
"თალიბანის" ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ აფხაზეთში სტუმრობისას, მათ შორის "რეგიონული უსაფრთხოების საკითხები" განიხილეს
09/02/2023 12:13:09 კონფლიქტები
"თალიბანის" ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ აფხაზეთში სტუმრობისას, მათ შორის "რეგიონული უსაფრთხოების საკითხები" განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საგარეო სამინისტრო ავრცელებს.
“რუსეთში აკრედიტებული ავღანეთის საელჩოს დელეგაცია სოხუმში ჩამოვიდა რეგიონული უსაფრთხოების, ავღანეთში ჰუმანიტარულ სიტუაციაზე და აფხაზეთთან თანამშრომლობის გაღმავების საკითხებზე სამსჯელოდ. მხარეებს შორის დიალოგის გაფართოების მიზნით აფხაზეთის დელეგაცია ქაბულს ეწვევა", – აცხადებენ დე ფაქტო საგარეო უწყებაში.
“თალიბანს”, რომელმაც 20-წლიანი ომის შემდეგ დაამხო დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ხელისუფლება, ფორმალურად არც ერთი ქვეყანა აღიარებს. მიუხედავად იმისა, რომ ავღანეთში “თალიბანის” ხელისუფლებას ოფიციალურად არც რუსეთი აღიარებს, რუსეთის საელჩო ჯერაც მოქმედებს ავღანეთის დედაქალაქში და პირიქით, ავღანეთის საელჩო – რუსეთში.