საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო - რუსულ მხარეს არ მოუმართავს ქართული მხარისათვის და შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია, რა მოლაპარაკებაზე საუბრობს სოჭის პორტის ადმინისტრაცია

24-01-2023 21:00:29 კონფლიქტები

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აცხადებს, რომ რუსულ მხარეს საზღვაო სამგზავრო მიმოსვლის თაობაზე ქართული მხარისთვის არ მიუმართავს და უცნობია, რა მოლაპარაკებებზე საუბრობს სოჭის პორტის ადმინისტრაცია.

ამით სააგენტო ეხმაურება სოჭის საზღვაო ნავსადგურის გენერალური დირექტორის იური ვლადიმეროვის განცხადებას, რომელიც იმედოვნებს, რომ აფხაზეთსა და საქართველოში სამგზავრო ტრანსპორტირება ამოქმედდება და ჯერ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საზღვაო სამგზავრო მიმოსვლის დაწყებას, ვაცხადებთ, რომ საქართველოს რუსეთის საზღვაო ნავსადგურებთან საზღვაო სამგზავრო მიმოსვლა არ აქვს.

ამასთან, რუსულ მხარეს არ მოუმართავს ქართული მხარისათვის და შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია რა მოლაპარაკებაზე საუბრობს სოჭის პორტის ადმინისტრაცია”,- ნათქამია განცხადებაში.

სოჭის საზღვაო პორტი მოლაპარაკებებს მართავს შავი ზღვით "აფხაზეთისა და საქართველოსკენ" გადაზიდვების დაწყების საკითხთან დაკავშირებით, - განუცხადა რუსულ ТАСС-ს კომპანია "სოჭის საზღვაო პორტის" გენერალურმა დირექტორმა იური ვლადიმიროვმა.

"ვიმედოვნებთ გადაზიდვების დაწყებას აფხაზეთისა და საქართველოს მიმართულებით. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები წარმოებს. არსებობს განზრახვა, გადაზიდვები მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყოს", – განაცხადა ვლადიმიროვმა.

მისივე თქმით, "საქართველოს შემთხვევაში გადაზიდვები, წინასწარი ინფორმაციით, ბათუმისკენ იწარმოებს".

"ახალი საზღვაო სამგზავრო მარშრუტების გახსნაზე ძალიან დიდი მოთხოვნა არსებობს. ვეცდებით, დავაკმაყოფილოთ ჩვენი ტურისტების მოთხოვნები, რამდენადაც იქნება შესძლებელი და განვავითაროთ ეს მიმართულებები", – დასძინა ვლადიმიროვმა.

ცნობისთვის: ორიოდ დღით ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის იმედი გამოთქვა. საქართველოს მმართველმა პარტია "ქართულმა ოცნებამ" ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა.

თავის მხრივ, სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლება მოსკოვთან მოლაპარაკებებს მართავს სოხუმის აეროპორტის ინფრასტრუქტურის აღდგენა-გასხვისების თაობაზე რუსეთთან ავიამიმოსვლის დასაწყებად.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები