
მაჩალიკაშვილების სარჩელი სტრასბურგმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა
19/01/2023 10:18:54 პოლიტიკა
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა. სასამართლომ ერთხმად დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეორე მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევა პროცესუალურ ნაწილში. ხოლო არსებით ნაწილში, სიცოცხლის უფლების დარღვევა ვერ დაადგინა.
როგორც მაჩალიკაშვილის ოჯახის ინტერესების დამცველი ორგანიზაცია, "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" აცხადებს, სასამართლომ დაადგინა მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლების) დარღვევა პროცედურულ ნაწილში, რამდენადაც, მიიჩნია, რომ გამოძიება იყო არაეფექტური.
"სასამართლომ გაიზიარა თითქმის ყველა ჩვენი კრიტიკული შეფასება, რომელიც გამოძიების პროცესთან მიმართებით გვქონდა. მათ შორის, გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპის დარღვევის საკითხი, რაც გამოძიების პირველ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების (ჩხრეკის ფარგლებში ამოღებული საგნების, განსაკუთრებით კი ხელყუმბარის) ამოღების პროცესში სუს-ის მონაწილეობაში გამოიხატა; ასევე, პროკურატურის მიერ გამოძიების ფარგლებში სპეცოპერაციაში ჩართული ოფიცრების დაგვიანებული გამოკითხვა; გამოძიების მიერ გასროლის დროს მობილური ტელეფონისა და ყურსასმების ადგილმდებარეობის და მათზე სისხლის კვალის არსებობის საკითხის არასათანადო შესწავლა; ასევე გამოძიების პროცესში მაჩალიკაშვილების ოჯახისთვის საიდუმლო საქმის მასალებზე დაგვიანებული წვდომა და დაზარალებულის სტატუსის არ მინიჭება მათთვის. სასამართლომ ამ კუთხით ასევე კრიტიკულად შეაფასა ის რეალობა, რომ დაზარალებულის სტატუსის არ ქონის გამო, მაჩალიკაშვილების ოჯახმა გამოძიების შეწყვეტის თაობაზე პროკურატურის საბოლოო გადაწყვეტილების გასაჩივრება ვერ შეძლო."
როგორც "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" აცხადებს, სიცოცხლის უფლების შინაარსობრივი დარღვევა სასამართლომ ვერ დაადგინა, რადგან, როგორც თავად უთითებს, გამოძიება იმდენად ხარვეზიანი იყო, რომ საქმეზე მტკიცებულებების სათანადო შეფასება შეუძლებელი გახდა. სამწუხაროდ, სასამართლომ მტკიცების ტვირთი, სახელმწიფოზე არ გადაიტანა, რაც პალატის ერთ-ერთი მოსამართლის მხრიდან განსხვავებული აზრის დაწერის საფუძველიც გახდა.
"სოციალური სამართლიანობის ცენტი" აცხადებს, რომ ყველა შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ სიცოცხლის უფლების ქვეშ გამოძიების სტანდარტების დარღვევის დადგენა, ეროვნულ დონეზე საქმის ხელახალი გახსნისა და გამოძიების საფუძველი გახდება, რაც იმედი გვაქვს, რომ მაჩალიკაშვილების ოჯახს სამართლიანი მართლმსაჯულების მიღწევის სამართლებრივ შესაძლებლობებს მისცემს.
ამასთანავე, სასამართლომ არ განიხილა მე-3 მუხლით დაკავშირებული უფლებები (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) ასევე, ცალკე არ განუხილავს 13-ე მუხლი (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე), რადგან მისი აზრით, არსებითი საკითხები მე-2 მუხლის ქვეშ უკვე შეფასებული იყო.
სასამართლომ საქართველოს მთავრობას ოჯახისათვის მორალური ზიანის კომპენსაციის სახით 10 ათასი ევროს და ხარჯების ანაზღაურებისთვის 15 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.
სასამართლომ არ მიიღო მომჩივნების საჩივარი კონვენციის მე-3 მუხლთან დაკავშირებით (არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა), დასაბუთების არარსებობის გამო.
სტრასბურგის სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის არსებითი განხილვის შესახებ გადაწყვეტილება 2019 წლის სექტემბერში მიიღო. „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტებმა განაცხადი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სამი თვით ადრე, 2019 წლის 6 ივნისს წარადგინეს.
მოსარჩელეები დავობდნენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) და 13-ე მუხლების (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე) სავარაუდო დარღვევაზე.
იურისტებმა და თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა სამი წლის წინ სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი სარჩელი რამდენიმე მთავარ არგუმენტზე ააგეს.
2017 წლის 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაცია, რომელსაც თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლე შეეწირა, დაიგეგმა ისე, რომ, მომჩივანთა შეფასებით, რისკები სათანადოდ არ გაუზომავთ და საკმარისი ზომა არ მიუღიათ, რომ ძალა არ გამოეყენებინათ;
თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ გამოიყენეს „არააუცილებელი და არაპროპორციული ლეტალური ძალა“. განმცხადებლების თანახმად, გასროლის მომენტში თემირლან მაჩალიკაშვილი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რასაც, მათი თქმით, გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ექსპერტიზების შედეგებიც მიუთითებს; „მოწმეთა ახსნა-განმარტებით, თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახში სპეცრაზმის შესვლა და გასროლა თანადროულად მოხდა, სროლის მომენტში თემირლან მაჩალიკაშვილს სავარაუდოდ ეკეთა ყურსასმენები, რაც ქმნის დასაბუთებულ ეჭვს, რომ მან ვერც კი მოახერხა მომხდარის გაცნობიერება“.
დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილს სახელმწიფომ „არ აღმოუჩინა დროული სამედიცინო დახმარება. საავადმყოფოში ის დაახლოებით 40 წუთის დაგვიანებით გადაიყვანეს სუს-ის მანქანებით და არა სასწრაფო დახმარების მანქანით“;
მათი მტკიცებით, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიება „არ აკმაყოფილებდა დამოუკიდებელი, ობიექტური, ეფექტიანი და დროული გამოძიების სტანდარტებს. ხოლო გამოძიების საწყის ეტაპზევე, გამოძიების პროცესში, სუს-ის უკანონო ინტერვენციის გამო მოპოვებული მტკიცებულებების ვალიდურობა იმთავითვე ეჭვქვეშ დადგა. მათ შორის, საეჭვო ვითარებაში მოხდა ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების (ხელყუმბარის, იარაღის) განადგურება, შეცვლა.