კობახიძე კვლავ იმეორებს, რომ თუ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენები აღდგება, მისასალმებელი იქნება

03-02-2023 12:00:22 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძე კვლავ იმეორებს, რომ თუ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენები აღდგება, მისასალმებელი იქნება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.

„ვიღაც ამბობს, რომ სანქციები და სასჯელები უნდა მოგვიხსნას, ვიღაც ამბობს, რომ კომპანიები უნდა დაისაჯონ. ეს ჩვენზე ხომ არ არის დამოკიდებული?! არც კომპანიების დასჯა და არც სასჯელების მოხსნა არ არის ჩვენი გადასაწყვეტი საკითხი. ჩვენ ჩვენი განცხადება გავაკეთეთ ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიცია არის მარტივი - ეს იყო სანქცია, რომელიც თავის დროზე, 2019 წელს, საქართველოს დაუწესა რუსეთმა, რამაც დაამძიმა ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობა. შეგახსენებთ, რომ 800 ათასი საქართველოს მოქალაქე, ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. თუ ისინი ამ სანქციას მოხსნიან, ეს არის მათი გადაწყვეტილება. ჩვენ მივესალმებით, იქიდან გამომდინარე, რომ ეს იქნება ჩვენი თანამოქალაქეებისა და თანამემამულეებისთვის შეღავათი. ეს არის ჩვენი პოზიცია და ეს პოზიცია არის ცხადი. თუ ვინმეს უნდა კომპანიის დასჯა, არის მისი საქმე. თუ ვინმეს უნდა სანქციის მოხსნა, არის მისი საქმე. ჩვენ ჩვენს პოზიციას ყველაფერთან დაკავშირებით ვაფიქსირებთ. თუ მოიხსნება ცალმხრივი სანქცია რუსეთის ფედერაციის მიერ, ეს ჩვენთვის იქნება მისასალმებელი ჩვენი თანამოქალაქეებისა და თანამემამულეების ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის: 18 იანვარს გამართულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოს მთავრობა შეაქო და შემდეგი განაცხადა:

„მოხარული ვარ, რომ საქართველოსთან ხალხს შორის კონტაქტი აქტიურად ვითარდება. ის, რომ გასულ წელს საქართველოს მშპ 10%-ით გაიზარდა, მნიშვნელოვანწილად რუსეთის ფედერაციასთან ტურისტული და სავაჭრო ურთიერთობის შედეგია. ვიმედოვნებ, რომ მალე პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას შევძლებთ. ვხედავთ, რომ საქართველო, ისე როგორც პრაქტიკულად ყველა სხვა ქვეყანა, დასავლეთის მხრიდან ზეწოლას განიცდის, რომლებიც მოითხოვენ ღიად და საჯაროდ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებას და ის, რომ პატარა ქვეყანას და მის ხელმძღვანელობას ჰყოფნის ვაჟკაცობა თქვას, რომ ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ჩვენი ინტერესებით, ჩვენი ეკონომიკის ინტერესებით, ეს პატივისცემას იწვევს“.

მოგვიანებით, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენის საკითხზე ისაუბრა „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

მან ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა, რომ ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის:

„ჩვენი მოქალაქეები, ეთნიკურად ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები, მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და მათ ძალიან გაურთულა 2019 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ მდგომარეობა. თუ ფრენები აღდგება, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება. როდესაც საქმე ეხება ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობის შემსუბუქებას, ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება ჩვენთვის მისასალმებელია“.

კობახიძისგან განსხვავებით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 20 იანვარს აღნიშნა, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენას არ მიესალმება.

იხილეთ ასევე: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: "თუ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენები განახლდება, კომპანიები შესაძლოა, სანქციების სამიზნე გახდნენ".

რატომ ააქტიურებს მოსკოვი საქართველოსთან უვიზო რეჟიმის და ფრენების თემას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები