Accentnews.ge
„რუსეთი იმას სჩადის, რაც უკეთ იცის – ცრუობს!“: რას ელიან მოლდოვაში

„რუსეთი იმას სჩადის, რაც უკეთ იცის – ცრუობს!“: რას ელიან მოლდოვაში

28/02/2023 13:10:01 კომენტარი

უკრაინის თავდაცვის ძალები მოლდოვის საზღვართან უსაფრთხოების გაძლიერებულ ზომებს იღებენ, შენდება ფორტიფიკაციები.

როგორც უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სპიკერმა ანდრეი დემჩენკომ განაცხადა, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბელარუსსა და მოლდოვასთან საზღვრებს, რადგან „პროვოკაციები ნებისმიერ მომენტში შეიძლება, მოხდეს“. ეს ხდება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განმეორებითი განცხადებების ფონზე, რომ კიევი დნესტრისპირეთის წინააღმდეგ „შეიარაღებულ პროვოკაციას“ ამზადებს. უკრაინა თავის მხრივ ამტკიცებს, რომ რუსეთს მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციის გეგმა აქვს. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, ერთ–ერთი გეგმის მიხედვით, რუსეთი კიშინოვის აეროპორტის დაკავებას გეგმავს, რათა იქ დესანტი გადასვას. უკრაინის დაზვერვის მიერ მოპოვებული დოკუმენტები მოლდოვაში მიიღეს და კიშინოვიც სერიოზულად ეკიდება საფრთხეს – ამის შესახებ არაერთგზის განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ.

ქვეყნის საჰაერო სივრცეში არსებული საფრთხის გამო, უნგრულმა ავიაკომპანია Wizz Air-მა (ევროპის ერთ-ერთმა უმსხვილესმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ) 27 თებერვალს გამოაცხადა მოლდოვის მიმართულებით ფრენების შეჩერება 14 მარტიდან. რა საფრთხეებზეა საუბარი, კომპანიაში არ აკონკრეტებენ. თუმცა მანამდე, რუსული არმიის მიერ უკრაინის დაბომბვის შემდეგ მოლდოვის ტერიტორიაზე რამდენჯერმე აღმოაჩინეს რუსული რაკეტების ფრაგმენტები.

მოლდოვის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ანატოლ სალარუ დარწმუნებულია, რომ რუსეთი ამ გზით და ევროპაში მოკავშირეების დახმარებით ცდილობს ძირი გამოუთხაროს რეგიონში ვითარებას, შეცვალოს კიევის მდგომარეობა – ყურადღება მოლდოვა-უკრაინის საზღვარზე გადართოს.

ყოფილი მინისტრი დარწმუნებულია, რომ რუსეთი ავრცელებს დეზინფორმაციას, რაც უკეთ ეხერხება, უკრაინა არაა დაინტერესებული მოლდოვაში დესტაბილიზაციით და საკუთარ მოსაზრებებს რამდენიმე არგუმენტით ამყარებს:

„ამაზე ვსაუბრობ გასული წლის აგვისტოდან. კიევში ჩემი ერთ-ერთი ვიზიტის შემდეგ შემატყობინეს, რომ რუსეთი კიშინოვში ლეგიტიმური ხელისუფლების დასამხობად ემზადებოდა. მაგრამ ჩვენმა ხელისუფლებამ ამჯობინა, ამაზე არ ესაუბრა და სიმშვიდე შეენარჩუნებინა. და აი, პრეზიდენტ ზელენსკის ბრწყინვალე ნაბიჯი, როდესაც მან განაცხადა, რომ რუსეთი ემზადებოდა ხელისუფლების დასამხობად და მან გადასცა პრეზიდენტ სანდუს რუსეთიდან მოპოვებული დოკუმენტი, შემდეგ დაიწყო ამაზე მოლდოვამ საუბარი. პრინციპში, ეს იყო წინასწარი გასროლა პროვოკატორების მიმართულებით, რადგან ჩაიშალა ის მასობრივი არეულობა, რომელსაც რუსეთი ამზადებდა კიშინოვში. იქ რამდენიმე ასეული ადამიანი იყო თავმოყრილი და ეს რაოდენობა ძალიან ცოტა აღმოჩნდა სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის, რადგან ბევრმა ადამიანმა, ვინც აპირებდა ამ საპროტესტო აქციებზე მისვლას, შინ დარჩენა ამჯობინა“. ამავდროულად, რუსეთი აკეთებს ყველაფერს, რაც ყველაზე უკეთ იცის: იტყუებიან და დეზინფორმაციას ავრცელებენ. უკრაინა არასოდეს წავა ისეთ პროვოკაციებზე, რაშიც რუსეთი ადანაშაულებს. იმიტომ, რომ უკრაინა ევროპული ცივილიზებული სახელმწიფოა და მათ იციან, რომ თუ ევროპელი და ნატოს ექსპერტები მივლენ ამ პროვოკაციების ადგილზე, ისინი სწრაფად გაარკვევენ, რა მოხდა. უკრაინას კი არ სურს, მეზობელი სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიაში დაადანაშაულონ.

მეორეც, უკრაინა არ არის დაინტერესებული დნესტრისპირეთში სიტუაციის დესტაბილიზაციით, ამ რეგიონში დაძაბულობის კიდევ ერთი კერის გაჩენით. ყველას ესმის, რომ მოლდოვა აქ ყველაზე სუსტი რგოლია. და უკრაინა უფრო მეტად შეშფოთებულია კიშინიოვში არსებული ვითარებით, ვიდრე უკრაინის წინააღმდეგ დნესტრისპირეთის სამხედრო საფრთხე. მათ უფრო მეტად აწუხებთ, რომ მოლდოვამ გაუძლოს, რომ მოლდოვა მზად იყოს წინააღმდეგობის გაწევისთვის და ამ პროვოკატორებს ადგილი მიუჩინოს.

რაც Wizz Air-თან დაკავშირებით მოხდა, ვფიქრობ, არის ის, რომ პუტინი ევროპაში თავისი სასარგებლო იდიოტების დახმარებას მიმართავს: Wizz Air უნგრული ავიაკომპანიაა და ვიქტორ ორბანის, მისი სასარგებლო იდიოტის დახმარებით ძაბავს აქ ვითარებას, რადგან სურთ, მოლდოვა დაძაბული იყოს, უცხოელებმა, უცხოურმა კომპანიებმა დატოვონ ქვეყანა. მათ ინტერესშია, იყოს პანიკა, ეს გზავნილია „მეხუთე კოლონისთვის“: „ჩვენ არ გვძინავს, მხარს გიჭერთ“. რატომ არ მიიღეს იგივე გადაწყვეტილებები Lufthansa-მ, Austrian Airlines-მა, რატომ არ გააუქმეს რუმინულმა, ევროპულმა კომპანიებმა ფრენები კიშინოვში და უკან? მაგრამ მხოლოდ Wizz Air-მა მივიდა დასკვნამდე, რომ 14 მარტიდან შეაჩეროს ფრენები კიშინიოვთან? და რა, 14 მარტამდე არაფერი ემუქრება ამ თვითმფრინავებს?“.

მან ყურადღება გაამახვილა მაია სანდუ შეხვდაზე პრეზიდენტ ბაიდენთან, რუმინეთის პრეზიდენტთან, როდესაც გამოცხადდა, რომ მოლდოვა მიიღებს ყველა საჭირო დახმარებას, გარდა არმიისა:

„რუმინეთის ტერიტორიაზე მდებარე ნატოს ჯარებს და სამხედრო ბაზას შეუძლიათ, ჩამოაგდონ რუსული რაკეტები, თუ ისინი მოლდოვას ტერიტორიისკენ იქნება მიმართული. რუმინეთის პრეზიდენტის ბოლო განცხადებაა, რომ ისინი დაეხმარებიან მოლდოვას რესპუბლიკას. ეს იმასაც ნიშნავს, რომ ისინი მზად არიან, ჩამოაგდონ ეს რაკეტები“.

რაც შეეხება დეზინფორმაციის მიზნებს, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თვლის, რომ „რუსეთი ახლა დაინტერესებულია, უკრაინამ თავისი ჯარები ქვეყნის მთელს პერიმეტრზე გადაანაწილოს: ბელორუსის საზღვარზე, მოლდოვის საზღვარზე, რათა აღმოსავლეთში „რკინის მუშტი“ ვერ სეკრას და ვერ წამოიწყოს კონტრშეტევა რუსული არმიის წინააღმდეგ“:

„ცნობილია, რომ უკრაინამ ახლა ორი თუ სამი ბრიგადა გადაისროლა მოლდოვის საზღვარზე, რადგან მზად იყოს, თუ რუსეთი დნესტრისპირეთიდან შეტევას გადაწყვეტს. მაგრამ მინდა, ყველა დავამშვიდო: მოლდოვაში საჰაერო დესანტი არ იქნება, არ იქნება შეტევა დნესტრისპირეთიდან რამდენიმე მიზეზის გამო:

  • პირველი, რუსული კონტინგენტი დნესტრისპირეთში არ არის მრავალრიცხოვანი. იქ 1000-1500 რუსი სამხედროა. დანარჩენი ადგილობრივი ხალხია. ესენი არიან ოფიცრები, რომლებიც დილით სამსახურში მიდიან და საღამოს შინ ბრუნდებიან საქონლის მოსავლელად და მიწის დასამუშავებლად. მათ არ სურთ უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლა, რადგან იციან, რა ხდება უკრაინაში, იციან უკრაინის არმიის ძალისა და შესაძლებლობების შესახებ.;
  • დნესტრისპირეთიდან ექსპორტის 70% მიდის ევროკავშირში. მათი დაბლოკვა და იზოლირება შესაძლებელია. და ეს 10 000 დნესტრისპირელი სამხედრო, რომლებზეც ისინი მუდმივად საუბრობენ, მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. იყო შემთხვევები, როცა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისში იბარებდნენ. მივიდნენ, მაგრამ ძალიან ცოტანი, ისიც მთვრალები და შინ გაგზავნეს. ისინი ძალიან ცუდად არიან მომზადებულები, აქვთ ძველი იარაღი, აქვთ ძალიან ცუდი აღჭურვილობა. და მთელი ეს სამხედრო საფრთხე დნესტრისპირეთიდან ნულის ტოლია. უკრაინას შეუძლია, რამდენიმე საათში, უკიდურეს შემთხვევაში, რამდენიმე დღეში აღმოფხვრას ეს ყველაფერი;
  • რაც შეეხება კიშინოვის აეროპორტს, დიახ, არის ამგვარი საფრთხე, მაგრამ ეს მხოლოდ სხვა მოვლენებთან არის დაკავშირებული, რასაც რუსეთი კიშინოვში ამზადებს. მათ შეუძლიათ, გააღონ მოლდოვის საჰაერო კარიბჭე, მაგრამ ფრენებით სტამბოლიდან, ერევნიდან და სხვა ქალაქებიდან, საიდანაც რუსებს აქვთ შესაძლებლობა, შევიდნენ მოლდოვას ტერიტორიაზე. მაგრამ ჩვენი სასაზღვრო ჯარები, სპეცსამსახურები ძალიან ფხიზლად არიან, ამოწმებენ ყველას, ვინც შედის მოლდოვაში. და მათი უმეტესობა ბრუნდება იქ, საიდანაც ჩამოვიდა, რადგან ჩვენ ვთანამშრომლობთ უკრაინის სპეცსამსახურებთან და ევროკავშირთან. ჩვენ გვაქვს არასასურველის პირების სია“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S