„იმედია, ჩემი ჩვენება შურისძიებას დაეხმარება“: „ვაგნერის“ დაქირავებულმა უკრაინელების სიკვდილით დასჯაზე ისაუბრა

16-01-2023 23:00:12 ეს საინტერესოა

„ვაგნერის“ ერთ-ერთი დანაყოფის ყოფილმა მეთაურმა ანდრეი მედვედევმა, რომელიც კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ რუსეთიდან გაიქცა და ნორვეგიაში პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა, ვაგნერელების მიერ უკრაინელი ტყვეების მკვლელობაზე ისაუბრა. ის "ვაგნერის" დაჯგუფებასთან ერთად იმყოფებოდა უკრაინაში, საომარი მოქმედებების ზონაში.

მისი თქმით, „ვაგნერს“ ტყვეები მხოლოდ ინფორმაციის მისაღებად სჭირდება, დაკითხვის შემდეგ მათ კლავენ. მანამდე „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ პატიმრებს ჰუმანურად ეპყრობიან და რომ გაცვლითი ფონდი შეიქმნა.

ანდრეი მედვედევის თქმით, „ვაგნერს“ ჰყავს სპეციალური რაზმი, რომელიც ახორციელებს როგორც უკრაინაში საბრძოლველად გადაბირებული მსჯავრდებულების, ისე უკრაინელების სასამართლოს მიღმა დასჯას. კერძოდ, მისთვის ცნობილია ოთხი უკრაინელი სამხედროს დახვრეტის შესახებ, რომლებიც ბახმუტთან ნებაყოფლობით ჩაბარდნენ ტყვედ. მისი თქმით, ოთხივე დახვრიტეს დონეცკის ოლქის სოფელ კლინოვოეს მახლობლად, დაკითხვის შემდეგ.

„ბიჭები თავად ჩაბარდნენ, ფაქტიურად არავის საფრთხეს არ ქმნიან. გაუგებარი გარემოების გამო იქ აღმოჩნდნენ. ავიყვანეთ ოთხი ტყვე, გადავეცით ოცეულის მეთაურს, მათ გამოკითხეს, ვერ მიიღეს ინფორმაცია,შემდეგ მოვიდა სპეციალური ჯგუფი და დახვრიტეს სოფელ კლინოვოის მახლობლად“,– იხსენებს მედვედევი.

ის ამბობს, რომ ზუსტად იცის მსჯავრდებულების სიკვდილით დასჯის 10 შემთხვევის შესახებ.

„მე შევესწარი რამდენიმე ასეთ მომენტს, მსჯავრდებულთა სიკვდილით დასჯას, ისინი სპეციალურად გამოიყვანეს სხვა პატიმრების წინაშე და საჯაროდ დახვრიტეს სხვების დასაშინებლად. დაისაჯეს დაშინების მიზნით [...] ვცდილობდი, თავიდან ამერიდებინა ასეთი სიტუაციები, რადგან სადიზმი ჩემს სისხლში არ არის“, - განაცხადა მედვედევმა.

ამ სპეციალურ ჯგუფს ყოფილი დაქირავებული "ავადმყოფებს" ეძახის, რადგან მისი თქმით, "ნორმალური ადამიანი ვერ გააკეთებს იმას, რასაც ისინი სჩადიან".

ის ამბობს, რომ რიგითი "ვაგნერელები მათ არ ესაუბრებიან, რადგან ეს ცუდ ტონად ითვლება".

მისი თქმით, სიკვდილით დასჯილ ან მოკლულ დაქირავებულ მებრძოლებს „ადგილზე მარხავენ“ და შემდეგ დაკარგულად ითვლებიან.

მედვედევი დარწმუნებულია, რომ ამ მეთოდს კომპენსაციის გადახდისგან თავის არიდების მიზნით იყენებენ.

მან მედი გამოთქა, რომ მისი ჩვენება გადამწყვეტ როლს ითამაშებს „ვაგნერის“წინააღმდეგ გამოძიებასა და სიკვდილით მასობრივი დასჯის საქმეში:

"იმედია, ჩემი ჩვენება შურისძიებას დაეხმარება."

ევგენი პრიგოჟინმა ნორვეგიული გაზეთ Aftenposten-ს განუცხადა, რომ მედვედევს ჰქონდა ნორვეგიის მოქალაქეობა და იყო "ნორვეგიული ბატალიონის, სახელად Nidhogg"–ის წევრი. პრიგოჟინის თქმით, მედვედევი პასუხისმგებელია პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობაზე და მას ეძებს „ვაგნერის“ უსაფრთხოების სამსახური.

„ვაგნერი“ არის რუსული არაოფიციალური სამხედრო დაჯგუფება, რომელიც მონაწილეობს სახმელეთო ოპერაციებში სირიაში, აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში და უკრაინასთან ომში.

„ვაგნერის“ მებრძოლები ეჭვმიტანილები არიან მრავალ სამხედრო დანაშაულში, როგორც უკრაინაში, ასევე სხვა ქვეყნებში, სადაც ისინი მოქმედებენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები