სოჭის პორტი "აფხაზეთისა და საქართველოს" მიმართულებით გადაზიდვების დაწყებას იმედოვნებს

24-01-2023 15:55:16 კონფლიქტები ,პოლიტიკა

სოჭის საზღვაო პორტი მოლაპარაკებებს მართავს შავი ზღვით "აფხაზეთისა და საქართველოსკენ" გადაზიდვების დაწყების საკითხთან დაკავშირებით, - განუცხადა რუსულ ТАСС-ს კომპანია "სოჭის საზღვაო პორტის" გენერალურმა დირექტორმა იური ვლადიმიროვმა.

"ვიმედოვნებთ გადაზიდვების დაწყებას აფხაზეთისა და საქართველოს მიმართულებით. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები წარმოებს. არსებობს განზრახვა, გადაზიდვები მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყოს", – განაცხადა ვლადიმიროვმა.

მისივე თქმით, "საქართველოს შემთხვევაში გადაზიდვები, წინასწარი ინფორმაციით, ბათუმისკენ იწარმოებს".

"ახალი საზღვაო სამგზავრო მარშრუტების გახსნაზე ძალიან დიდი მოთხოვნა არსებობს. ვეცდებით, დავაკმაყოფილოთ ჩვენი ტურისტების მოთხოვნები, რამდენადაც იქნება შესძლებელი და განვავითაროთ ეს მიმართულებები", – დასძინა ვლადიმიროვმა.

ცნობისთვის: ორიოდ დღით ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის იმედი გამოთქვა. საქართველოს მმართველმა პარტია "ქართულმა ოცნებამ" ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა.

თავის მხრივ, სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლება მოსკოვთან მოლაპარაკებებს მართავს სოხუმის აეროპორტის ინფრასტრუქტურის აღდგენა-გასხვისების თაობაზე რუსეთთან ავიამიმოსვლის დასაწყებად.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები