აშშ–ის ელჩი ლავროვს პასუხობს, თუ რის მოსმენას ისურვებდნენ ქართველები

20-01-2023 15:06:38 პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის ელჩი კელი დეგნანი რუსი დიპლომატის სერგეი ლავროვის საპასუხოდ აცხადებს, რომ ქართველები ისურვებდნენ, მოესმინათ საქართველოს ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანის შესახებ და არა ფრენების შესაძლო აღდგენის თაობაზე.

„როდესაც გადავხედავთ საქართველოს ისტორიას, დავინახავთ, რომ ის სავსეა რუსეთის მხრიდან დარღვეული პირობებით; მცდელობებით, რომ საქართველოსთვის წაერთმიათ იდენტობა, სუვერენიტეტი. ჩემი აზრით, ქართველების უმრავლესობას ურჩევნია, მოისმინოს, რომ რუსული ჯარო ტოვებს საქართველოს ტერიტორიას და რომ რუსეთი ემორჩილება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ვიდრე პირდაპირი ფრენების აღდგენა. არ მგონია, რომ იმ ქართველ ოჯახებს, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში, არ შეუძლიათ საქართველოში დაბრუნება როდესაც ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი რუსი ჩამოდის საქართველოში. ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოს საბაჟოსან, სასაზღვრო პოლიციასთან, ყველა უწყებასთან, რათა დავეხმაროთ საქართველოს, ჰქონდეს შესაძლებლობა, დაემორჩილოს საერთაშორისო სანქციებს“,– თქვა ელჩმა და დასძინა, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იხსნება საქართველოსთვის, „გახდეს დერეფანი ტვირთგადაზიდვის შუა აზიასა და ევროპას შორის“.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 18 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე შეაქო საქართველოს მთავრობა:

„მოხარული ვარ, რომ საქართველოსთან ხალხს შორის კონტაქტი აქტიურად ვითარდება. ის, რომ გასულ წელს საქართველოს მშპ 10%-ით გაიზარდა, მნიშვნელოვანწილად რუსეთის ფედერაციასთან ტურისტული და სავაჭრო ურთიერთობის შედეგია. ვიმედოვნებ, რომ მალე პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას შევძლებთ. ვხედავთ, რომ საქართველო, ისე როგორც პრაქტიკულად ყველა სხვა ქვეყანა, დასავლეთის მხრიდან ზეწოლას განიცდის, რომლებიც მოითხოვენ ღიად და საჯაროდ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებას და ის, რომ პატარა ქვეყანას და მის ხელმძღვანელობას ჰყოფნის ვაჟკაცობა თქვას, რომ ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ჩვენი ინტერესებით, ჩვენი ეკონომიკის ინტერესებით, ეს პატივისცემას იწვევს“.

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენის საკითხზე ისაუბრა „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

მან ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა, რომ ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის:

„ჩვენი მოქალაქეები, ეთნიკურად ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები, მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და მათ ძალიან გაურთულა 2019 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ მდგომარეობა. თუ ფრენები აღდგება, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება. როდესაც საქმე ეხება ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობის შემსუბუქებას, ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება ჩვენთვის მისასალმებელია“.

იხილეთ ასევე: რატომ ააქტიურებს მოსკოვი საქართველოსთან უვიზო რეჟიმის და ფრენების თემას

ახალი ამბები

სხვა სიახლეები