24-01-2023 16:54:57 საზოგადოება
2023 წლის 20 იანვრის თავდასხმისას მოკლული დავით ნასრაძე და ზაქრო მათიაშვილი საგარეჯოში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს, კიდევ ერთი დაღუპული ნოდარ რჩეულიშვილი - თბილისში. ხუთშაბათს სოფელ ჩაილურში დაკრძალავენ ზაზა ჩიხლაძეს. ახალგაზრდები მეზობლები და მეგობრები იყვნენ.
დღესვე სოფელ ჩაილურში დაკრძალეს საგარეჯოს პოლიციის უფროსი დეტექტივი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ოთარ ღვინაშვილი.
არაოფიციალური ცნობებით, ოჯახის ახლობლებმა დაასაფლავეს თავად თავდამსხმელი ნოდარ ათუაშვილი.
20 იანვის ღამეს საგარეჯოში, საცხოვრებელი სახლის აივნიდან ყოფილმა სამხედრომ ნოდარ ათუაშვილმა იარაღიდან გასროლით მოკლა ხუთი ადამიანი, მათ შორის შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელი. დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 პირი. თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
თავდასხმისას დაჭრილები მკურნალობას განაგრძობენ. მათგან ერთ-ერთის, 24 წლის ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. საგარეჯოს "ჯეო ჰოსპიტალსის" დირექტორის, მამუკა ოთიაშვილის თქმით, პაციენტი სტაბილურად მძიმეა, თუმცა შეინიშნება მცირედი დადებითი დინამიკა.
გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. იკითხებიან მოწმეები.