
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტში ეხმიანებიან კობახიძის ბრალდებას ტყუილის თქმის თაობაზე
28/02/2023 06:47:53 პოლიტიკა
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტში ეხმიანებიან "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის ბრალდებას, რომლის თანახმად, "ხალხის ძალის" პირველ კანონპროექტთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერის პირით ტყუილი ითქვა".
"ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ ახლახან წარდგენილი "უცხოელი აგენტების შესახებ" კანონპროექტით, რომელიც სტიგმატიზაციას მოახდენს და ჩაახშობს დამოუკიდებელ ხმებს იმ მოქალაქეებისა, რომლებიც მოწოდებულნი არიან, აშენონ უკეთესი მომავალი. ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ მისი შედეგებით სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში", – განუცხადა "აქცენტს" აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.
ცნობისთვის: 27 თებერვალს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა ნედ პრაისმა „ოცნების“ უმრავლესობის“ მხარდაჭერილ კანონზე საუბრისას იცრუა:
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები მწვავე შეფასებებით გამოეხმაურნენ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტს, რომლის ინიცირებაც პარლამენტში „ქართული ოცნების“ მოკავშირე „ხალხის ძალის“ დეპუტატების სახელით მოხდა. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის პრეს–სპიკერის განცხადებაში ნათქვამია, რომ „კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან“.
24 თებერვალს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ კანონპროექტი შეუთავსებელია ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან. მანამდე, აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კანონპროექტი მკაცრად გააკრიტიკა.
27 თებერვალს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერმა ნედ პრაისმა ისევ ღრმა შეშფოთების საფუძველი უწოდა საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირებულ კანონპროექტს "უცხოური გავლენის შესახებ" და განაცხადა, რომ "კანონის მიღებამ შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას".
კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია, დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში.
დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან:
ყველა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები;ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა);მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა).
პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ 20 თებერვალს განაცხადა, რომ მხარს დაუჭერენ „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტს.
27 თებერვალს "ხალხის ძალამ" პარლამენტის ბიუროს წარუდგინა რიგით მეორე კანონპროექტი, რომლის სახელწოდებაა "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ". პროექტის გათვალისწინებით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს.
კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, "რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა".
კანონპროექტის თანახმად, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ.
"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - ვადით 5 წლამდე.
მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტია "ქართულ ოცნებასთან" კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან.