
რას ამბობენ საქართველოდან უკრაინელების შესაძლო ევაკუაციაზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში
24/01/2023 14:08:54 პოლიტიკა
საქართველოს საქხელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებში ეხმიანებიან ქვეყნიდან უკრაინის მოქალაქეების შესაძლო ევაკუაციის საკითხს, რის შესახებაც ისაუბრა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა.
განცხადებას სპეკულაციური უწოდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
მან ტადიციულად ახსენა „მეორე ფრონტის“ თემა, ამასთან, ირწმუნება, რომ რუსების შემოდინებას რისკები არ ახლავს თან, კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ფრენების აღდგენა „შეღავათი იქნება“ რუსეთში მცხოვრები ქართველებისთვის, თუმცა არ უსაუბრია კონტექსტზე, რომელიც რუსეთის მიერ გაჩაღებულმა აგრესიულმა ომმა შექმნა და ამ კონტექსტის გათვალისწინებით, რაში სჭირდება საქართველოს რუსეთთან მეტად დაახლოება, მით უფრო, რომ რუსეთში მცხოვრებ ქართველებს, რაზეც აპელირებს მმართველი გუნდი, ჩაკეტილი არ აქვთ გზა საქართველოსკენ.
„კასიანოვისგან ასეთ არარელევანტურ განცხადებებს ჩვენ მიჩვეული ვართ. ეს არის სამწუხარო მოვლენა. შემიძლია, ვთქვა, რომ იმ შემთხვევაში დასჭირდებოდა ალბათ, უკრაინელების ევაკუაცია საქართველოდან კასიანოვს, თუ ჩვენ "ბუკებს" გავაგზავნიდით უკრაინაში. ეს იქნებოდა საქართველოს პირდაპირი ჩართვა სამხედრო კონფლიქტში. სწორედ კასიანოვი მოგვიწოდებდა ჩვენ ომში ჩართვისკენ და ამ შემთხვევაში ჩვენ დაგვჭირდებოდა არა მხოლოდ უკრაინელების, არამედ ქართველების ევაკუაციაც საქართველოდან. ჩვენ მოვისმინეთ კასიანოვის განცხადებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით, რაც ძალიან მძიმე იყო და ეს ამ რიტორიკის გაგრძელებაა.
ყველამ იცის, რომ ფრენების აღდგენას არავითარი კავშირი არ აქვს რუსების მოზღვავებასთან საქართველოში. ამასთან დაკავშირებით უკვე სამი სპეკულაციური კამპანია გამოვიარეთ - ერთი იყო მარტში, მეორე იყო ზაფხულის სეზონზე და მესამე იყო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ და ჩვენ დავამტკიცეთ, რომ სამივე იყო ცარიელი სპეკულაცია. არავითარი რისკები არ შექმნილა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, მათ შორის, არც საქართველოში მცხოვრები უკრაინელების უსაფრთხოებისთვის. ეს ყველაფერი იყო ცარიელი სპეკულაცია, სამარცხვინო სპეკულაცია. კასიანოვის დღევანდელი განცხადება არის სამარცხვინო სპეკულაციური განცხადება.
ცალმხრივად არის შეწყვეტილი ფრენები რუსეთის მხრიდან, ეს იყო მათი მხრიდან დაწესებული სანქცია და თუ ეს სანქცია გაუქმდება რუსეთის ფედერაციის მიერ, ეს მათი გადაწყვეტილებაა და ჩვენ ამაზე ვერავითარ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ. ერთადერთი რაც შემიძლია, კიდევ ერთხელ ვთქვა, რა თქმა უნდა, ასეთი გადაწყვეტილება იქნება შეღავათი მილიონამდე ქართველისთვის, რომელიც ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში“, - თქვა კობახიძემ.
კობახიძეს არ ჩამორჩა მმართველი გუნდის წევრი, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ:
"საფრთხე არაფერ შუაშია. როგორც ჩანს, სინამდვილეში სრულიად სხვა მოტივებია, რომელიც განსხვავებული მიდგომის მიზეზს აძლევს ბატონ კასიანოვს, რომ საქართველოსთან მიმართებით ჰქონდეს განსაკუთრებული მოთხოვნები. ამას შეიძლება პირდაპირ დაერქვას და ვივარაუდოთ, რომ ეს არის გაგრძელება იგივე ნარატივისა, რაც გულისხმობდა საქართველოს მიმართ გაუგებარი უკმაყოფილებების გამოხატვას, როცა რეალური მიზეზი შეიძლება რაღაც ვგულისხმობთ, რაც საჯაროდ არ შეიძლება ითქვას და გაჟღერდეს. როგორც ჩანს, ეს არის ბატონი დოლგოვის ან ვიღაცების მიერ გაკეთებული განცხადებების გაგრძელება, რომელიც შეიძლება ისეთ რამეს გულისხმობდეს, რაც წამოცდენას უნდა მივაწეროთ, რადგან ეს არ არის ისეთი რამ, რაც შეიძლება საჯაროდ თქვა და უსურვო მეგობარ სახელმწიფოს - ომში ჩართვა და ა.შ. ჩემთვის სხვაგვარად ახსნადი არ არის ამგვარი ორმაგი სტანდარტებით მოქმედება და მითითება ისეთ გარემოებებზე, რაც აბსოლუტურად იდენტური შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოებში, სადაც ფრენებიც არსებობს, მიმდინარეობს რუსეთთან ყველანაირი ურთიერთობა, მაგრამ ამის მიუხედავად არც ერთ უკრაინელ მაღალჩინოსანს შეიძლება არ უჩნდებოდეს უსაფრთხოების რისკებთან დაკავშირებული ისეთი აღქმა მათ მოქალაქეებთან მიმართებით. არ მიმაჩნია, რომ ეს არის მეგობრული და პარტნიორული განცხადება და განცხადება რომელიც შეეფერება დიპლომატის რიტორიკას".
„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია ამბობს, რომ პირდაპირი ფრენებით თუ პირდაპირი ფრენების გარეშე მტრული სახელმწიფოს მოქალაქეების დიდი რაოდენობით საქართველოში შემოსვლა, ყოველგვარი ფილტრის გარეშე, ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის არის საფრთხე:
ბოკერიას განცხადებით, მოტივი რის გამოც, პუტინის რეჟიმი ლავროვის პირით აქებს ივანიშვილის რეჟიმს და ახალისებს ფრენების აღდგენით, ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის საზიანოა:
„საქართველოს დასავლეთისგან იზოლაციას მიესალმებიან, საქართველოს დაუცველად დატოვებას მიესალმებიან და ამის წახალისებას ახდენენ.
ნებისმიერი საკითხი, სადაც საქართველო გამოჩნდება უკრაინის ხელისუფლებასთან დაპირისპირებაში, დასავლეთთან დაპირისპირებაში მორალური ზიანის გარდა, ჩვენთვის პრაგმატულად საზიანოა, ჩვენი უსაფრთხოებისთვის, დღეს, ხვალ და უახლოეს მომავალში“.
"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე დარწმუნებულია, რომ ფრენების აღდგენას პოლიტიკური ფასი აქვს და დაინტერესდა, „რა პოლიტიკურ ფასს იხდის "ქართული ოცნება".
„საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან მიმართებით დანაშაულად მიმაჩნია ეს პინგ-პონგი, რასაც თამაშობს კობახიძე და ლავროვი ერთმანეთს შორის, ანუ ივანიშვილი და პუტინი თავის ხელის ბიჭებით, ეს არის დანაშაული საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. რუსეთისთვის ფრენების და ნებისმიერი მსგავსი საკითხი ყოველთვის იყო პოლიტიკური იარაღი. ეს შევარდნაძის ეპოქიდან კარგად გვახსოვს, 2001 წელს როცა რუსეთმა სავიზო რეჟიმი შემოიღო საქართველოსთან, ბევრი ჩვენგანი ვიყავით სტუდენტები ან პატარა ბავშვები და შეიძლება მეხსიერება გვღალატობს და ყველაფერი აღარ გვახსოვს. ფრენების აღდგენაზე არ საუბრობს იმიტომ, რომ საქართველო შეუყვარდა, არამედ თავის მზაკვრული გეგმების რეალიზება სურს. ფრენების აღდგენას რა ფასი აქვს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს ფასი გაცილებით მეტია ვიდრე თვითმფრინავების ფრენა და ეს ფასი ჩვენ არ უნდა გადავიხადოთ. რუსეთი შეეცდება სატყუარები დაგვიკიდოს, თითქოს პროგრესის მიღწევა შესაძლებელია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხზე, წავიკითხოთ ყველა ის დეტალი რაც გავიარეთ დამოუკიდებლობის 30 წლის მანძილზე და დავინახავთ, რომ მათი მხრიდან ქმედებები ზუსტად ისეთივეა. ფრენების აღდგენას აქვს პოლიტიკური ფასი, რა პოლიტიკურ ფასს იხდის "ქართული ოცნება"?! როცა სანქციები დაგიწესა რუსეთმა, მაშინ როცა საომარი მოქმედებები არ არსებობდა და დღეს ამ სანქციებს გიხსნის, ეს ნიშნავს, რომ რაღაც სხვა ხდება, რა? - გარიგება და თუ ამის მონაწილეა საქართველო, ის დაკარგავს კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივას, ამიტომ უნდა რუსეთს, კობახიძეს და ივანიშვილს, რომ აღადგინოს ეს ფრენები, რომ საბოლოო უარი მივიღოთ,"- განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ თითქმის ყველა რუსული ავიაკომპანია სანქცირებულია:
„ისინი ზურგს უკან ერთმანეთს ელაპარაკებიან და კონკრეტული შეთანხმებები აქვთ, ლავროვი ამბობს, კობახიძე პასუხობს, კობახიძე ამბობს, გავრილოვი პასუხობს და ა.შ. ასე თამაშობენ ერთმანეთს შორის, ნუთუ ეს არ არის თვალსაჩინო? ფრენების აღდგენა - სანქციების მოხსნა არის კონკრეტული პოლიტიკური გზავნილი, ამას აქვს კონკრეტული პოლიტიკური მდგენელი. ეს ნიშნავს, რომ საქართველო ირჩევს რუსეთთან პარტნიორობას, ნაცვლად იმისა, რომ ევროკავშირთან, უკრაინასთან და ნატოსთან პარტნიორობა აირჩიოს. ეკონომიკა არის პოლიტიკის ნაწილი, საერთაშორისო ეკონომიკა მითუმეტეს, მტერთან ურთიერთობების დალაგება არ არის შესაძლებელი, მტერთან უნდა იყო ფრთხილად და მკაფიოდ მოქმედებდე, არა ის, რომ დაუწვე და რაც უნდა ის გააკეთებინო, რასაც დღეს აკეთებს "ქართული ოცნება". უფრო მეტს გეტყვით, თითქმის ყველა რუსული ავიაკომპანია არის სანქცირებული, როგორ წარმოგიდგენიათ სანქცირებული ავიაკომპანიების ფრენა საქართველოში?!".
***
უკრაინის საელჩო საქართველოში არ გამორიცხავს უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას, თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის პირდაპირი ფრენების აღდგენისა და ქვეყანაში რუსების ახალი მასობრივი შემოდინების შემდეგ,– ამის შესახებ „ევროპეისკაია პრავდასთან“ ინტერვიუში საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.
„პირდაპირი საჰაერო კომუნიკაციის აღდგენის და უსაფრთხოების რეალური რისკების ზრდის შემთხვევაში, მინდა ვთქვა, რომ დღეს საელჩო არ გამორიცხავს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან დაკავშირების შესაძლებლობას, რათა განიხილონ დახმარების შესაძლებლობა საქართველოს ტერიტორიიდან უკრაინის მოქალაქეების მასობრივი ევაკუაციის თაობაზე“, - განაცხადა კასიანოვმა და დასძინა, "მაგრამ ხაზს ვუსვამ – მათი სიცოცხლისა და უსაფრთხოებას რეალური საფრთხის არსებობის შემთხვევაში. ჩვენ გულზელდაკრეფილები არ ვისხდებით. ჩვენ ვიმუშავებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უზრუნველვყოთ მათი დაცვა და უსაფრთხოება. ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი“.
კასიანოვმა აღნიშნა, რომ საქართველოში რუსების ანომალიური შემოდინების გამო უსაფრთხო ყოფნის რისკის მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე, საელჩო ყველანაირად უწყობს ხელს უკრაინელების სამშობლოში დაბრუნებას.
„ახლა ჩვენ განვიხილავთ სპეციალური ევაკუაციის მარშრუტების მოწყობის შესაძლებლობას უკრაინის მოსახლეობის ყველაზე დაუცველი სეგმენტებისთვის, რომლებსაც ნამდვილად არ აქვთ დაბრუნების საშუალება. ამავდროულად, ყველაზე ოპტიმალურად მიგვაჩნია სახმელეთო ტრანსპორტი“, - დასძინა მან.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 18 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე შეაქო საქართველოს მთავრობა და ფრანების აღდგენის იმედი გამოთქვა, რომელიც რუსეთმა ცალმხრივად შეაჩერა:
„მოხარული ვარ, რომ საქართველოსთან ხალხს შორის კონტაქტი აქტიურად ვითარდება. ის, რომ გასულ წელს საქართველოს მშპ 10%-ით გაიზარდა, მნიშვნელოვანწილად რუსეთის ფედერაციასთან ტურისტული და სავაჭრო ურთიერთობის შედეგია. ვიმედოვნებ, რომ მალე პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას შევძლებთ. ვხედავთ, რომ საქართველო, ისე როგორც პრაქტიკულად ყველა სხვა ქვეყანა, დასავლეთის მხრიდან ზეწოლას განიცდის, რომლებიც მოითხოვენ ღიად და საჯაროდ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებას და ის, რომ პატარა ქვეყანას და მის ხელმძღვანელობას ჰყოფნის ვაჟკაცობა თქვას, რომ ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ჩვენი ინტერესებით, ჩვენი ეკონომიკის ინტერესებით, ეს პატივისცემას იწვევს“.
რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენის საკითხზე ისაუბრა „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
მან ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა, რომ ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის:
„ჩვენი მოქალაქეები, ეთნიკურად ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები, მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და მათ ძალიან გაურთულა 2019 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ მდგომარეობა. თუ ფრენები აღდგება, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება. როდესაც საქმე ეხება ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობის შემსუბუქებას, ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება ჩვენთვის მისასალმებელია“.
საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მსგავსი გადაწყვეტილების კატეგორიული წინააღმდეგია.
იხილეთ ასევე: რატომ ააქტიურებს მოსკოვი საქართველოსთან უვიზო რეჟიმის და ფრენების თემას