14-02-2023 19:00:17 საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის სლოვაკეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის ოქმს ხელი მოეწერა.
დოკუმენტს საქართველოსა და სლოვაკეთის საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრებმა – ილია დარჩიაშვილმა და რასტისლავ კაჩერმა მოაწერეს ხელი.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, დოკუმენტი მიზნად ისახავს ორი ქვეყნის საგარეო უწყებებსა და საელჩოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას და ევროინტეგრაციის გზაზე სლოვაკეთის მხრიდან საქართველოს ქმედით დახმარებას ადასტურებს.
„დოკუმენტში აღიარებულია საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოხატულია მხარდაჭერა საქართველოს სტრატეგიული მიზნებისა - გახდეს ევროპისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის სტრუქტურების სრულფასოვანი წევრი. ასევე ხაზგასმითაა აღნიშნული სლოვაკეთის საგარეო უწყების მზადყოფნა ითანამშრომლოს ქართულ მხარესთან ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს რეფორმების მხარდაჭერისა და წახალისების ხელშესაწყობად, მათ შორის, საკანონმდებლო და სექტორული დაახლოების გზაზე სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარების კუთხით.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია სლოვაკეთის დახმარება ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორებიცაა: საქართველოს თანმიმდევრული ინტეგრაცია ევროკავშირის ერთიან ბაზარზე; თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო გეგმის ეფექტიანი რეალიზაცია; დაკავშირებულობის გაძლიერება; აგრეთვე თანამშრომლობის გაძლიერება ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის და უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში.
დოკუმენტში ასევე საუბარია საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების ხელშეწყობასა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ურთიერთმხარდაჭერაზე. მხარეებს შორის ხელმოწერილი თანამშრომლობის ოქმი ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის მხარდაჭერას.
აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის ხელმოწერას წინ უძღოდა საქართველოსა და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი შეხვედრა. თანამშრომლობის აღნიშნულმა ოქმმა ქვეყნებს შორის 2000 წელს ხელმოწერილი თანამშრომლობის დოკუმენტი ჩაანაცვლა. ოქმის მიხედვით, მხარეები რეგულარულ კონსულტაციებს გამართავენ, რომლის ფარგლებშიც ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების სხვა საკითხებთან ერთად განხილული იქნება საქართველოს ევროკავშირსა და ჩრდილო-ატლანტიკურ ორგანიზაციაში ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.