სერგეი გავრილოვი: აუცილებელია, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები სრულად აღდგეს

20-01-2023 13:36:46 პოლიტიკა

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის განცხადებით, "აუცილებელია, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები სრულად აღდგეს". ამის შესახებ მან NEWS.ru-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე განმარტებით, "საქართველოში საელჩოსა და საკონსულო სამსახურის არსებობა ხელს შეუწყობს კონტაქტების გაფართოებას და გაზრდის საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეებისთვის მხარდაჭერის გაწევის შესაძლებლობას".

"უკრაინის საკითხში საქართველოს დამოუკიდებელი პოზიციისა და რუსეთის წინააღმდეგ გაჩაღებული სასანქციო ომისადმი თბილისის მიდგომის გათვალისწინებით, აუცილებელია, აღდგეს ქვეყნებს შორის არა მარტო ავიამიმოსვლა, არამედ სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობებიც, რაც, მათ შორის, ტვირთბრუნვის ზრდასა და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. უნდა გაიზარდოს ავიაკომპანიების რაოდენობა, მათ შორის - მეგობრული ქვეყნებიდან, რომლებიც საქართველოსა და რუსეთს შორის გადაზიდვებს განახორციელებენ", – დასძინა გავრილოვმა.

იხილეთ ასევე: რატომ ააქტიურებს მოსკოვი საქართველოსთან უვიზო რეჟიმის და ფრენების თემას

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 18 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე შეაქო საქართველოს მთავრობა:

„მოხარული ვარ, რომ საქართველოსთან ხალხს შორის კონტაქტი აქტიურად ვითარდება. ის, რომ გასულ წელს საქართველოს მშპ 10%-ით გაიზარდა, მნიშვნელოვანწილად რუსეთის ფედერაციასთან ტურისტული და სავაჭრო ურთიერთობის შედეგია. ვიმედოვნებ, რომ მალე პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას შევძლებთ. ვხედავთ, რომ საქართველო, ისე როგორც პრაქტიკულად ყველა სხვა ქვეყანა, დასავლეთის მხრიდან ზეწოლას განიცდის, რომლებიც მოითხოვენ ღიად და საჯაროდ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებას და ის, რომ პატარა ქვეყანას და მის ხელმძღვანელობას ჰყოფნის ვაჟკაცობა თქვას, რომ ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ჩვენი ინტერესებით, ჩვენი ეკონომიკის ინტერესებით, ეს პატივისცემას იწვევს“.

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენის საკითხზე ისაუბრა „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

მან ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა, რომ ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის:

„ჩვენი მოქალაქეები, ეთნიკურად ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები, მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და მათ ძალიან გაურთულა 2019 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ მდგომარეობა. თუ ფრენები აღდგება, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება. როდესაც საქმე ეხება ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობის შემსუბუქებას, ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება ჩვენთვის მისასალმებელია“.

იხილეთ ასევე: უკრაინის საგარეო უწყება: „თბილისმა და მოსკოვმა რევერანსები გაცვალეს“

ახალი ამბები

სხვა სიახლეები