Accentnews.ge
„რუსეთის ხელმძღვანელობა ამ გამოვლინებით შეშფოთებული უნდა იყოს“: პირველი მასიური შეტევა რუსეთის რეგიონებზე

„რუსეთის ხელმძღვანელობა ამ გამოვლინებით შეშფოთებული უნდა იყოს“: პირველი მასიური შეტევა რუსეთის რეგიონებზე

02/03/2023 11:01:21 ანალიზი

უკრაინის ფრონტის ხაზიდან რამდენიმე ასეული კილომეტრის დაშორებით, რუსეთის სიღრმეში სამხედრო აეროდრომებზე დეკემბერში მიტანილი იერიშის შემდეგ კიდევ ერი მნიშვნელოვანი მოვლენის მომსწრენი გავხდით: ორიოდ დღის წინ კრასნოდარის მხარეში, ტუაფსეში "როსნეფტის" ნავთობბაზაზე ხანძარი გაჩნდა. მიზეზად რუსულ მედიაში დრონებით შეტევა დასახელდა. მსგავსი შეტყობინებები 28 თებერვალს მოვიდა რუსეთის რამდენიმე, მათ შორის მოსკოვის რეგიონიდან: ბელგოროდის ხელისუფლება სამშაბათს იუწყებოდა, რომ ქალაქში იპოვეს სამი დრონის ფრაგმენტები; ამავე დღეს ბრაიანსკის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი სურაჟის რაიონში ჩამოაგდეს; ადიღეას ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა სოფელ ნოვის მახლობლად „დაუდგენელი დრონის“ ჩამოვარდნის შედეგად აფეთქების შესახებ; სამშაბათს ნაშუადღევს კი იუწყებოდნენ მოსკოვის რეგიონში დრონის ჩამოვარდნის თაობაზე. მოსკოვის ოლქის გუბერნატორის თქმით, „სამიზნე სავარაუდოდ, სამოქალაქო ინფრასტრუქტურული ობიექტი იყო“. ტელეგრამ–არხები იუწყებიან, რომ დრონი, რომელსაც სავარაუდოდ, საწვავი ამოეწურა, დაკარგა სიმაღლე, შეეჯახა ხეს და ჩამოვარდა, „გაზპრომის“ საკომპრესორო სადგურთან იპოვეს კოლომენსკის რაიონში. ჩამოთვლილი ინციდენტებიდან მხოლოდ სამი დაადასტურა ოფიციალურად რუსეთის თავდაცვამ და ისინი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დაუკავშირა. თავად კიევი კი როგორც წესი, ოფიციალურად არ ადასტურებს ხოლმე მსგავს დარტყმებთან საკუთარ კავშირს.

გარდა ამისა, 28 თებერვალს პეტერბურგის ცა მოულოდნელად დახურეს, აეროპორტმა რამდენიმე საათით შეწყვიტა თვითმფრინავების მიღება. "Фонтанка" წერდა, რომ ქალაქის საზღვრებთან „ამოუცნობი მფრინავი ობიექტი შენიშნეს“ და ხელისუფლებამ „კარპეტის“ გეგმა შემოიღო, ცაში აუშვეს გამანადგურებლებიც, თუმცა აღნიშნული ოფიციალურად სწავლებას დაუკავშირეს.

ინფორმაციისთვის: „კარპეტის“ გეგმა დღის წესრიგში დგება საზღვრის უკანონო გადაკვეთისას, ასევე საჰაერო სივრცეში ამოუცნობი ობიექტების გამოჩენისას.

„დრონების გამოჩენა ბელგოროდში, ბრიანსკის ოლქში, ტუაფსესა და ადიღეაში, ისევე როგორც ცნობები სანქტ-პეტერბურგის რეგიონში დრონის შესაძლო გამოჩენის შესახებ, ბოლო კვირების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური მოვლენაა. სარწმუნო ცნობები ამ დრონების კუთვნილების თაობაზე არ არის, თუმცა ლოგიკურია, ვივარაუდოთ, რომ მის უკან უკრაინის შეიარაღებული ძალები დგას. რა იყო დრონების სამიზნე, რთული სათქმელია. მათგან მხოლოდ ერთი აფეთქდა ტუაფსეში, „როსნეფტის“ ქარხნის ტერიტორიაზე“,– ამბობს BBC-ის რუსული სამსახურის კორესპონდენტი პაველ აქსენოვი.

სპეციალისტები მიუთითებენ, რომ მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის სიღრმეში აეროდრომებზე იერიშისთვის იყენებდა საბჭოთა Tu-141 Strizh-ის გადაკეთებულ რეაქტიულ სადაზვერვო დრონებს, ამჯერად კი განსხვავებული აპარატები იქნა გამოყენებული. ამასთან, საჰაერო განგაშის ხმების მოსმენა მოუწიათ რუსეთის რამდენიმე რეგიონში, კერძოდ, კრასნოდარის მხარეში, ვორონეჟისა და ბელგოროდის რაიონებში, რაც ოფიციალურმა პირებმა „ჰაკერულ“ შეტევას დაუკავშირეს.

მართალია, უკრაინის მოსაზღვრე რუსულ რეგიონებში აფეთქებები არც ისე იშვიათი მოვლენაა, თუმცა ამ ჯერზე სპეციალისტები მასობრივ ხასიათზე მიუთითებენ და ასკვნიან, რომ ხსენებული შეტევა კარგად დაგეგმილ ოპერაციას ჰგავს, რომელიც მოიცავს სხვადასხვა კლასის დრონების გამოყენებას კიბერშეტევასთან ერთად.

ამავდროულად, ყურადღება მახვილდება დრონების ტრაქეტორიაზე. მაგალითად, ტუაფსესა და ადიღეას შემთხვევაში, თუ დრონები უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაუშვეს, მათ 400 კილომეტრზე მეტის დაფარვა მოუწიათ, გზა კი გადიოდა ფრონტის ხაზზე, რუსული ჯარების ზურგში, აზოვის ზღვის უკრაინისა და რუსეთის სანაპიროებზე, თავად ზღვაზე, ისევე როგორც კრასნოდარის მხარეზე. შედეგად, მინიმუმ ერთმა თვითმფრინავმა შეძლო მიზანზე დარტყმა – ტუაფსეში, ქალაქში, რომელიც ძალიან შორს არის ფრონტის ხაზიდან. გარდა ამისა, დრონები უკრაინელებს შესაძლოა, დაეხმარონ საჰაერო თავდაცვის ობიექტების ადგილმდებარეობისა და მათი მუშაობის რეჟიმის გამოვლენაში.

„აქ მთავარი ის არის, რომ დრონებმა შეუფერხებლად გადალახეს რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემები. ერთმა მაგალითად, მოსკოვს რეგიონამდე მიაღწია. მაღალი ალბათობით, ის კი არ ჩამოაგდეს, ჩამოვარდა, სავარაუდოდ, მიზანთან ახლოს. ეს მკაფიოდ აჩვენებს, რა დიდია პოტენციალი უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტოებით ან სხვა საშუალებებით განახორციელონ დარტყმები რუსეთის სიღრმეში, მოახდინონ ამ დარტყმების ინტენსიფიკაცია და გაზარდონ რეზულტატი იმასთან შედარებით, რაც ამ დღეებში ვიხილეთ. ეს რეალური პერსპექტივაა“,– ამბობს სამხედრო მიმომხილველი დავიდ შარპი.

სამხედრო კომენტატორი დარტყმების პრაქტიკულ მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას, ფიქრობს, რომ პირველი მასიური შეტევით სავარაუდოდ, უკრაინელებმა საკუთარი სწრაფვის დემონსტრირება მოახდინეს, რომელსაც რეალურად აქვს პერსპექტივა:

„მანამდე იყო ერთეული შემთხვევები რუსეთის სიღრმეში დარტყმების და სევასტოპოლში. ეს უკანასკნელი რუსეთი არაა, მაგრამ მანძილი შორია. თან დარტყმები საკმაოდ ზუსტი იყო. უკრაინელები მოქმედებდნენ შესაძლებლობების ფარგლებში, რომელიც ამ დრომდე ძალიან შეზღუდული იყო, მაგრამ მთელი წელი მუშაობდნენ (ამას არც მალავდნენ) საშუალებების შექმნაზე, რომელიც მიზანს რუსეთის სიღრმეში მიაღწევდა. აქ მნიშვნელოვანია, შექმნა არა ზუსტი ეგზემპლარი, არამედ მეტ–ნაკლებად ფუნქციური და აწარმოო მასიურად. ამ დღეებში კი ვნახეთ არა ერთეული, არამედ პირველი მასიური შეტევა, თან ფართო გეოგრაფიულ არეალზე რუსეთის სიღრმეში. სწორედ ამაში მდგომარეობს ამ დარტყმების პრაქტიკული მნიშვნელობა და არა სიმბოლიზმი. ეს იყო დემონსტრირება იმისა, თუ რას ისწრაფვის უკრაინა –შესაძლებლობების გაზრდისკენ, რაც ნიშნავს უფრო საიმედო და მაღალი სიზუსტის საშუალებების შექმნას. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მსგავსი პერსპექტივა რეალურად არსებობს“.

თავის მხრივ, სამხედრო მიმომხილველის აზრით, „რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა ამ გამოვლინებით შეშფოთებული უნდა იყოს, მით უფრო, რომ მათი საჰაერო თავდაცვის სისტემა (თუ გავიხსენებთ აეროდრომებზე შეტევასაც) ერთმანეთის მიყოლებით უშვებს ამ აპარატებს“:

„ის, რომ დრონმა რამდენიმე ასეული კილომეტრი გაიარა და თავისით ჩამოვარდა, მაგალითად, მოსკოვის რეგიონში, საჰაერო თავდაცვის სისტემის ჩავარდნაა. ხარვეზი გამოსწორდება და შემდეგ ჯერზე აპარატი მიზანს მიაღწევს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S