NDI – საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს

02-02-2023 12:17:51 საზოგადოება

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს.

კითხვაზე - რამდენად მოსალოდნელია ან არ არის მოსალოდნელი, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში თქვენ სამუშაოდ საზღვარგარეთ წახვალთ? - გამოკითხულთა 20% ამბობს, რომ მოსალოდნელია, 76% ამბობს, რომ არ არის მოსალოდნელი, დარჩენილი 4% კი ამბობს, რომ არ იცის.

ამავე კვლევის თანახმად, თბილისის, დიდი ქალაქებისა და უმცირესობათა დასახლებების მცხოვრებთა მეოთხედს, ასევე, ახალგაზრდების მესამედს ემიგრაციაში წასვლა სურს.

კითხვაზე - რამდენად მოსალოდნელია ან არ არის მოსალოდნელი, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში თქვენ სამუშაოდ საზღვარგარეთ წახვალთ? [დასახლების, ასაკის, სქესისა და პარტიული მხარდაჭერის მიხედვით] - ეროვნულ დონეზე 20% ამბობს, რომ ემიგრაცია მოსალოდნელია, 76 ამბობს, რომ არ არის მოსალოდნელი და 4%-ის თქმით არ იციან.

NDI-ს განმარტებით, ქვეყნის დატოვებაზე კაცები უფრო ფიქრობენ ვიდრე ქალები. ქართული ოცნების მხარდამჭერებთან შედარებით, ოდნავ მეტი ოპოზიციის მხარდამჭერი ამბობს, რომ ქვეყნის დატოვებაზე ფიქრობს.

კვლევა 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები