01-02-2023 19:27:37 ანალიზი
რეგიონული თანამშრომლობის ჯერ კიდევ 2020 წელს დაანონსებული პლატფორმა, რომელიც ანტიდასავლური კოალიციის შექმნის მცდელობად განიხილება და 2021 წელს „3+3“–ის ნაცვლად „3+2“ფორმატში აიღო სტარტი, კვლავ რჩება მოსკოვის ყურადღების ცენტრში. ის ორიოდე დღის წინაც გაიხსენა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა „რუსეთი დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობითა და კეთილდღეობით. მიგვაჩნია, რომ 3+3 საკონსულტაციო პლატფორმა ახლა ყველაზე სასარგებლო და დროულიაო“.
თავის დროზე ე.წ. 3+3, რომელიც კავკასიის სამი ქვეყნის და რუსეთ–თურქეთ–ირანის ჩართულობას მოიაზრებდა, სრულიად განსხვავებულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში (ყარაბაღის ომის მეორე ეპიზოდის შემდეგ) დაანონსდა, პირველი შეხვედრაც ამავე კონტექსტში შედგა 2021 წლის 10 დეკემბერს მოსკოვში ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე. ხოლო ოფიციალურმა თბილისმა იმთავითვე დააფიქსირა რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით ფორმატის მიუღებლობა და არც ე.წ. მოსამზადებელ შეხვედრაზე ყოფილა წარმოდგენილი.
2022 წლის 24–მა თებერვალმა – რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის გაჩაღებამ, უსაფრთხოების არქიტექტურის რღვევამ შეცვალა არა მხოლოდ რეგიონული კონტექსტი, არამედ მსოფლიო დღის წესრიგი. ამასთან, სამხრეთ კავკასიაზე გამავალი დერეფანი მეტად ღირებული გახდა ევროპისთვის, ეს უკანასკნელი ცდილობს რა რუსეთზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას. უპრეცედენტო სანქციების ქვეშ მოქცეული რუსეთი, რომელიც სულ უფრო ტოქსიკური ხდება, ომის ფონზეც არაერთხელ დაუბრუნდა ე.წ. 3+3 ფორმატის საკითხს, თუმცა მეორე შეხვედრის თარიღი ამ დრომდე არ ჩანიშნულა.
„3+3 ფორმატი არა მარტო საქართველოსთვის არის მიუღებელი... აქ შეუთანხმებლობა აშკარაა“,– თქვა თემის კომენტირებისას საქართველოს პარლამენტის ვიცე–სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ.
ბევრ ექსპერტს იმთავითვე სკეპტიკური დამოკიდებულება ჰქონდა ხსენებული ანტიდასავლური პლატფორმის სიცოცხლისუნარიანობისადმი მასში მოაზრებული ქვეყნების განსხვავებული ინტერესების გამო, თუმცა მკაფიო მიუღებლობა მაშინ არ დაფიქსირებულა. შეიცვალა დამოკიდებულება უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე? არსებულ მოცემულობაში ვის და რატომ სჭირდება ეს ფორმატი? – ამ კითხვებით „აქცენტმა“ ქართველ ანალიტიკოსებს მიმართა.
„საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ (GIPA) საერთაშორისო ურთიერთობათა პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი თორნიკე შარაშენიძე და დიპლომატი, EPRC-ს უფროსი მკვლევარი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიგი გიგიაძე თანხმდებიან, რომ საქართველოს, რომელსაც დეკლარირებული აქვს საგარეო პოლიტიკური კურსი, ესწრაფვის დასავლეთთან ინტეგრაციას, არაფერი ესაქმება ანტიდასავლურ კოალიციაში. ხოლო დანარჩენი ხუთი ქვეყნიდან პროექტი ყველაზე მეტად სჭირდება რუსეთს, ნაკლებად – სომხეთს. აქ მოსკოვის მიზანი უცვლელია – მოახდინოს რეგიონის იზოლაცია, რომელსაც თავის გავლენის სფეროდ მოიაზრებს. დაინტერესებულ მხარეთა შორის მეორე პოზიციას იკავებს ირანი. თორნიკე შარაშენიძე ფიქრობს, რომ დასავლეთთან დაძაბული ურთიერთობების ფონზე ირანს, რომლის მოკავშირეც არის რუსეთი, ხოლო თურქეთთან „ბოლო პერიოდში საქმიანი ურთიერთობები აქვს“, სურს, ხსენებული პლატფორმა „გაძლიერდეს ადგილობრივი ქვეყნების მონაწილეობით, სადაც მეორე თუ არა, მესამე მოთამაშე მაინც იქნება“.
„თავის დროზე, როდესაც ირანმა ფორმატს მხარი დაუჭირა, ეს იყო საკუთარი თავის რეგიონულ ძალად წარმოჩენის მცდელობა, რომ ის მოიაზრება რაღაც კოალიციაში, არ არის მიტოვებული, არის რუსეთთან და თურქეთთან ერთად, თუმცა დღევანდელ მოცემულობაში ეს რთულად წარმომიდგენია – აზერბაიჯანთან ყოველდღიურად ეძაბება ურთიერთობები. ჯერჯერობით უცნობია ირანის განახლებული პოზიცია – იცვლება მისი რეალობა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ დასთანხმდებოდა ამ ფორმატის არსებობას – ეს მას რეგიონში პროცესებზე მეტი გავლენის საშუალებას მისცემდა. მით უფრო, თუ იქნებოდა რუსეთთან და თურქეთთან ერთად, ეს დიდი მიღწევა იქნებოდა ირანისთვის“,– ამბობს გიგი გიგიაძე.
რაც შეეხება თურქეთს, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის შემდეგ იყო მსგავსი ფორმატის შექმნის ინიციატორი, რასაც არც მაშინ მიესალმნენ საქართველოში და განსხვავებით 2020 წლისა, არც აზერბაიჯანში, მაგალითად, შარაშენიძე ფიქრობს, რომ მას „არ სჭირდება რეგიონში გარე ჩარევები“ და შესაძლოა, „ეს ფორმატი დასავლეთთან ვაჭრობისთვისაც გამოიყენოს“: „რაც უფრო გაიძლიერებს აქ პოზიციას, მეტ დათმობას მიიღებს დასავლეთისგან“.
პლატფორმით თურქეთის დაინტერესების თაობაზე გამოთქმულ მოსაზრებას იზიარებს გიგიაძეც, თუმცა ეეჭვება, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, მას ღიად დაუჭიროს მხარი:
„თურქეთი დაინტერესებულია შავ ზღვაზე მისი გავლენის გაძლიერებით. მასაც აქვს განცდა, რომ ეს არ არის ყველას ზღვა – დიდი მოთამაშეების არეალია (თურქეთის, რუსეთის). თუ გავითვალისწინებთ, რომ რეგიონში თურქეთის გავლენა თანმიმდევრულად იზრდება, ეს პირდაპირ შედის მის ინტერესში – არც მას სურს, დასავლეთი ზედმეტად იყოს წარმოდგენილი რეგიონში და ზედმეტად გავრცელდეს მისი გავლენა. თურქეთი მომხრე იქნებოდა, რომ რეგიონი ნაწილობრივ იყოს ჩაკეტილი. რეგიონში საკუთარი გავლენის გაძლიერება მუდმივად იქნება მის ინტერესში (მას აწყობს, რეგიონში მიმდინარე პროცესებს წყვეტდნენ თურქეთი და რუსეთი – ეს ზრდის მის ყოფნას, გავლენას, შესაძლებლობას), მაგრამ ამჟამად, ამ საომარი მოქმედებების ფონზე, თუ არ ექნება რაღაც პირდაპირი სარგებელი, როგორც მედიატორი, გავლენას არ მოახდენს მიმდინარე საომარ მოქმედებებზე, არ მგონია, ღიად გამოვიდეს ფორმატის მხარდამჭერად“.
აზერბაიჯანის შემთხვევაში შარაშენიძე იხსენებს მის მჭიდრო ურთიერთობას თურქეთთან, ამასთან, იმ გარემოებას, რომ ბაქო არაა დაინტერესებული დასავლური ინტეგრაციით, თუმცა არც რეგიონში „ჩაკეტვის“ საფრთხე უდგას საკუთარი რესურსების წყალობით: „მისი ნავთობი და გაზი ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისთვის, როდესაც ეს უკანასკნელი რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს“.
„აზერბაიჯანი მხარს დაუჭერს, რომ თურქეთი უფრო გაძლიერდეს რეგიონში: თუ შეიქმნება ფორმატი, სადაც ბაქო იქნება ერევანთან ერთად და ამავე ფორმატში იქნება ანკარაც, აზერბაიჯანის წონა გაიზრდება. მით უმეტეს, მას ომი მოგებული აქვს და ახლა მის ინტერესშია სამშვიდობო ინიციატივაზე გადასვლა, ახალი ეკონომიკური პროექტების რაც შეიძლება სწრაფად დანერგვა და ამ ვითარების შენარჩუნება. აზერბაიჯანს ყველაზე ნაკლებად აწყობს რეგიონში რაღაც „ნაღმების“ დატოვება, რომელთაც მომავალში, თუ შეიცვლება სიტუაცია, რუსეთი გამოიყენებს მის წინააღმდეგ“,– ფიქრობს გიგიაძე.
ანალიტიკოსები თანხმდებიან სომხეთისთვის შექმნილ რთულ მოცემულობაზე, რომელიც ერთის მხრივ, დასავლეთთან ურთიერთობას ცდილობს, მეორეს მხრივ – ძლიერაა რუსეთის გავლენის ქვეშ სამხედრო–ეკონომიკურ–პოლიტიკური თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა, რომ სომხურ საზოგადოებაში განწყობები იცვლება სტრატეგიული პარტნიორით იმედგაცრუების გამო.
ფორმატი, სადაც სომხეთი აღმოჩნდება თურქეთ–აზერბაიჯანის ტანდემის პირისპირ, „კარგს არაფერს უქადის, მით უფრო იმ რეალობაში, როდესაც რუსეთი მას ვერაფრით დაეხმარა და არც პერსპექტივაში ჩანს, რომ რამეს შეცვლის“,– ასკვნის გიგიაძე. მაგრამ შეძლებს კი ერევანი, წინააღმდეგობა გაუწიოს წნეხს მოსკოვიდან, რთული სათქმელია.
რაც შეეხება საქართველოს, რომელიც მკაფიო პოზიციონირებით არ გამოირჩევა რუსეთის მიმართ, განსაკუთრებით უკრაინაში გაჩაღებული ომის ფონზე, შარაშენიძე პოზიციის ცვლილებას არ ელის და დარწმუნებულია, რომ ფორმატში „ჩვენი არყოფნა, სომხეთის „ცალი ფეხით“ ყოფნა, მით უფრო უკრაინის ომის ფონზე“, ნეგატიურ გავლენას მოახდენს პლატფორმის ფუნქციონირების პერსპექტივაზე. გიგი გიგიაძე კი პრევენციული ღონისძიებების, აქტიური დიპლომატიის, საკითხის ირგვლივ პარტნიორებთან ინტენსიური კომუნიკაციის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას, შიშობს რა, რომ „ჩირგვში ჯდომის“ ერთადერთი პერსპექტივა რუსეთთან პირისპირ მარტოდ აღმოჩენაა.