ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით არსებულ ე.წ. გადასასვლელებზე ამჟამად მოქმედი გადაადგილების პრაქტიკა შენარჩუნდება

17-01-2023 19:22:40 კონფლიქტები

ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით არსებულ ე.წ. გადასასვლელებზე ამჟამად არსებული გადაადგილების პრაქტიკა გაგრძელდება, - ამის შესახებ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დღეს გამართული 110-ე შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის ზვიად ზვიადაძის განცხადებით, შეხვედრაზე ოსურმა მხარემ დაადასტურა, რომ მოქალაქეებს ყოველი თვის ბოლო 10 დღის განმავლობაში მიეცემათ გადაადგილების საშუალება.

„რაც შეეხება ე.წ. ,,პროპუსკებს“ [საშვებს], რომლებსაც მოქმედების ვადა ამოწურული აქვთ, მათ განაცხადეს, რომ პრობლემა არ იქნება და მიმართვის შემთხვევაში, მოხდება მოქმედების ვადაგასული ,,პროპუსკების“ შეცვლა“, - განაცხადა ზვიად ზვიადაძემ.

გარდა ამისა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ირაკლი ანთაძის განცხადებით, შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი იყო.

ანთაძის თქმით, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კატეგორიულად მოითხოვეს როგორც ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე მდებარე სოფელ არცევთან გუშინ უკანონოდ დაკავებული პირის გათავისუფლება, ასევე ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი სხვა პირების გათავისუფლება.

"რაც შეეხება ბოლოს დაკავებულს, საქმე ეხება სოსო დვალიშვილის დაკავების ფაქტს, მისი უკანონოდ დაკავება მოხდა სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე. შეხვედრის მონაწილეებმა ცხინვალიდან განაცხადეს, რომ მიმდინარეობს ე.წ. პროცედურები. ეს ადამიანი იმყოფება უკანონო პატიმრობაში და მოვითხოვეთ მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

რაც შეეხება უკანონო პატიმრობაში მყოფ სხვა პირებს, ცალკეულ პირებთან დაკავშირებით ინფორმაციას გავუზიარებთ დაკავებულების ოჯახის წევრებს და იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული პირები მალე დაუბრუნდებიან საკუთარ ოჯახებს“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

არსებული ინფორმაციით, ცხინვალში უკანონო პატიმრობაში საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფება.

111-ე შეხვედრა 2 მარტს გაიმართება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები