ენგელსში მომხდარი აფეთქებების შესახებ ინფორმაცია სარატოვის ოლქის გუბერნატორმა რომან ბუსარგინმა დაადასტურა.
„ენგელსის რეგიონის ტერიტორიაზე საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობდა. განადგურდა ამოუცნობი ობიექტი. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება“, - დაწერა მან თავის ტელეგრამ–არხზე და მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. საჰაერო თავდაცვის სისტემა ასევე მუშაობდა ბრიანკის ოლქში, – განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრე ბოგომაზმა.
„ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემა მოქმედებს კლინცოვსკის ოლქის ტერიტორიაზე. არანაირი დაზიანება ან მსხვერპლი. სამუშაოების შედეგად ჩამოაგდეს უპილოტო საფრენი აპარატები“, – განაცხადა მან.
ენგელსის აეროდრომი უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 700 კილომეტრში მდებარეობს. იქ განთავსებულია რუსული სტრატეგიული ბომბდამშენები, რომლებიც ბომბავენ უკრაინის ქალაქებს. ამ თვეში ეს უკვე მესამე თავდასხმაა რუსეთის სიღრმეში მდებარე სტრატეგიულ აეროდრომზე. მანამდე თავდასხმები მოხდა 5 და 26 დეკემბერს. მაშინ რუსეთის თავდაცვამ განაცხადა, რომ უკრაინული დრონები ჩამოაგდეს, შედეგად რუსი სამხედროები დაიღუპნენ და რომ საფრენი აპარატები არ დაზიანებულა, თუმცა განსხვავებულ ცნობებს ავრცელებენ სხვა წყაროები. უკრაინა როგორც წესი, ოფიციალურად არ ადასტურებს მსგავს აქტივობებთან კავშირს.
ბრიტანული დაზვერვა თვლის, რომ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე აეროდრომებზე მომხდარი ინციდენტები მიუთითებს რუსეთის სირთულეებზე, საჰაერო თავდაცვის სისტემებით დაფაროს ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი.
”რუსეთი დიდი ხანის განმავლობაში ძალიან ყურადღებით ეკიდებოდა სახმელეთო საჰაერო თავდაცვის მოწინავე სისტემების შენარჩუნებას და ახლა სულ უფრო ცხადი ხდება, რომ მისთვის არ არის ადვილი, წინააღმდეგობა გაუწიოს საჰაერო საფრთხეებს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში. პირველი გამოწვევა რუსეთისთვის შეიძლება, იყოს უზარმაზარი საჭიროება თანამედროვე საშუალო დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემების, როგორიცაა Pantsir-S1, რომელსაც შეუძლია, შეასრულოს მთავარი როლი დრონების წინააღმდეგ ბრძოლაში. ენგელსის მსგავსი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების ზუსტი დაცვის გარდა, ეს სისტემები ახლა დიდი რაოდენობითაა საჭირო უკრაინის ფრონტის ხაზთან მდებარე საველე შტაბის დასაფარად“, - აღნიშნავს ბრიტანული დაზვერვა.
დღეს რუსეთმა მორიგი მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინის ქალაქებზე. კიევის მერ ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ქალაქში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი, მათ შორის 14 წლის ბავშვი დაშავდა.
"მაშველებმა ორი ადამიანი გადაარჩინეს დაზიანებული სახლის ნანგრევებიდან", – წერს კლიჩკო სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
ლვოვის მერ ანდრი სადოვის ინფორმაციით, ელექტროენერგია არ მიეწოდება ქალაქის 90%-ს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებს დიზელის გენერატორებით ამუშავებენ.
ელექტროენერგიის და წყლის მიწოდება შეწყდა ქალაქ ოდესაშიც.
ხარკოვში მუშაობა შეაჩერა მეტრომ. ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ სინიეჰუბოვმა განაცხადა, რომ ქალაქს ოთხი რაკეტა ესროლეს.
„სამიზნე არის კრიტიკული ინფრასტრუქტურა“,–განაცხადა მან.
ოდესის ოლქში რუსული რაკეტების ნამსხვრევები მოხვდა საცხოვრებელ სახლებს.
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება, მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდენ.
იხილეთ ასევე: ოპერატიულიდან სტრატეგიულ სიღრმემდე: თვისობრივად ახალი ფაზა რუსეთ–უკრაინის ომში