უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, ბელარუსი... - შთანთქმის რა გეგმები დევს კრემლში

01-03-2023 11:50:04 ანალიზი

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავის წინა დღეებში, 21 თებერვალს, რუსეთის ლიდერმა გააუქმა ქვეყნის საგარეო უწყების მიმართ 2012 წლის ბრძანებულება, “მტკიცედ დაეცვა გაერო-ს წესდების პრინციპები, რომელიც სახელმწიფოებს შორის თანასწორობის, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი პატივისცემის საფუძველზე მეგობრული ურთიერთობების განვითარებას გულისხმობს”. ხოლო მეორე დღეს, 22 თებერვალს მოსკოვში გამართულ კონცერტ-მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას პუტინმა გააჟღერა იმპერიალისტური ნარატივი იმის შესახებ, რომ “რუსეთი თავისი ისტორიული საზღვრებისთვის იბრძვის”. ანალიტიკოსების აზრით, კრემლს შესაძლოა, ამ ყველაფრის სხვა მეზობელი სახელმწიფოების მიმართ აგრესიის გასამართლებლად გამოყენება ჰქონდეს ჩაფიქრებული. და აქ იგულისხმება არა მარტო რუსეთის ნებისმიერი უშუალო მეზობელი, არამედ მოლდოვა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიც: მართალია, სადღეისოდ მათ პუტინის ტერორისტულ სახელმწიფოსთან საერთო საზღვრები არ გააჩნიათ, მაგრამ სხვადასხვა დროს მათი ტერიტორიები შედიოდა ან სსრკ-ის, ან რუსეთის, ან ერთისა და მეორეს შემადგენლობაში.

მოლდოვა

პირველი, ვინც ამ კონტექსტში ანალიტიკოსებს მოსდით თავში, მოლდოვაა და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:

• რუსეთის საგარეო უწყებისადმი თავის 2012 წლის ბრძანებულებასთან ერთად პუტინმა 21 თებერვალს გააუქმა კიდევ ერთი დოკუმენტი – მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში რუსეთის პოზიციის თაობაზე. საუბარია, კერძოდ, მოსკოვის მიერ დოკუმენტურად დეკლარირებულ განზრახვაზე, აქტიურად ეძებნა დნესტრისპირეთის პრობლემის მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის პატივისცემის საფუძველზე გადაჭრის გზები.

აშშ-ის ომის შემსწავლელ ინსტიტუტში (ISW) მიაჩნიათ, რომ ამ უკანასკნელის გაუქმება “მოლდოვის სახელმწიფოს ჩამოსაშლელად ძალისხმევის ესკალაციაზე” მიანიშნებს. “2012 წლის ამ ბრძანებულების გაუქმება არ უნდა აღვიქვათ იმის მომასწავლებლად, რომ პუტინი მოლდოვაზე თავდასხმას გეგმავს, - საამისოდ მას სამხედრო პოტენციალი არ ჰყოფნის, – მაგრამ ეს მიანიშნებს ესკალაციაზე მისი მუდმივი ძალისხმევისა, რომელიც მოლდოვის სახელმწიფოებრიობის ჩამოშლაზეა მიმართული” – ნათქვამია ISW-ს მოხსენებაში.

• მოლდოვას პრეზიდენტ მაია სანდუს არაერთგზის დაუდანაშაულებია რუსეთი მისი ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობებში და მრავალგზის გამოსულა რუსული ჯარების გაყვანის მოწოდებით. გასულ კვირას კი პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ უკრაინული სპეცსამსახურებისგან მიიღო დოკუმენტები, რომელშიც ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების რუსული გეგმაა გაწერილი.

და მართალია, მოსკოვი სანდუს ბრალდებას, ტრადიციულად, უსაფუძვლოს უწოდებს, რამდენად სანდოა კრემლის სიტყვა – ახლა უკვე ყველამ ვიცით.

ბელარუსი

ორიოდ დღის წინ "The Moscow Times" და “Yahoo News” სტრატეგიულ დოკუმენტზე დაყრდნობით წერდნენ, რომ კრემლში პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრი გზებით 2030 წლისთვის ბელარუსის “მცოცაცი ოკუპაციის” დეტალური გეგმაა გაწერილი.

გამოცემების ხელთ აღმოჩენილი მასალების თანახმად, დეტალური გეგმა 2021 წლის შემოდგომაზე გაიწერა და ათწლეულის ბოლოსთვის რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

გეგმაშია, მათ შორის, ორი ქვეყნის კანონმდებლობების ჰარმონიზაცია, “კოორდინირებული საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკა”, “სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა”... და ეს ყველაფერი – “რუსეთის ინტერესების საფუძველზე”. გარდა ამისა, გეგმაში საუბარია “რუსეთის ფედერაციის უპირატესი ზეგავლენის უზრუნველყოფაზე ბელარუსის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, სამეცნიერო-საგანმანათლებლო და კულტურულ-საინფორმაციო სფეროებში”.

ადვილი მისახვედრია, რომ 9,3-მილიონიანი მოსახლეობის მქონე აღმოსავლეთ-ევროპული ქვეყნისთვის ეს ბელარუსის სუვერენიტეტის განადგურებასა და ქვეყნის მოსკოვის სატელიტის მდგომარეობამდე დაცემას ნიშნავს.

კრემლის იმ სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტული ნარატივის მიხედვით, რომელსაც იგი 2008 წლის ომის შემდეგ – საქართველოს, ხოლო 2022 წელს სრულმასშტაბიან შეჭრამდე უკრაინის მიმართ საკუთარი აგრესიების “გასამართლებლად” იყენებდა, მთავარ მიზეზს “ამ ქვეყნების ნატო-ში სწრაფვა და შესაბამისად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რუსეთის საზღვრებთან არმიახლოების უზრუნვეყოფის აუცილებლობა” წარმოადგენდა. ბელარუსის ხელისუფლება ნატო-სკენ სწრაფვას ნამდვილად არ ავლენს, მეტიც, სადღეისოდ კრემლზე თითქმის სრულად დამოკიდებული ავტორიტარი მმართველი ალექსანდრე ლუკაშენკო მტრულ დამოკიდებულებას იჩენს დასავლეთის მიმართ და ყოველმხრივ ცდილობს, უკრაინის ომის ფონზე მოსკოვს ასიამოვნოს. თუმცა ეს, როგორც ვხედავთ, მის ქვეყანას პუტინის იმპერიალისტური ზრახვების რეალიზებისგან არ იცავს.

“ბელარუსის მიმართ რუსეთის მიზნები ანალოგიურია უკრაინის მიმართ მიზნებისა, უბრალოდ ბელარუსში რუსეთი ეყრდნობა იძულებას და არა ომს”, – თვლის ეუთო-ში აშშ-ის ელჩი მაიკლ კარპენტერი.

“რა თქმა უნდა, რუსეთი ბელარუსს თავის კონტროლქვეშ აიყვანს. კითხვა იმაში მდგომარეობს, განახორციელებს თუ არა იგი ამას ქვეყნის დამოუკიდებლობის ფასად”, – ამბობს ესტონეთის საგარეო დაზვერვის ყოფილი შეფი რაინერ საქსი. ამასთან, მას აოცებს, რომ გეგმის საბოლოო რეალიზების ვადად განსაზღვრულია 2030 წელი: “არ მესმის, რატომ ამდენი წლით წინ? რატომ უნდა იცადოს რუსეთმა ამდენ ხანს?”.

და მართლაც, ჯერ კიდევ 2021-ში რუსეთისა და ბელარუსის ლიდერებს ხელმოწერილი აქვთ გაღრმავებული ინტეგრაციის 28 “საგზაო რუქა”, განხილული აქვთ ელექტროენერგიის ერთიანი ბაზრისა და თავდაცვის ერთიანი სივრცის საკითხები. 2022-ში კი, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ლუკაშენკოს გამოცხადებული აქვს, რომ მოსკოვი და მინსკი ჩამოაყალიბებენ “ორი დამოუკიდებელი ქვეყნის ერთობას” და “სანქციების ერთობლივად დაძლევას დაიწყებენ”. თუმცა ბელარუს ავტორიტარ მმართველს იქვე ისიც აქვს აღნიშნული, რომ “არც ის და არც ვლადიმირ პუტინი არიან იმდენად ბეცები, რომ იმოქმედონ მოძველებული მეთოდებით და ბელარუსი რუსეთის შემადგენლობაში ჩართონ”.

ISW-ში თვლიან, რომ ნატო სერიოზულად უნდა მოემზადოს ბელარუსის შესაძლო მომავლისთვის:

“ადრეც გვითქვამს, რომ პუტინი, უკრაინაში შეჭრის შედეგების განურჩევლად, მაღალი ალბათობით, მნიშვნელოვან უპირატესობას მოიპოვებს ბელარუსზე კონტროლის დამყარებაში. ბელარუსში რუსეთის სავარაუდო წარმატებები კი დასავლეთს იმ ამოცანის წინაშე აყენებს, რა მოიმოქმედოს ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების პოტენციურ სამომავლო ლანდშაფტთან მიმართებაში. თუ დასავლეთი პუტინს უკრაინულ ყირიმსა და ხერსონის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში ამჟამინდელი მდგომარეობის შენარჩუნების შესაძლებლობას მისცემს, კრემლი შეძლებს, გამოიყენოს ოკუპირებული ბელარუსული და უკრაინული ტერიტორიები უკრაინისა და ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის მიმართ შემდგომი მუქარისა და საფრთხისათვის”, – აღნიშნულია ინსტიტუტის მოხსენებაში.

ანალიტიკოსების აზრით, დასავლეთს შეუძლია, ალტერნატიულად ჩამოაყალიბოს პირობები მომავლისთვის, რომელშიც ტერიტორიულად მთელი უკრაინა გახდება “საიმედო სამხედრო პარტნიორი ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის რუსეთისა და მის მიერ ოკუპირებული ბელარუსისგან დასაცავად”. ამასთან, მათი განმარტებით, ეს სასურველი გრძელვადიანი მომავალი ემყარება დასავლეთის მყისიერ და თანმიმდევრულ გადამჭრელ მოქმედებებს, რათა უკრაინას მისი ტერიტორიიდან რუსული ძალების განდევნის საშუალება მიეცეს, რადგან “ძალზე ნაკლებ სავარაუდოა, დასავლეთმა შეძლოს ეფექტური პასუხის გაცემა რუსეთის მიერ ბელარუსის შთანთქმის კამპანიაზე, თუ მანამდე უკრაინაში რუსულ შეჭრას არ გაუმკლავდება”.

საქართველო

პუტინის მიერ 21 თებერვალს გაუქმებული ბრძანებულებაცა (“სახელმწიფოებს შორის თანასწორობის, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი პატივისცემის საფუძველზე მეგობრული ურთიერთობების განვითარების შესახებ გაერო-ს პრინციპების მტკიცედ დაცვის თაობაზე”) და 22 თებერვლის განცხადებაც (“რუსეთი თავისი ისტორიული საზღვრებისთვის იბრძვის”) ეხება საქართველოსაც, ისევე, როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, რომელთაც რუსეთის ტერორისტი მმართველი თავის ახალ იმპერიაში – სსრკ-2-ში, “საკავშირო სახელმწიფოსა” თუ “ველიკოროსიაში” მოიაზრებს.

იხილეთ ასევე:

როგორ იყენებს სოხუმი "ოცნების" სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტულ ნარატივებს აფხაზეთის რუსული ანექსიისთვის შესამზადებლად;

"თბილისიც, სოხუმიც, მინსკიც უნდა შევიკრათ" - ლუკაშენკო აფხაზეთს "ქვეყნად" მოიხსენიებს და საქართველოს სსრკ-2-ზე მიანიშნებს

უკრაინის ომის ფონზე ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით კი, საქართველოს მოსახლეობისთვის ფრიად საყურადღებო უნდა იყოს რიგი დეტალები რუსეთის მიერ ბელარუსის შთანთქმის ზემოთხსენებული სტრატეგიული გეგმიდან, რომელშიც, კერძოდ, ვკითხულობთ შემდეგ ამოცანებს:

• დამყარდეს რუსული ენის დომინირება ბელარუსულზე;

• ბელარუსული კანონმდებლობა მიესადაგოს რუსულს;

• დამყარდეს რუსეთის კონტროლი ბელარუსის სამხედრო პოლიტიკურ სექტორზე, ასევე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, სავაჭრო, სამეცნიერო და კულტურულ ცხოვრებაზე;

• რუსულმა დაზვერვამ შეზღუდოს “პროდასავლური და ნაციონალისტური” ძალების გავლენა;

• რუსული მედიის რაოდენობისა და მოსახლეობაზე საინფორმაციო გავლენის ზრდის მეშვეობით დამყარდეს კონტროლი ბელარუსის საინფორმაციო სივრცეზე;

• ბელარუსის მოქალაქეთათვის რუსეთის მოქალაქეობის გაცემა გამარტივდეს, რათა ადგილზე შეიქმნას ინტეგრაციის მომხრე რუსების მოქალაქეების ფართო ფენა, რომელსაც რუსულ ბაზარში დაინტერესებული ბიზნეს-წრეებიც შეუერთდებიან.

ვფიქრობ, ამ ჩამონათვალში არაერთი მკითხველი ამოიცნობს იმ ნაბიჯებსაც, რომელიც ბოლო დროს, განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში იდგმება. დასკვნები თქვენთვის მომინდვია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები