
ზახაროვამ კომენტარი გააკეთა სომხეთის, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დიალოგის პერსპექტივაზე
10/02/2023 16:57:16 კავკასია
რუსეთს შეუძლია, მიესალმოს სამმხრივ დიალოგს სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მონაწილეობით, თუ ეს ხელს შეუწყობს კავკასიაში წინააღმდეგობების მოგვარებას, რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას, - ამის შესახებ ყოველკვირეულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
მისი მტკიცებით, მოსკოვმა არაერთხელ უთხრა თავის პარტნიორებს, რომ თითოეულ სახელმწიფოს აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს იმ საერთაშორისო ფორმატებში, რომლებიც მის ინტერესებს აკმაყოფილებს და არ არის მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ და ასევე გაითვალისწინოს არსებული, დადგენილი ძალთა ბალანსი:
„თუ ამ ინიციატივის მიღმა ჩანს ვაშინგტონისა და ბრიუსელის კონტურები, რომლებიც ცდილობენ შეარყიონ სამმხრივი შეთანხმებების შესრულება სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერებს შორის, მაშინ ეს სრულიად განსხვავებული ამბავია“.
მანვე აღნიშნა, რომ ერევანსა და ბაქოს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის საფუძველი სწორედ სამმხრივი შეთანხმებებია.
რაც შეეხება სამხრეთ კავკასიის ფორმატებს, მან მიუთითა "3+3" პლატფორმის იდეაზე, რომელიც გულისხმობს როგორც რეგიონის სამი ქვეყანის, ასევე რუსეთის, თურქეთის და ირანის ჩართულობას.
„ეს მექანიზმი შესაძლებელს ხდის რეგიონის კიდევ უფრო ფართო სპექტრის ქვეყნების ინტერესების გაერთიანებას. ეს, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა მუშაობდეს მათ შორის არსებული წინააღმდეგობების აღმოფხვრაზე, სავაჭრო, ეკონომიკური, სატრანსპორტო და კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების განვითარებაზე, საერთო გამოწვევებთან და საფრთხეებთან საბრძოლველად“, - განაცხადა ზახაროვამ.
საქართველომ დააფიქსირა თავისი მიუღებლობა ხსენებული ფორმატის მიმართ, რომელიც განიხილება როგორც ანტიდასავლური კოალიცია.
იხილეთ ასევე: რუსეთი კვლავ აქცენტირებს საქართველოსთვის არასაჭირო ფორმატზე: ვის ინტერესშია "3+3" ომის ფონზე