
სერბეთმა რუსეთს „ვაგნერთან“ დაკავშირებით მოთხოვნა წაუყენა
17/01/2023 16:11:37 ევროპა
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა მოითხოვა, რომ რუსეთმა შეწყვიტოს მისი ქვეყნის მოქალაქეების დაქირავება კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ფარგლებში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის,– იუწყება BBC.
BBC–ს ცნობით, როგორც ვუჩიჩმა თქვა, რუსული ვებგვერდები სერბულ ენაზე აქვეყნებენ განცხადებებს და მოხალისეებს მოუწოდებენ, ჩაეწერონ „ვაგნერის“ რიგებში. ვუჩიჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყნის კანონმდებლობა უკრძალავს სერბებს უცხოეთში სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობას.
მანამდე ქვეყნის შსს მინისტრმა განაცხადა, რომ ძალოვანები ამოწმებენ, მონაწილეობენ თუ არა უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში სერბეთის მოქალაქეები.
„ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი კი ირწმუნება, რომ მისი კომპანია „არასოდეს ყოფილა სერბეთში“ და რომ „ვაგნერის“ შემადგენლობაში არ არიან სერბები. თუმცა გასული წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ „ვაგნერმა“ სერბეთში გახსნა „კულტურულ–საინფორმაციო ცენტრი“.
„ვაგნერი“ არის რუსული არაოფიციალური სამხედრო დაჯგუფება, რომელიც მონაწილეობს სახმელეთო ოპერაციებში სირიაში, აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში და უკრაინასთან ომში.
„ვაგნერის“ მებრძოლები ეჭვმიტანილები არიან მრავალ სამხედრო დანაშაულში, როგორც უკრაინაში, ასევე სხვა ქვეყნებში, სადაც ისინი მოქმედებენ.