ოკუპირებულ აფხაზეთში საქმე აღძრეს თბილისში საცხოვრებლად გადმოსული პირის წინააღმდეგ

23-01-2023 13:52:58 კონფლიქტები

ოკუპირებულ აფხაზეთში თბილისში საცხოვრებლად გადმოსული რუსლან გამისონიას წინააღმდეგ საქმე აღძრეს. ე.წ.პროკურატურა გამისონიას ედავება „სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთასა“ და „მედიის გამოყენებით საჯარო მოწოდებებს, რომლებიც მიმართულია აფხაზეთის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის დარღვევისკენ“. „პროკურატურა“ ირწმუნება, რომ გამისონიამ „აფხაზეთი 2022 წლის ივნისში დატოვა, განზრახ, უკანონოდ, გამშვები პუნქტის მიღმა მოქმედი დოკუმენტაციისა და სათანადო ნებართვის გარეშე“.

2022 წლის აგვისტოში ბლოგერმა დაურ ბუავამ, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოვიდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საცხოვრებლად (მასაც აღუძეს საქმე აფხაზეთში „სახელმწიფოს ღალატის“ მუხლით), თავის TikTok-ის გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც აფხაზეთის დატოვების მიზეზებზე საუბრობს: „ის, რაც აფხაზეთში ხდება... ის ძალა, რომელიც სიმართლის თქმის საშუალებას არ იძლევა, ყიდის მიწებს, ხალხის, ახალგაზრდობის განადგურებით არის დაკავებული. არ არის განვითარება, ეწევა პროპაგანდას, რომ აქ მტრებია, თითქოს მტრებია, მაგრამ აქ მტრები არ არიან. ერთობლივი დიალოგის დროა. უნდა დავიწყოთ ურთიერთობების დალაგება, უნდა მივიდეთ მომავალთან. აქ არის მომავალი, ყველა ერთმანეთს ეხმარება, ყველაფერი კიდევ უფრო ცუდად იქნება. მშვიდობა მსოფლიოს“.

აფხაზეთის „პროკურატურამ“ ამ ვიდეოში ამოიკითხა „იდეები, რომლებიც შეიცავს მომხმარებელთა შეუზღუდავი წრისადმი ფარულ მიმართვას, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის დარღვევას და აფხაზეთის რესპუბლიკის საქართველოში შემადგენლობაში შესვლას“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „ვიდეომასალა, რომელშიც გამისონია რუსლანი ფიგურირებს, ლინგვისტურ ექსპერტიზაზეა გაგზავნილი, რომლის დასრულებისა და მიღების შემდეგ გამომძიებელი საპროცესო გადაწყვეტილებას მიიღებს“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები