
შავგულიძე: "მოგმართავთ მხატვრებს, ვისაც უნდა ნამუშევრების წაღება, წაიღეთ"
13/02/2023 18:34:48 საზოგადოება
"მოგმართავთ მხატვრებს, ვისაც უნდა ნამუშევრების წაღება, წაიღეთ", - ასე ეხმიანება გამოფენის კურატორი ქეთი შავგულიძე ხელოვანების ნაწილის მიერ ეროვნული გალერეიდან ნამუშევრების გატანას.
დღეს რამდენიმე ხელოვანმა - საბა გორგოძემ, შოთა აფციაურმა და ანდრო დადიანმა საკუთარი ნამუშევრების გატანა მოითხოვეს.
ეროვნულ გალერეაში 2023 წლის 4 თებერვალს გახსნილი გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა - „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“.
მომხდარი ფაქტის გამო, იმავე დღეს, საქმის წარმოება დაიწყო ქურდობის მუხლით - სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ისჯება შინაპატიმრობით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით სამიდან ხუთ წლამდე.
11 თებერვალს გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილეებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც დაგმეს თავისუფლების იდეაზე დაფუძნებული ორგანიზაციების და ხელოვანების მიმართ "ანტაგონიზმი და რეპრესიები".
11 თებერვალს მსგავსი განცხადება, რომელშიც დაგმობილი იყო სისხლის სამართლებრივი საქმის დაწყება, გაავრცელა საქართველოს პენცენტრმაც.
12 თებერვალს მხატვრის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი საქმის წარმოება გააპროტესტა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
13 თებერვალს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია შევიდა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია პოლიტიკურ თავდასხმად აფასებს საქართველოს კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას, ადმინისტრაციის შენობიდან სვიმონ (პეტრე) დადიანის ხუთი ფერწერული ტილოს წაღების შესახებ.